კეთილმსახური, მოციქულთა სწორი ბორისი, წმინდა ნათლისღებით - მიქაელი, ბულგარელთა მეფე (907 წელი) - 02 (15) მაისი
კეთილმსახური, მოციქულთა სწორი ბორისი, წმინდა ნათლისღებით - მიქაელი, ბულგარელთა მეფე (907 წელი) - 02 (15) მაისი
სახელგანთქმული ხელმწიფე, ბორისი IX საუკუნეში დაიბადა და წარმართი გახლდათ. ქრისტეს ნათელს დამ და ბიძამ, სახელად - ენრაბოტმა აზიარეს. ბიძამისი მოწამებრივად აღესრულა.

852 წელს, მეფედ კურთხევის შემდგომ ჯერ კათოლიკე მისიონერებს მიმართა დასახმარებლად, მაგრამ შემდგომ, გაისიგრძეგანა რა ბიზანტიის სულიერი თუ კულტურული აღმატებულება, თვით იმპერატორ მიხეილ მესამეს სთხოვა, თავადაც მოენათლა და თავისი ხალხიც.

მართლაც, 864 წელს, დუნაის ბულგარეთის ძველ დედაქალაქ პლისკეში დიდი ზარ-ზეიმით მონათლა ბიზანტიიდან ამისთვის საგანგებოდ წარგზავნილმა მღვდელმთავარმა მიხეილის სახელით.

მას მიჰბაძა და მალევე ნათელ იღო ქვეყნის დიდმა ნაწილმაც, კონსტანტინოპოლის წმინდა პატრიარქმა, ფოტიოს დიდმა (ხსენება 6 თებერვალს) ახლად ნათელღებულს ჯერ წერილობით მიმართა და ქრისტიანი ხელმწიფის მოვალეობანი გააცნო, შემდეგ კი ბულგარეთს მისიონერნიც გაუგზავნა.

წმინდა ბორისი დიდად ცდილობდა ახალგაზრდა ეკლესიის გაძლიერებას და იმედოვნებდა, რომ ოდესმე ის დამოიკიდებლობას მოიპოვებდა.

თუმცა, მისი ეს სურვილი კონსტანტინოპოლს არ გახარებია, რის შემდეგაც წმინდა მეფემ კვლავ რომის პაპს სთხოვა შეწევნა.

რომმა მაშინვე აფრინა ბულგარეთს ლათინური ლიტურგიკული პრაქტიკის დასანერგად მისიონერები, თუმცა, წმინდა მეფე მალევე მიხვდა, თუ რაოდენ სახიფათო იყო დასავლეთზე არა მხოლოდ ეკლესიური, პოლიტიკური კავშირიც და მაშინვე განდევნა კათოლიკე მისიონერნი.

870 წლის მარტში საეკლესიო კრებამ ბულგარეთის ეკლესია კონსტანტინოპოლს დაუქვემდებარა, ბიზანტიიდან მთავარეპისკოპოსიც ჩამობრძანდა ათი ეპისკოპოსის თანხლებით, რის შემდეგაც პატრიარქმა ეგნატემ ბულგარეთში ადგილობრივი სასულიერო იერარქიის სამართავად კლირიკოსნიც გამოგზავნა.

885 წელს წმინდა კირილესა და მეთოდეს ხუთმა მოწაფემ - კლიმენტიმ, ნაუმიმ, ანგელარმა, ჰორაზდმა და საბამ იდვეს თავს ბულგარეთში სამისიონერო ღვაწლი. მოკლე ხანში კი, წმინდა მეფის დიდი თანადგომით ბულგარეთის მიწა მრავალი ტაძრით და მონასტრით განბრწყინდა.

888 წელს წმინდა ხელმწიფემ ტახტზე უარი თქვა და მონასტერს შეერთო, მაგრამ ოდეს მისმა შვილმა, ვლადიმირმა (888 - 893 წლები) მამის აღშენებულის მიწასთან გასწორებას და წარმართობის აღორძინებას შეეცადა, ბორის - მიხეილმა საბერო კაბა გაიხადა, საომრად შეიჭურვა, ვლადიმირი დაამხო და მის ნაცვლად უმცროსი ვაჟი, სვიმონი გაამეფა, ქვეყანაში წესრიგი აღადგინა და შემდგომ კვლავ მონასტერს დაუბრუნდა.

ეს ღვაწლმრავალი მეფე 907 წლის 2 მაისს მიიცვალა.

ბეჭდვა
1კ1