ღირსი პეტრე საკვირველთმოქმედი, არგოსელი ეპისკოპოსი (X საუკუნე) - 03 ( 16) მაისი
ღირსი პეტრე საკვირველთმოქმედი, არგოსელი ეპისკოპოსი (X საუკუნე) - 03 ( 16) მაისი
ეს წმინდა კაცი დაახლოებით 850 წელს იშვა კონსტანტინოპოლში, კეთილშობილ და მდიდარ ოჯახში, რომელიც უამრავ უპოვარს ექცა მფარველად და თავშესაფრად.

ოჯახის უფროსი ვაჟი, პავლე, რომლის გულიც ბავშვობაშივე მოიწყლა ღვთის სიყვარულით, შემონაზვნდა და იმ დროის ერთ ძალზე ცნობილი მოღვაწის, სახელად – პეტრეს სიახლოვეს დასახლდა.

მის მაგალითს მომდევნო ძმამ, დიონისემაც მიბაძა, მოკლე ხანში კი მშობლებმა და უმცროსმა დამაც დაუტევეს წუთისოფელი და ანგელოზებრივი ცხოვრება ირჩიეს.

რაც შეეხება უმცროს ძმებს, პეტრესა და პლატონს, რაღაც დროით კვლავ ერში დარჩნენ, რამეთუ სწავლა უნდა დაესრულებინათ, შემდეგ კი ისინიც მონასტერში წავიდნენ.

მოკლე ხანში პეტრე იმგვარი მოშურნეობით შეუდგა ღვაწლს, თავის ყველა ძმას გარდაემატა და სხვა მონაზონთათვის ქველმოქმედების მაგალითად იქცა.

თვით მისი გარეგნობაც, შინაგანი, ღვთისმიერი სიხარულით და მადლით მოსილი, სიტყვა თუ მოძრაობაც აღძრავდა მიბაძვის სურვილს და სიმკაცრის მიუხედავად ყველას მიმართ კეთილგანწყობილი და გახსნილი გახლდათ.

ამ ჭეშმარიტად ღირსსაკვირველი მამის შესახებ მალე შეიტყო კონსტანტინოპოლის პატრიარქმა, ნეტარმა ნიკოლოზ პირველმა (ხსენება 16 მაისს) , რომელმაც პეტრეს კორინთოს მღვდელმთავრობა შესთავაზა, თუმცა, უარი მიიღო.

მაშინ ნიკოლოზმა ამ პატივით პეტრეს უფროსი ძმა, პავლე (ხსენება 27 მარტს) შემოსა, საიმდროოდ - მონასტრის იღუმენი.

პეტრემ, რომელმაც კვლავ იუარა პატრიარქისაგან ახალი შემოთავაზება, - კესარიის მთავარეპისკოპოსობა, ძმას, პავლეს კორინთოში გაჰყვა და ქალაქის სიახლოვეს ლოცვას, მდუმარებას და წმინდანთათვის სადიდებელ - საგალობელთა შექმნას მიეცა.

თუმცა, მალე უფლის ნებით მისი ღვაწლი გაცხადდა და ოდეს არგოსის ეპისკოპოსი მიიცვალა, იქაურებმა პავლეს მუხლმოდრეკით სთხოვეს, პეტრე, ძმა მისი, მათ მწყემსმთავრად დაედგინა.

პეტრე არც ამჯერად დათანხმდა და კარგა ხნის მანძილზე განერიდა იქაურობას, თუმცა, როგორც კი კორინთოში დაბრუნდა, ხალხი მაშინვე მიაწყდა და აუწყა, - სამღვდელმთავრო პატივზე შენი უარის გამო ახლადშობილნი მოუნათლავად აღესრულებოდნენ, მიცვალებულნი კი - გაუპატიოსნებელნი იკრძალებოდნენო, რის შემდეგაც პეტრე დათანხმდა.

მისი ღვაწლის აღწერა, გამორჩეული საკვირველების გამო, ფრიად საძნელოა, მხოლოდ იმას დავძენთ, რომ უშურველად გასცემდა და განიმრავლებდა იმ მადლს, რაც ღვთისგან წმინდა ცხოვრებისთვის უხვად ებოძა, პირველ რიგში კი - უღირს სასულიერო პირთაგან გაწმინდა ეკლესია, იმ ბერთ და ერისკაცთ, რომელნიც სინანულით მოიქცეოდნენ, გულრბილად შეიწყნარებდა.

ღირსი მამა განსაკუთრებულად უცხოთშემწყნარებელი და გლახაკთმოყვარე გახლდათ, - უკანასკნელ ლუკმას და საბადებელს გასცემდა და თავის სამყოფელში ყველას შეიწყნარებდა, ამასთან, არც სადაურობას ეკითხებოდა, არც - იქ მოხვედრის მიზეზს და უნუგეშოდ არავის გაუშვებდა.

927 წელს, პელოპონესში საშინელი შიმშილობისას, წმინდა პეტრემ ათასობით დამშეული დააპურა და რაც გააჩნდა, უანგარიშოდ დაარიგა.

როდესაც ერთი თასი ფქვილიღა დარჩა, ნეტარმა მამებს მისი გაცემაც უბრძანა, თუმცა, ყველას გასაოცრად, იგი კვლავ განმრავლდებოდა და კიდევ მრავალი დააპურა.

იმხანად პელოპონესს ხშირად აოხრებდნენ ხოლმე ბარბაროსნი და როდესაც რომელიმე მორწმუნეს დაუქცევდნენ სახლს, ღირსი მამა თავისი ხარჯით აღუდგენდა, ახალგაზრდებს განათლების მიღებაში შეეწეოდა და თუ სასწავლებლად შორს უწევდათ გამგზავრება, სწავლის საფასურსაც უხდიდა, მიწათმოქმედთ კი შრომის იარაღებს ჩუქნიდა.

მაგრამ ყველაზე მეტად არაბი ყაჩაღებისგან გატაცებული თანამემამულენი ეწყალვოდა, რომელთა გამოსასყიდსაც გამუდმებით აგროვებდა და მათ გამოსახსნელად პირადად ზრუნავდა.

მისმა უზომო გულმოწყალებამ ღვთისგან წინასწარხედვის და ლოცვით დემონთა განსხმის მადლი მოახვეჭინა, ხოლო 923-925 წლებში პელოპონესს დატრიალებული უბედურება წმინდა იოანე ღვთისმეტყველისგან წინასწარ ეუწყა.

ცხოვრების ბოლოს ღირსი მამა 920 წელს კონსტანტინოპოლს მოწვეულ საეკლესიო კრებაში მიიღო მონაწილეობა. სამოცდაათი წლისამ მოახლოებული აღსასრული იწინასწარმეტყელა, სამი დღის მანძილზე იავადა, სამწყსო დამოძღვრა და მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

წესის აგებისას მისი სახე საკვირველად განათდა და, თითქოს ცოცხალიაო, ოფლით დაიფარა, ღირსი მამის წმინდა ნაწილები არგოსის ტაძარში დააბრძანეს, სადაც მრავალი საუკუნის მანძილზე მრავალი სასწაული აღასრულეს.

* * *
ხსენება ღირსი იულიანია (+1393 წელი) და ევპრაქსია მოსკოველთა (+1394 წელი), მოსკოველი წმინდანის, ალექსის დებისა

* * *

ხსენება მღვდელმოწამისა ნიკოლოზისა (ბანევოლენსკი), პრესვიტერისა (+1941 წელი)

ბეჭდვა
1კ1