ღირსნი მამანი მიქაელ და არსენ ქართველნი (IX საუკუნე) - 03 (16) მაისი
ღირსნი მამანი მიქაელ და არსენ ქართველნი (IX საუკუნე) - 03 (16) მაისი
ღირსნი მამანი მიქაელ და არსენ ქართველნი, ულუმბოელნი, იერუსალიმის პატრიარქის, სერგის (843- 859 წლები) თანამედროვენი იყვნენ. არსენის შესახებ სულ რამდენიმე მინაწერი - ცნობა შემორჩა, მაგრამ იგი ქართული ეკლესიის ისტორიისათვის ფრიად მნიშვნელოვანია.

ბითვინიაში, ოლიმპოს მთაზე, არსენს და მის სულიერ ძმას, მიქაელს დაუარსებიათ პირველი ქართული მონასტერი, რის უკვდავსაყოფადაც მის სახელზე 3 მაისს მოსახსენებელი დაუწესებიათ.

იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპები მოიხსენიებს "წმინდათა მამათა ჩუენთა მიქაელ და არსენს, რომელთა აღაშენეს ულუმბოჲ".

მიქაელთან ერთად არსენი ყოფილა იერუსალიმში და იერუსალიმის პატრიარქ სერგისაგან (843-859 წლები) მიუღია ნებართვა მირონის მცხეთაში დამზადების შესახებ: "იერუსალიმით მოიღეს მცხეთას მიჰრონის კურთხევაი ბრძანებითა კრებისაითა და სერგი იერუსალიმის პატრიარქისათა".

პავლე ინგოროყვას ვარაუდით, ერთ-ერთი მოხსენიებული პირი - არსენი არის წმინდა გრიგოლ ხანძთელის მოწაფე, "კაცი შუენიერი, კეთილი მონაზონი, სრული სიბრძნითა, შვილი დიდებულთა აზნაურთა, ტომი დიდისა ეფრემ მაწყუერელ ეპისკოპოსისა". იგი ხანძთიდან ეწვია პალესტინას, სადაც მაკარი ლეთეთელთან ერთად მოღვაწეობდა, შემდეგ კი მცირე აზიაში გადავიდა და ულუმბოს მთაზე დასახლდა.

როცა ოცი წლის შემდეგ ღირსი ილარიონ ქართველი (ხსენება 19 ნოემბერს) ჩასულა ულუმბოზე, აქ მხოლოდ სამი ქართველი დახვედრია, უეჭველია, არსენისა და მიქაელის მოწაფეთაგანნი.

ორ მოწაფესთან ერთად ულუმბოზე მისულ წმინდა ილარიონ ქართველს იქაური ბერები მტრულად დახვდნენ. ბერძენთა ლავრის მამასახლისმა მათი გაძევება მოინდომა, ვითარცა "კაცთა უცხოთა და უმეცართა" ელინთა ენისა, რომელთა შესახებ არ იცოდა, "კეთილად ზრახვენ ანუ მართალი სარწმუნოებაჲ უპყრიეს".

ასეთი "უმშჯავრო" განზრახვისათვის ღვთისმშობელმა ყვედრებით უთხრა მამასახლისს: "ნუ არა უწყია, ვითარმედ მრავალნი დამკჳდრებად არიან მთასა ამას მათისა ენისა მეტყუელნი?"

ამის შემდეგ ულუმბოზე ქართველები მომრავლდნენ. X საუკუნის II ნახევარში აქ მოღვაწეობდა ღირსი იოანე (ხსენება 12 ივლისს) და მისი შვილი - ღირსი ექვთიმე (ხსენება 13 მაისს).

საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ წმინდანთა დასს შერთო ულუმბოზე ქართული მონასტრის დამაარსებელნი, ღირსნი მამანი მიქაელი და არსენი.

ოლიმპი

ოლიმპის მთა მდებარეობს მცირე აზიაში, ბითვინიაში (ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზე). საფიქრებელია, რომ ქართველები აქ IX საუკუნის შუა ხანებში დასახლდნენ და დაიწყეს სავანის აშენება, მაგრამ მხოლოდ IX საუკუნის 60-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი ქართველთა კოლონიას, ანუ, მას შემდეგ, რაც იქ ილარიონ ქართველი მივიდა თავის მოწაფეებთან ერთად, იხილა მცირე ეკლესია დაუსახლებელ ადგილას და იქ დაიწყო ცხოვრება.

ოლიმპზე ცხოვრობდა, აგრეთვე, გამოჩენილი მოღვაწე იოანე ქართველი, რომელმაც X საუკუნის 80-იან წლებში ათონის ქართულ კოლონიას დაუდო საფუძველი. იოანე ქართველი ჯერ საქართველოში ოთხთა ეკლესიაში იღვწოდა, შემდეგ - ულუმბოს მთაზე წავიდა და ათანასე ათონელთან ერთად განაგრძო მოღვაწეობა.

ოლიმპის, ანუ ულუმბოს მთაზე ქართველები რამდენიმე სავანეში ყოფილან. ესენია: ღვთისმშობლის ეკლესია და კრანიას ლავრა. ოლიმპელ ქართველთა შორის იყვნენ მიქაელ-ზეკეპე ბერთელი, იოანე კახი, გრიგოლ მოძღვარი, საბა კუტი, იოანე მმოსველი და სხვანი.

ბეჭდვა
1კ1