წმინდა სილიბისტრო ობნორელი (პოშეხონელი, +1379) - 25 აპრილი (8 მაისი)
წმინდა სილიბისტრო ობნორელი (პოშეხონელი, +1379) - 25 აპრილი (8 მაისი)
წმინდა სილიბისტრო XIV საუკუნის მამაა. მისი წარმომავლობისა და დაბადების ადგილის შესახებ ცნობილი არაა. ვიცით მხოლოდ ის, რომ ბერმონაზვნობის აღთქმა მან წმინდა სერგი რადონეჟელის წინაშე დადო მისსავე მონასტერში. სილიბისტროს განდეგილობა სურდა.

ღირსი სერგის კურთხევით, დატოვა მონასტერი, წავიდა შორს ჩრდილო-აღმოსავლეთით და დაემკვიდრა იაროსლავის ოლქში მდინარე ობნორას პირას. იქ იმ დროს გაუვალი ტყე იყო. დასახლება არც ტყის გარშემო გახლდათ. ბერმა კელია ააშენა და შეუდგა განდეგილის ღვაწლის ტვირთვას, ლოცვაში ათენ-აღამებდა. დიდხანს არავინ იცოდა უღრან ტყეში მისი მოღვაწეობის შესახებ. ერთხელ იმ მხარის ერთ-ერთ მცხოვრებს ტყეში გზა დაეკარგა და სრულიად შემთხვევით ღირსი მამის კელიას მიადგა. მგზავრი გაეცნო განდეგილ ბერს და უთხრა, რომ ტყეში მიმავალი შორიდან ხედავდა, როგორ ეშვებოდა ზეციური სხივები ღრუბლებიდან ბერის კელიის თავზე. სილიბისტრო დაამწუხრა ამ ამბავმა. მას არ სურდა სხვასაც გაეგო მისი ადგილსამყოფლის შესახებ. მგზავრმა გამოკითხა ბერს, თუ როგორ ცხოვრობდა მარტო. სილიბისტრომაც უამბო, რომ იკვებებოდა ხის ქერქითა და ფესვებით.

მგზავრი დაემშვიდობა ღირს ბერს და წავიდა. რამდენიმე ხნის შემდეგ ის კვლავ დაბრუნდა სილვესტერთან და პური და ფქვილის მარაგი მოუტანა. ტყეში გზააბნეული მგზავრის შემთხვევითი შეხვედრა განდეგილ ბერთან გახდა საკმარისი, რომ წმინდა სილიბისტროს მოღვაწეობის შესახებ ცნობილი გამხდარიყო იმ მხარეში. ბერთან სიარული დაიწყეს საერო პირებმა სულისთვის სასარგებლო საუბრების მოსასმენად და სულიერი რჩევების მისაღებად. მნახველებს საკვებიც მიჰქონდათ ბერთან. ზოგი რჩებოდა კიდეც ღირს სილიბისტროსთან და მისი კურთხევისა და ზედამხედველობით ასკეტურ ცხოვრებას იწყებდა. წმინდა სილიბისტრომ ახალი კელიების აშენება დაიწყო. ასე გამრავლდა ქრისტეს საძმო განდეგილი ბერის კელიის გარშემო უღრან ტყეში. ღვთის ტაძრის აშენების საჭიროებაც დადგა. სილიბისტრო გაემგზავრა მოსკოვში და მიტროპოლიტ ალექსის სთხოვა კურთხევა ტაძრის ასაშენებლად. პარტიარქი სიხარულით დათანხმდა და მდინარე ობნორის ოლქში პირველი მონასტრის იღუმენადაც დაადგინა ღირსი ბერი. იღუმენმა სილიბისტრომ მონასტრის საძმოსთან ერთად ააშენა მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარი. ამის შემდეგ კიდევ უფრო ბევრი მნახველი ჰყავდა მას. რჩევისთვის მასთან მიდიოდნენ უბრალო ადამიანებიც და თავადებიც. ზოგი სინანულს გამოხატავდა და აღსარებას ეუბნებოდა ღირს მამას, ზოგიც სასარგებლო რჩევა-დარიგებას იღებდა.

როგორც კი დროს ნახავდა, იღუმენი განმარტოვდებოდა ტყეში და ლოცვაში ათენებდა, შემდეგ ისევ მონასტერში ბრუნდებოდა, სადაც გამრავლებულ საძმოსთან ერთად ბე¬ვრი მნახველიც ელოდა.

გავიდა დრო და იღუმენი სილიბისტრო მძიმედ დასნეულდა. მისი სარეცლის გარშემო შეიკრიბა დამწუხრებული მონასტრის საძმო. "ნუ დამწუხრდებით, ჩემო საყვარელო ძმებო, - მიმართა მათ ღირსმა სილიბისტრომ, - ყველაფერი ღვთის ნებაა, მისდიეთ მის მცნებებს, ნუ შეგაშინებთ ამ ცხოვრებაში თავსდატეხილი უბედურება და განსაცდელი, დაითმინეთ და ზეციურ სასუფეველში მიიღებთ ჯილდოს... ევედრეთ უფალს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომ განაგრძოთ ამ მონასტერში მოღვაწეობა და დაგიცვათ ბოროტისაგან".

წმინდა იღუმენი სილიბისტრო გარდაიცვალა 1379 წლის 25 აპრილს, წმინდა მოციქულის და მახარებლის მარკოზის ხსენების დღეს. იგი მისსავე აგებულ მაცხოვრის აღდგომის ტაძრის მარჯვენა ნაწილში დაკრძალეს. მის დაარსებულ მონასტერს არსებობა არ შეუწყვეტია, იგი ოთხასზე მეტი წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა. ღირსი მამის საფლავზე სასწაულები აღესრულებოდა.

ბეჭდვა
1კ1