ღირსი ტრიფონი, კონსტანტინოპოლის პატრიარქი (+933) - 19 აპრილი (2 მაისი)
ღირსი ტრიფონი, კონსტანტინოპოლის პატრიარქი (+933) - 19 აპრილი (2 მაისი)
ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინე VII პორფიროგენეტოსის (მეფობდა 912-959 წწ.) სიმამრს, იმპერატორ რომანოზს ჰყავდა უმცროსი ვაჟი თეოფილაქტე, რომლის დაბადებისთანავე აღთქმა დადო, რომ მას სასულიერო პირს გახდიდა და კონსტანტინოპოლის მაშინდელი პატრიარქის, წმინდა სტეფანე მეორეს გარდაცვალების შემდეგ პატრიარქად აკურთხებდა. მაგრამ რადგანაც პატრიარქის გარდაცვალების დროს თეოფილაქტე ძალზე ახალგაზრდა, 16 წლისა იყო და საეკლესიო კანონებით არ შეეძლო ასეთი საეკლესიო ხარისხის მიღება, მაშინ მოსაყდრედ და საპატრიარქოს ტახტის მმართველად მონაზონი ტრიფონი აირჩიეს (წმინდა ტრიფონი კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს 928-931 წლებში მართავდა), რომელიც პატრიარქი იმ დრომდე უნდა ყოფილიყო, ვიდრე თეოფილაქტე იმ ასაკს მიაღწევდა, როცა მას უფლება ექნებოდა მღვდელმთავრის ტახტზე აღსაყდრებისა. მონაზონი ტრიფონი სწრაფად აიყვანეს იერარქიულ საფეხურებზე, ეპისკოპოსად აკურთხეს და ისიც შეუდგა საპატრიარქო მმართველობას. წმინდა ტრიფონი თავისი უმწიკვლო ცხოვრებით მართლაც, რომ ღირსი იყო ამ პატივისა. სამი წლის პატრიარქობის შემდეგ იგი ჩამოაცილეს მმართველობას. ეს კი ასე მოხდა:

როცა თეოფილაქტეს ოცი წელი შეუსრულდა, იმპერატორმა რომანოზმა მოისურვა, რომ ტრიფონს მისი ვაჟისთვის საპატრიარქო ტახტი დაეთმო. მაგრამ, ნეტარი თვლიდა, რომ არ შეიძლებოდა გამოუცდელ ყმაწვილს დაეკავებინა საპატრიარქო ტახტი, რომელზეც უნდა ასულიყო მხოლოდ სრული კაცი, როგორც წლებით, ისე გონებით, რომელსაც კარგად ეცოდინებოდა წმინდა წერილი და შეძლებდა ეკლესიის საჭის მართვას.

მაშინ იმპერატორი რომანოზი ძალზე შეწუხდა, აღარ იცოდა, როგორ მოქცეულიყო, მიზეზსაც ვერაფერს მოუდებდა ამ წმინდა კაცს, რომ პატრიარქობიდან ჩამოეცილებინა. ამ დროს მასთან მივიდა მისი მეგობარი, მზაკვარი კაცი, კესარიის ეპისკოპოსი თეოფანე და უთხრა: - მეფეო, ეგ საქმე მე მომანდე და ისე მოვაწყობ, როგორც შენ გსურსო.

მეფეს ძალზე გაუხარდა თეოფანეს წინადადება და სთხოვა მალე დაემთავრებინა დაწყებული საქმე.

თეოფანე წმინდა ტრიფონთან მივიდა, ფარისევლურად, ერთგული კაცივით გაუბა საუბარი და უთხრა:

- მეუფეო, იმპერატორს შენ წინააღმდეგ მზაკვრული გეგმა აქვს მოფიქრებული, ის თავის თანამოაზრეებთან ერთად საბაბსა და მიზეზს ეძებს, რომ დაგამხოს საპატრიარქო ტახტიდან. თუმცა მიუხედავად ამდენი მცდელობისა, ხელშესახები არაფერი აქვთ, რაშიც ბრალს დაგდებენ, და ესღა შეთითხნეს: ისინი ამბობენ, რომ იმდენად უსწავლელი ხარ, წერაც კი არ შეგიძლია და ამიტომაც პატრიარქობის ღირსი არა ხარ. მოდი, შევარცხვინოთ ისინი, რომ დაიხშონ ბაგენი.


თუ გსურს დამიჯერე და ასე მოიქეცი. საეკლესიო კრების წინაშე სუფთა ფურცელზე დაწერე შენი სახელი და საპატრიარქო ტიტული და გაუგზავნე იმპერატორს, რათა შერცხვეთ შენს ცილისმწამებლებსო.

ნეტარი ტრიფონი ვერ მიხვდა თეოფანეს მზაკვრობას და მისი რჩევისამებრ მოიქცა. საეკლესიო კრების წინაშე გამოვიდა და ბრძანა:

- ღვთის საკურთხევლის მსახურები ამაოდ ცდილობენ მომიძებნონ დანაშაული, რომლითაც საპატრიარქო ტახტიდან ჩემს ჩამოგდებას შეძლებენ. მე მჯერა ჩემი ღმერთისა, რომ მათ ბევრიც რომ ეცადონ, ამგვარ დანაშაულს ვერ იპოვიან. თუმც მათ ცრუ ბრალდება წამომიყენეს, თითქოს მე უსწავლელი ვარ და წერა არ შემიძლია. ამიტომაც ყველას წინაშე ვწერ ამ სიტყვებს, რომ ცილისმწამებლებს შერცხვეთ და შეწყვიტონ ჩემზე სიცრუის ლაპარაკი.

ნეტარმა ტრიფონმა ყველას წინაშე ცარიელ ფურცელზე შემდეგი სიტყვები დაწერა:

- ტრიფონი, წყალობითა ღმრთისათა, მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა, ახალი რომისა, მსოფლიო პატრიარქი.

ეს ფურცელი იმპერატორს გადასცეს, მან კი კესარიის ეპისკოპოსის, თეოფანეს რჩევით, ბრძანა, ამ ფურცელზე სხვა ხელით შემდეგი სიტყვები მიეწერათ: "ჩემს საპატრიარქო ტახტს ვთმობ, მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზით, რომ თავს ამ ხარისხის ღირსად არ ვთვლი."

იმპერატორმა წერილი დიდებულების წინაშე წაიკითხა. თანამზრახველების დახმარებით, წმინდა ტრიფონს ძალადობით დაატოვებინეს პატრიარქის სასახლე და პატრიარქად რომანოზის ვაჟი თეოფილაქტე აკურთხეს. შემდგომში ამან ეკლესიაში დიდი შფოთი და არეულობა გამოიწვია, რადგან ეკლესიის მსახურთაგან, მრავალი პატრიარქად ისევ ტრიფონს თვლიდა და არა თეოფილაქტეს.

ამასობაში ნეტარმა ტრიფონმა მხნედ დაითმინა ამგვარი შეურაცხყოფა და იმავე მონასტერში განმარტოვდა, სადაც ის პატრიარქის ტახტზე ასვლამდე ცხოვრობდა, ორი წლისა და ხუთი თვის შემდეგ, 933 წელს, წარვიდა უფლისა მიმართ. მისი პატიოსანი სხეული ჯერ დიდ საკათედრო ტაძარში გადაასვენეს და პატრიარქების აკლდამასთან დაკრძალეს. მისი გარდაცვალების შემდეგ, ეკლესიაში შფოთი შეწყდა და ყველამ აღიარა კონსტანტინოპოლის პატრიარქად თეოფილაქტე, რომელიც მისთვის მინდობილ სამწყსოს 23 წელი - 933-956 წლებში მართავდა.

ბეჭდვა
1კ1