ღირსი მამა პაფნუტი ბოროვსკელი - 01 (14) მაისი
ღირსი მამა პაფნუტი ბოროვსკელი - 01 (14) მაისი
ღირსი პაფნუტი კალუგის მიწაზე, ქალაქ ბოროვსკიდან ხუთ კილომეტრში მდებარე სოფელ კუდინოვოში 1394 წელს დაიბადა.

ოცი წლისა იყო, ბოროვსკის ღვთისმშობლის საფარველის სახელობის სავანეს რომ შეერთო, სულიერ მამად კი წმინდა სერგი რადონეჟელის მოწაფე, ხუცესი ნიკიტა აირჩია.

განვლო შვიდმა წელმა და ნიკიტა კვლავ იმ მონასტერს დაუბრუნდა, სადაც თავისი ბერული ცხოვრება დაიწყო, ხოლო პაფნუტი, რომელიც ქველი საქმეებით გაბრწყინდა, ბოროვსკის სავანის იღუმენად აირჩიეს.

ცამეტი წლის მანძილზე ჰმოძღვრიდა თავისი წმინდა ცხოვრებით, უძილო ლოცვით, მოუღლელი ღვაწლით და მორჩილებით სამწყსოს ეს სახიერი მოღვაწე, ხოლო ოდეს მძიმე სენმა მოიხილა, იღუმენობაზე უარი თქვა, დიდი სქემით შეიმოსა და თავი სრულებით მიუძღვნა სულიერ ცხოვრებას. სავანე მოწაფესთან ერთად დატოვა და მდინარე ისტერვის მარცხენა სანაპიროზე დაფუძნდა.

თუმცა, მოკლე ხანში იქაც ფუტკრებივით მოიზიდა ახალი მოწაფენი, რომლებმაც მისი სკიტის გარშემო სენაკები აღაშენეს, ღვთისმსახურებისთვის კი - ღვთისმშობლის შობის სახელობის ხის ტაძარი, 1448 წელს მიტროპოლიტმა იონამ რომ აკურთხა.

მამა, რომელმაც აქაურობას სული ჩაუდგა და ამდენ ადამიანს ექცა გზამკვლევად და საკუთარი ცხოვრებით შესძინა ის, რაც მონაზონთათვის უმთავრესია, ყველაზე უბადრუკ და მოუწყობელ სენაკში ცხოვრობდა.

ორშაბათობით და პარასკევობით ნამცეცსაც არ იხმევდა, ოთხშაბათს კი - მხოლოდ პურს, კვირის დანარჩენ დღეებში კი ტრაპეზს ძმებთან ერთად ინაწილებდა და მაშინაც მცირეოდენს გეახლებოდათ.

მოწყალებას - ქრისტიანულ სათნოებათაგან უპირველესად მიიჩნევდა და შიმშილობის ჟამს მონასტრის დანაზოგით ყოველდღიურად ათას ადამიანზე მეტს ასაზდროებდა და ხშირად იხსენებდა ხოლმე, თუ როგორ გაუჭირდა ერთ ღატაკთმოყვარე გარდაცვლილის სულს ცეცხლის მდინარის გადალახვა, რომ ედემს შერთვოდა და როგორ გაედვნენ ხიდად მის ხელთაგან წყალობამიღებული უპოვარნი მის საშველად.

რამდენადაც სუსტთ შეიწყნარებდა, იმდენად მკაცრად ეპყრობოდა ძლიერთა ამა ქვეყნისათა.

მისი სიმკაცრით გაგულისებულმა ბოროვსკელმა თავადმა, ვასილ იაროსლავის ძემ ერთხელ მისი სავანის გადასაბუგად ვინმე თათარიც კი მიგზავნა, თუმცა, ამ ყოვლადკეთილმა მამამ ავისმომქმედი იმგვარი სიყვარულით მიიღო, ამ უკანასკნელმა განზრახვაზე უარი თქვა და შეინანა.

მოგვიანებით თავად პაფნუტის მომტერე თავადიც ჩაუვარდა მტერს ხელში და როდესაც გაქცევა მოახერხა, შეიტყო, რომ მის გადასარჩენად წმინდა მამა მთელი ამ ხნის მანძილზე მოუღლელად ლოცულობდა.

მაშინ კი ეახლა პაფნუტის გულშემუსვრილი თავადი, შეინანა და დარჩენილი სიცოცხლის მანძილზე უდიდეს პატივს მიაგებდა მისთვის ესოდენ დამაშვრალ ღვთისკაცს.

ბოროვსკელი დიდებულის ამბავი მალე სხვა თავადებმაც შეიტყვეს და რჩევისა და ლოცვა - კურთხევის მისაღებად მრავალმა მათგანმა მიაკითხა.

მოკლე ხანში მონაზონთა რიცხვი გაიზარდა, შემოწირულობათა წყალობით, სავანეში დიდი ქვის ტაძარი ააგეს და 1466 წელს ფრესკებითაც განამშვენეს.

წმინდა მამა მოწაფეებს, რომელთა შორისაც წმინდა იოსებ ვოლოცკიც (ხსენება 9 სექტემბერს) გახლდათ, ყოვლის უჩივლელად და უსიტყვოდ დათმენისკენ მოუწოდებდა, ხოლო როდესაც ერთმა თვალდაზიანებულმა მონაზონმა მიაკითხა, - მიშველეო, პაფნუტიმ იესოს ლოცვის ათასგზის წაკითხვა ურჩია.

სნეულს ლოცვა ჯერ სანახევროდაც არ გაესრულებინა, თვალი რომ განუმრთელდა და როდესაც მადლობის სათქმელად მოძღვარს მიაკითხა, ღირსმა მამამ შეაჩერა და ოვნებლივ დაუყლოცვის დასრულება უბრძანა.

თვისი გარდაცვალება ღვთისგან ერთი კვირით ადრე ეუწყა, სავანის ძმებს უხმო, კიდევ ერთხელ დამოძღვრა, სული უფალს შეჰვედრა და 1477 წელს ღვთივ განისვენა.

ბეჭდვა
1კ1