წმინდა სტეფანე, პერმელი ეპისკოპოსი (+1396) - 26 აპრილი (9 მაისი)
წმინდა სტეფანე, პერმელი ეპისკოპოსი (+1396) - 26 აპრილი (9 მაისი)
წმინდა სტეფანე დაიბადა დაახლოებით 1340 წელს უსტუიჟელში. მისი მამა, რუსი სიმეონი, მედავითნე იყო.  სტეფანეს დედა ღვთისმოსავი ქრისტიანი ქალი გახლდათ, მის ძარღვებშიც რუსული სისხლი ჩქეფდა. კეთილმორწმუნე ქრისტიანი მშობლების შვილი გამორჩეული და ღვთივსათნო იყო ადრეული ბავშვობიდან. დედის, მარიამის შემწეობით სტეფანემ ბავშვობიდანვე გამოიჩინა არაჩვეულებრივი გულმოდგინება საეკლესიო მსახურებაში: ერთ წელიწადში შეისწავლა კითხვა და მამას ეხმარებოდა ღვთისმსახურებაში.

წმინდანი ახალგაზრდობაში აღიკვეცა როსტოვის გრიგოლ ღვთისმეტყველის სახელობის მონასტერში. წმინდა სტეფანეს შესახებ ჰყვებიან, რომ იგი ბავშვობიდანვე საოცრად შრომის-მოყვარე იყო, სიყრმიდანვე უყვარდა კითხვა, იყო წიგნების გადამწერი, სიღრმისეულად შეისწავლა ძველი და ახალი აღთქმა და მას შემდეგ, რაც ბერად შედგა, მათი განმარტებაც დაიწყო; მონასტერში მდიდარი წიგნსაცავი იყო. სტეფანეს სურდა, რომ მამათა ცხოვრებებს ორიგინალში გასცნობოდა, ამიტომ ბერძნული ენა შეისწავლა. როსტოვის ეპისკოპოსმა არსენმა (1374-1380) მას ბერ-დიაკვნად დაასხა ხელი. 1379 წელს წმინდა სტეფანე კოლომნის ეპისკოპოსს, გერასიმეს ეახლა და კურთხევა სთხოვა, წარმართთა ქვეყანაში - პერმში ჩასულიყო საქადაგებლად. გერასიმე დათანხმდა სტეფანეს. ცეცხლთაყვანისმცემლებთან სასაუბროდ წმინდანმა მათი ენა შეისწავლა, საეკლესიო წიგნები მათივე ენაზე თარგმნა და გადაწერა კიდეც. პერმში მრავალი ცეცხლთაყვანისმცემელი ქრისტიანობაზე მოაქცია - დღე და ღამე ესაუბრებოდა და შეაგონებდა მათ. შემდეგ მოიარა მთელი პერმი, აქრისტიანებდა კერპთაყვანისმცემლებს, ქალაქებსა და სოფლებში ეკლესიებს აშენებდა, აკურთხებდა მღვდლებს. 1383 წელს წმინდა სტეფანე აკურთხეს პერმის ეპისკოპოსად. ის ერთგულად მწ-ყემსავდა თავის სამწყსოს, იცავდა სხვა ტომთა თავდასხმისაგან, შუამდგომლობდა მათ. მღვდელმთავარი სტეფანე ხალხს მოწყალებას ურიგებდა, კვებავდა ღატაკებს. მის ცხოვრებაში ნათქვამია, რომ ბევრი იღვაწა ადამიანების გადასარჩენად და პერმელთა ქრისტიანობაზე მოსაქცევად.1390 წელს ეპისკოპოსი ეკლესიის საქმეებზე მოსკოვში გაემგზავრა. წმინდა სტეფანეს მხურვალედ უყვარდა სერგი რადონეჟელი და ძალიან უნდოდა მისი ნახვა, მაგრამ დროის სიმცირის გამო ვერ ახერხებდა მონასტერში მისვლას. როდესაც პერმის მღვდელ-მთავარმა სერგის სავანის შორიახლოს, 8 ვერსიის მანძილზე გაიარა, მონასტრის გასწვრივ გაჩერდა (ამ ადგილზე შემდეგ სამლოცველო აშენდა) და თაყვანის სცა ღირს მამას სიტყვებით: "მშვიდობა შენდა, სულიერო ძმაო!". ამ დროს წმინდა ბერი, რომელიც ძმებთან ერთად სატრაპეზოდ იჯდა, ადგა, ილოცა და თაყვანის-სცა ეპისკოპოსს შემდეგი სიტყვებით: "გიხაროდეს შენც, ქრისტეს სამწყსოს მწყემსო, უფლის მადლი და კურთხევა დაე მუდამ იყოს შენთან!". ნატრაპეზევს ძმებს განუცხადა, - ერთი საათის წინ ჩვენი მონასტრის პირდაპირ შეჩერდა მოსკოვში მიმავალი ეპისკოპოსი სტეფანე, თაყვანი სცა სამებას და დაგვლოცა ჩვენ ცოდვილებიო. ამ მოვლენის აღსანიშნავად მონასტერში დამკვიდრდა ასეთი ჩვეულება: ტრაპეზზე ბოლო კერძის შემოტანის წინ რეკს ზარი, ყველა ფეხზე დგება. მორიგე ბერი წარმოთქვამს: "ლოცვითა წმინდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესუ ქრისტე, შეგჳწყალენ ჩუენ!". ამის შემდეგ სხდებიან და ტრაპეზს ამთავრებენ.

1395 წელს წმინდა სტეფანე კვლავ გაემგზავრა მოსკოვში სამწყსოს საქმეების მოსაგვარებლად და იქვე აღესრულა. მის შემდეგ პერმის საეპისკოპოსო ტახტი წმინდა გერასიმე ველიკოპერმელმა დაიკავა. პერმის განმანათლებელ სტეფანეს ეკლესია ძველი სტილით 26 აპრილს (ახალი სტილით 9 მაისს) იხსენიებს.

...............................
ძველი სტილით 26 აპრილს (ახალი სტილით 9 მაისს) მართლმადიდებელი ეკლესია ასევე იხსენიებს ღირს იოანიკე დევიჩენსკელის (სერბი) წმინდა ნაწილთა აღმოყვანებას (XIII)

ბეჭდვა
1კ1