წმინდა ანასტასი სინელი, პატრიარქი ანტიოქიისა (+599) - 20 აპრილი (3 მაისი)
წმინდა ანასტასი სინელი, პატრიარქი ანტიოქიისა (+599) - 20 აპრილი (3 მაისი)
წმინდა ანასტასი I, ანტიოქიის პატრიარქი სინას მთაზე მოღვაწეობდა და ამის გამო ხშირად სინელსაც უწოდებენ. იგი პატრიარქ დომნა-უმცროსის გარდაცვალების შემდეგ ავიდა პატრიარქის ტახტზე 561 წელს, იმპერატორ იუსტინიანეს (527-565) დროს. ამ დროს მონოფიზიტური მწვალებლობა გავრცელდა და იმპერატორმაც თავიდან მწვალებელთა მხარე დაიჭირა. წმინდა ანასტასი თავისი ცნობილი ეპისტოლეებით მიმართავდა ყველა ქრისტიანულ ეკლესიას და მოუწოდებდა, დაეცვათ მოძღვრება ქრისტეს ორი ბუნების შესახებ. ხოლო ეკლესიაში ყოველდღიური ქადაგებით ცდილობდა, განემტკიცა მართლმადიდებლური დოგმატი. ერესით დაბნეული მრევლი სასოებით უგდებდა ყურს პატრიარქის სიტყვებს.

ამ ყველაფრის შესახებ შეიტყო იუსტინიანემ და კონსტანტინოპოლის პატრიარქ ევტიქიოსივით მისი ტახტიდან ჩამოგდება გადაწყვიტა, მაგრამ უეცრად სიკვდილის მოახლოება იგრძნო და თავისი განზრახვა დაუტევა. მომაკვდავმა მეფემ შეინანა მართლმადიდებლობის წინაშე თავისი შეცოდება და და დაწერა ლოცვა "მხოლოდშობილი ძე და საღმრთო სიტყვა", რომელიც საღვთო ლიტურგიაზე იგალობება. მასში გამოხატულია მართლმადიდებლური სწავლება იესო ქრისტეს ორ ბუნებაზე. იუსტინიანემ ანდერძით დაიბარა, რომ პატრიარქი ევტიქიოსიც დაბრუნებოდა თავის კათედრას. ეკლესიაში კვლავ მშვიდობამ დაისადგურა, მაგრამ მცირე ხნით. ტახტზე ავიდა იუსტინეს ძმისშვილი იუსტინე-უმცროსი (565- 578), რომელმაც, ერეტიკოსების ჩაგონებით, დევნა დაუწყო წმინდა ანასტასის. მას საეკლესიო ქონების განიავებას და მეფის დაცინვას აბრალებდნენ, თითქოს მას ეთქვას, "ფულს იმიტომ ვხარჯავ, რომ სოფლის დამღუპველმა იუსტინემ არ წამართვასო. სხვა მიზეზსაც ასახელებდნენ, როცა წმინდა ანასტასი პატრიარქის ტახტზე ავიდა, მაშინ იუსტიანე უმცროსი, ბიძამისის იუსტინიანეს სამეფო პალატების მმართველი იყო და ამ ხარისხში აყვანისთვის ანასტასისგან ქრთამს ელოდა. მაგრამ ანასტასიმ არაფერი მისცა და განრისხებული ხელსაყრელ დროს ეძებდა სამაგიეროს მისაზღავად, და აი ცილდაწამებული პატრიარქი მან 572 წელს გადაასახლა კიდეც.

გადასახლებაში წმინდა ანასტასიმ რამდენიმე ზნეობითი და დოგმატური შინაარსის თხზულება დაწერა, ასევე ბერძნულად თარგმნა წმინდა გრიგოლ დიალოღოსის თხზულება "საღმრთო მსახურების შესახებ".

ანასტასის განდევნის შემდეგ ანტიოქიის პატრიარქად, მისი ნების წინააღმდეგ დაადგინეს ფარანის ლავრის იღუმენი გრიგოლი, ასევე სათნოებით გამორჩეული ადამიანი, რომელსაც ქებით მოიხსენიებს "ლიმონარში" სოფრომ იერუსალიმელი. იმპერატორ მავრიკიოსის დროს, როცა გრიგოლი გარდაიცვალა, წმინდა ანასტასი ოცდასამწლიანი გადასახლების შემდეგ უკან დაუბრუნდა ანტიოქიის კათედრას.

ამ დროს რომის პაპი იყო წმინდა გრიგოლ დიალოღოსი და მათ ერთმანეთში სულიერი მეგობრობა და მიმოწერა ჰქონდათ. დიდად გაიხარა წმინდა გრიგოლმა მისი დაბრუნებით და აღრფთოვანებულმა ეპისტოლეც გამოუგზავნა. მოკლედ, 596 წელს პატრიარქი დაბრუნდა გადასახლებიდან და 6 წელი კვლავ კეთილად განაგებდა სამწყსოს, და მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

წმინდა იოანე კიბისაღმწერელის ცხოვრებაში მოთხრობილია, თუ როგორ უწინასწარმეტყველა წმინდა ანასტასიმ მას მომავალი:

როდესაც წმინდა ანასტასიმ ახალაღკვეცილი ბერი იოა¬ნე იხილა, ამბა მარტვირის ჰკითხა:

- მითხარი, მამაო, საიდან გყავს ასეთი მოწაფე?

- სულ ახლახან აღვკვეცე იგი, - უპასუხა მარტვირიმ.

- იცოდე, რომ შენ სინას მთის იღუმენი აღკვეცე! - უთხრა ანასტასიმ.

ოცი წლის შემდეგ ეს წინასწარმეტყველება აღსრულდა. წმინდა იოანე, მისი ნების საწინააღმდეგოდ, სინას მთის იღუმენად დაადგინეს.

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1