წმინდა მაკედონიუსი, კონსტანტინოპოლის პატრიარქი (+516) - 25 აპრილი (8 მაისი)
წმინდა მაკედონიუსი, კონსტანტინოპოლის პატრიარქი (+516) - 25 აპრილი (8 მაისი)
წმინდა მაკედონიუსი, 496-511 წლებში მართავდა კონს-ტანტინოპოლის სამწყსოს. იგი მკაცრად დაუპირისპირდა ევტიქის მწვალებლურ სწავლებას. ევტიქი არქიმანდრიტი გახლდათ და კონსტანტინოპოლის ერთ-ერთ მონასტერში მოღვაწეობდა. იგი თავიდან ნესტორის გააფთრებულ მოწინააღმდეგედ ითვლებოდა. გაგახსენებთ, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქ ნესტორის აზრით, ყოვლადწმინდა მარიამისაგან იშვა არა თვითონ ღმერთი, არამედ სამოსელი, რომელსაც ძე ღმერთი უნდა შეემოსა, იგივე ტაძარი, რომელშიც ძე ღმრთისა უნდა დამკვიდრებულიყო, შესაბამისად ყოვლადწმინდა ქალწულიც ქრისტეს მშობელი იყო და არა ღვთისმშობელი. მისი მწვალებლური სწავლების თანახმად, ქრისტე მხოლოდ კაცია, რომელშიც სულიწმიდის საშუალებით ჩასახლდა სიტყვა - ღმერთი (ლოგოსი). ნესტორის მოწინააღმდეგე ევტიქი თავად ჩავარდა საპირისპირო უკიდურესობაში და დაიწყო მტკიცება, რომ უფალ იესო ქრისტეში კაცობრივი ბუნება სრულად შთანთქა ღვთაებრივმა, ამიტომაც მაცხოვარში მხოლოდ ეს ერთი - ღვთაებრივი ბუნება უნდა იქნეს აღიარებული. ამრიგად, ევტიქის მტკიცებით, იესო ქრისტეში იყო ერთი ღვთაებრივი ბუნება და ერთი ნებისყოფა. სწორედ ამიტომ ევტიქის ამ მწვალებლურ სწავლებას მონოფიზიტობა ეწოდა. ევტიქის ერესის წინააღმდეგ გამოსვლისათვის იმპერატორმა ანასტასი I-მა (491-518) პატრიარქი მაკედონიუსი პაფლაგონიაში გადაასახლა, სადაც 516 წელს გარდაიცვალა. მისი ცხედარი დასაფლავებულია კონსტანტინოპოლში, წმინდა კალინიკეს ეკლესიაში. წესის აგებისას გარდაცვლილმა მღვდელმთავარმა პირჯვარი გადაისახა.

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1