ღირსი თომა სალოსი (+დაახლ. 546-560) - 24 აპრილი (7 მაისი)
ღირსი თომა სალოსი (+დაახლ. 546-560) - 24 აპრილი (7 მაისი)
ღირსი თომა VI საუკუნის სირიელი ბერი გახლდათ. ის კაპადოკიის კესარიის ერთ-ერთ მონასტერში ცხოვრობდა. ერთ დღეს თომას მონასტრისთვის შემოწირულობების შეგროვება დაავალეს. სირიის ანტიოქიაში ჩასულმა ნეტარმა მამამ სალოსობის ღვაწლი იტვირთა. ღირსი ბერი ხელგაწვდილი დადიოდა და მოწყალებას ითხოვდა. ღირსი თომას ხელგაწვდილი სიარული ერთ-ერთი ეკლესიის იკომონოს ანასტასის მობეზრდა და სილა გააწნა მას. თვითმხილველები შეძრწუნდნენ ანასტასის საქციელის გამო და უსაყვედურეს კიდეც. ღირსმა თომამ დაამშვიდა ისინი და უთხრა: "ამიერიდან არაფერს მივიღებ ანასტასისაგან, ვერც ის შეძლებს ვერაფრის მოცემას". ეს სიტყვები წინასწარმეტყველური აღმოჩნდა. მეორე დღეს ანასტასი გარდაიცვალა, მონასტერში გამობრუნებული ღირსი თომა კი გზაში, ქალაქ დაფნის გარეუბანში, წმინდა ექვთიმეს ეკლესიაში აღესრულა.

ბერი უპატრონო მიცვალებულების სასაფლაოზე დაკრძალეს. გავიდა დრო და ღირსი თომას საფლავზე ქალი დამარხეს. ოთხი საათის შემდეგ მიწამ კუბო ამოაგდო. ქალი ხელმეორედ მიაბარეს მიწას, თუმცა იგივე განმეორდა. გავიდა დრო და სხვა ქალი მიაბარეს მიწას სალოსი თომას საფლავზე, მაშინაც არ მიიღო მიწამ მიცვალებული. მომხდარის შესახებ აცნობეს ანტიოქიის პატრიარქ დომნას (546-560). პატრიარქმა ბრძანა, ღირსი ბერის ნაწილები ანტიოქიაში გადაესვენებინათ. ასეც მოხდა, სალოსი ბერის წმინდა ნაწილები ანტიოქიაში ისეთ საძვალეში ჩაასვენეს, სადაც მრავალი წმინდანის ნაწილები განისვენებდა. შემდგომ იმ ადგილას ააშენეს პატარა ეკლესია. სალოსი ბერი ხშირად შეეწეოდა ანტიოქიის ქრისტიანებს. ერთხელ მისდამი აღვლენილი ლოცვებით ანტიოქიაში შეწყდა შავი ჭირის ეპიდემია. იმ დროიდან ანტიოქიელები ყოველწლიურად აღ¬ნიშნავდნენ წმინდა თომას ხსენების დღეს. ეს დღე კი ძველი სტილით 24 აპრილია.

ნახატის წყარო
ბეჭდვა
1კ1