წმინდა ათანასე, პატრიარქი კონსტანტინოპოლისა - 02 (15) მაისი
წმინდა ათანასე, პატრიარქი კონსტანტინოპოლისა - 02 (15) მაისი
წმინდა ათანასე კრეტაზე, ქალაქ რეფიმნოში 1597 წელს დაიბადა.

იგი ძალზე წარჩინებული გვარის, ბიზანტიის საიმპერატორო შტოს, პალეოლოგთა დინასტიის ნათესავი გახლდათ და ბრწყინვალე, თან - მრავალმხრივი განათლება მიიღო, თუმცა, მაღალი წრისთვის ჩვეულმა თავშესაქცევებმა, ამქვეყნიურმა სიამეებმა და წარმავალმა დიდებამ მისი სიწმინდისკენ მიდრეკილი ბუნება ვერაფრით მოხიბლა.

მამის გარდაცვალების შემდგომ ათანასე ერთ თესალონიკურ მონასტერში აღიკვეცა, მოგვიანებით კი - სამოღვაწეოდ ათონზე გადავიდა.

მალე სახელი გაითქვა, როგორც უებრო მქადაგებელმა, წმინდა წერილის მცოდნემ და ღვთისმშობლისა და სხვა წმინდანთადმი მიძღვნილ საგალობელთა ავტორმა.

მის ხელთაგან გადმოთარგმანდა ებრაულიდან ახალბერძნულზე ფსალმუნნი, კუნძულ პატმოსზე, წმინდა მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარში რომ ინახებოდა.

1626 წელს ღირსი მამა ვალახეთში (ამჟამინდელ რუმინეთში) გაამწესეს, სადაც ადგილობრივებსა და მოლდაველებს შორის ღვთის სიტყვას ქადაგებდა.

კონსტანტინოპოლის პატრიარქმა, კირილე პირველმა ათანასე კონსტანტინოპოლის კათედრაზე ჯერ მქადაგებლად დაადგინა, 1631 წელს კი - თესალონიკის მღვდელმთავრად.

1634 წლის მარტში, თურქთაგან კონსტანტინოპოლის პატრიარქის, კირილე პირველის განდევნის შემდგომ, მის ნაცვლად ათანასეს დაასხეს ხელი, ხოლო როგორც კი კირილე დევნილობიდან კვლავ დედაქალაქს დაუბრუნდა, ღირსმა მამამ საპატრიარქო პატივზე უარი თქვა და კვლავ ათონს განმარტოვდა.

შემდგომ ერთი წელი იტალიაში იღვაწა, სადაც რომის პაპმა გაკათოლიკება და კარდინალად ხელდასხმა შესთავაზა, მაგრამ ათანასემ მართლმადიდებლობას უერთგულა.

1638 წლიდან ღირსი მამა კვლავ თესალონიკის კათედრას მართავს, რომლის თურქთაგან შევიწროვებული მრევლი უკიდურესად საჭიროებდა საღვთისმსახურო ლიტერატურას, საეკლესიო ნივთებს და შესამოსელს.

ღირსმა ათანასემ რამდენიმეგზის იმოგზაურა რუსეთში და წმინდა ადგილნიც მოილოცა, 1654 წელს, რუსეთიდან დაბრუნებისას მძიმედ დასნეულდა ქალაქ ლუბნის ფერიცვალების სახელობის მონასტერში შეყოვნდა, სადაც 5 აპრილს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

გამოხდა თორმეტი წელი და 1666 წლის 1 თებერვალს ღირსი ათანასეს წმინდა ნაწილნი აღმოყვანებისას უხრწნელად ჰპოვეს, მათგან მრავალმა მიიღო კურნება.

დღეს მისი წმინდა სხეული ხარკოვის ღვთის განცხადების სახელობის საკათედრო ტაძარში განისვენებს.

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1