წმინდა ჰილარიუსი, არლელი ეპისკოპოსი - 05 (18) მაისი
წმინდა ჰილარიუსი, არლელი ეპისკოპოსი - 05 (18) მაისი
წმინდა ჰილარიუსი V საუკუნის პირველ ნახევარში ცხოვრობდა. ტომით გალი იყო, წარჩინებული ოჯახის მემკვიდრე.

ჰილარიუსმა ბრწყინვალე განათლება მიიღო და თავის საგვარეულო მამულებსაც წარმატებით მართავდა.

მისი ნათესავი, წმინდა ჰონორატიუსი (ხსენება 16 იანვარს) ლერინის მონასტრიდან იმ მიზეზით ჩამობრძანდა, რომ ჰილარიუსი მიწიერ საზრუნავთაგან მოეწყვიტა, თუმცა, უშედეგოდ.

მონასტერში რომ გაბრუნდა, მისი სულისთვის მხურვალედ ილოცა, რის შემდგომაც ჰილარიუსის, - ამ მართლაც ბრწყინვალე არისტოკრატს - გული შეემუსრა, წუთისოფელზე უარი თქვა, ქონება მოწყალებად გასცა და ლერინის სავანეს მიაშურა, სადაც ღონეს არ ზოგავდა წუთისოფლისთვის დაკარგული დროის ასანაზღაურებლად.

426 წელს ჰონორატიუსს არლის მღვდელმთავრად დაასხეს ხელი, ჰილარიუსიც მას გაჰყვა, მაგრამ რამდენადაც განმარტოებული მოღვაწეობის სიყვარულმა სძლია, კვლავ უკან, მონასტერში დაბრუნდა. თუმცა, როდესაც ჰონორატიუსმა გარდაცვალების წინ კვლავ მოუხმო, ჰილარიუსი დაუყოვნებლივ დაემორჩილა.

წმინდა მღვდელმთავრის გარდაცვალების (429 წელს) შემდგომ ჰლარიუსი კვლავ სავანეს დაუბრუნდა, რადგან შიშობდა, რომ ჰონორიუსის შემდგომ იგი არ გაეეპისკოპოსებინათ, თუმცა, არილელი გაედევნენ, გზიდან მოაბრუნეს და თავიანთ მღვდელმთავრად აირჩიეს.

ღირსი მამა დიდხანს უარობდა: - მხოლოდ იმ შემთხვევაში შევიმოსები ამ პატივით, თუ უფალი გაცხადებულად მიანიშნებდა.

მაშინ მართლაც აღსრულდა სასწაული, - საიდანღაც თეთრი მტრედი მოფრინდა, ჰილარიუსის თავზე დააჯდა და იქამდე არ გაფრინდა, სანამ წმინდა მამამ თანხმობა არ განაცხადა.

ხელდასხმის შემდგომ კვლავ მისთვის ჩვეულ, უმკაცრეს ღვაწლს მიეცა და პირველ რიგში სამონასტრო ერთობა დააარსა. იმ დროს იგი მხოლოდ 29 წლის გახლდათ, მაგრამ ღვთივ ბოებული სიბრძნით და მამობრივი სიყვარულით ზრუნავდა ყოველ სულზე, განსაკუთრებით - ღატაკებზე.

მათ დასახმარებლად ხშირად თავად ირჯებოდა და ხელსაქმით მოპოვებულს უმალ მოწყალებად გასცემდა, ხოლო გერმანელთაგან ტყვედქმნილ თანამემამულეთა გამოსასყიდად ყოველივე გაყიდა, მათ შორის - საეკლესიო ჭურჭელიც.

თავად კი ისეთივე უქონელი გახლდათ, როგორიც - უწინ, მუდამ ერთსა და იმავე სამოსს ატარებდა, რომლის ქვეშაც ჯვალო ეცვა.

ეს ჭეშმარიტად ღირსსაკვირველი მამა ზამთარ - ზაფხულ ფეხშიშველი იარებოდა, რბილ საწოლზე არასოდეს ეძინა, განუწყვეტელი შრომისას ფსალმუნთ გალობდა, ხოლო მისი წმინდა გონება ღვთის ხსოვნით სუნთქავდა.

ღირსი ჰილარიუსის სიტყვას განსაკუთრებული ძალა მოსავდა, რასაც სასწაულებითაც ამოწმებდა და კარგად უწყოდა, თუ ამა სოფლის ძლიერთ თუ უბრალო ხალხს როგორ მოპყრობოდა.

სახარებას, უპირველესად, ცხოვრებით ქადაგებდა და არასოდეს ერიდებოდა, ვინც უნდა ყოფილიყო, - წარჩინებული თუ მდაბიო, თუ საჭიროება მოითხოვდა, საჯაროდ ემხილებინა.

უნდა ითქვას, რომ ცოდვილთ განსაკუთრებულად ეპყრობოდა, ყოველივეს უფალს მიანდობდა და საკუთარ სულს იმგვარად განსჯიდა, თითქოს, ეს ესაა, უზენაესი მსაჯულის წინაშე უნდა წარსდგესო.

მისი ამგვარი სულიერი სიფხიზლე ფრიად გადამდები გახლდათ, - ვინც კი მის სიტყვას გაიგონებდა, ან, უბრალოდ, იხილავდა, გული სინანულით ემუსრებოდა, ხშირად კი - შემონაზვნების სურვილი უჩნდებოდათ.

მეგობართან, წმინდა გერმანე ოქსერელთან (ხსენება 31 ივლისს) ერთად, მთელი სიცოცხლე ნაირ-ნაირ ერესს ებრძოდა, უპირველესად კი - პელაგიანობას, რამდენიმე საეკლესიო კრებასაც წინამძღვრობდა, მრავალი მონასტერი დააარსა სამხრეთ გალიას მშვიდობისა და სიყვარულის სული მოჰფინა.

47 წლისა, უმკაცრესი ღვაწლისა და დაუცხრომელი შრომის შემდგომ, ჯანი მოელია, ფრიად დაუძლურდა და დაავადდა, თავის ნაცვალი დაასახელა და 449 წლის 5 მაისს ღვთივ განისვენა.

როგორც ამბობენ, წესს რომ უგებდნენ, ფსალმუნნი მხოლოდ ებრაულად ისმოდაო, რადგან არლელ ებრაელთაც სურდათ მისთვის პატივის მიგებაო.

ბეჭდვა
1კ1