წმინდა ნავკრატიოს სტუდიელი (+848) - 18 აპრილი (1 მაისი)
წმინდა ნავკრატიოს სტუდიელი (+848) - 18 აპრილი (1 მაისი)
ღირსი ნავკრატიოს სტუდიელი, წმინდა თეოდორეს იღუმენობის დროს სტუდიელთა მონასტრის ეკონომოსი იყო. წმინდა თეოდორეს გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ, ნავკრატიოსი მუდმივად მის გვერდით იმყოფებოდა. მასვე ეკუთვნის მრგვლივმოსავლელი ეპისტოლე წმინდა თეოდორეს გარდაცვალების შესახებ, რომელშიც აღწერილია დიდი აღმსარებლის უკანასკნელი დღეები. წმინდა ნავკრატიოსი მუდამ ერთგული იყო წმინდა თეოდორესი, მორჩილსა და მოძღვარს შორის საოცარი სიყვარული სუფევდა. შემონახულია უამრავი წერილი ნავკრატიოსისადმი, სადაც წმინდა თეოდორე აქებს თავის მოწაფეს სულიერი ღვაწლისთვის, მოშურნეობისთვის, მწუხარებათა დათმენისთვის. ლეონ სომხის დროს, ნავკრატიოსი სხვა ცნობილ ბერებსა და იღუმენებთან ერთად გამოიძახეს საჯარო დისპუტზე იოანე გრამატიკოსთან. წმინდა ნავკრატი მხნედ აღუდგა წინ "დიდ სოფისტს", ბრძნულად აუღო ალღო მის სიცბიერესა და მზაკვრობას და საჯაროდ სძლია მას დისპუტში. წმინდა თეოდორეს გარდაცვალების შემდეგ, ნავკრატიოს სტუდიელთა იღუმენად აირჩიეს.

845-846 წლებში სტუდიელებს ძლიერ დაუპირისპირდა წმინდა პატრიარქი მეთოდე. ცდილობდა რა განემტკიცებინა უმაღლესი საეკლესიო ხელისუფლების ავტორიტეტი, პატრიარქი ისეთ უკიდურეს ზომამდე მივიდა, რომ სტუდიელებს მოსთხოვა, გაენადგურებინათ წმ. თეოდორეს პოლემიკური ეპისტოლეები და ანათემას გადასცა. მან არ ცნო წმინდა ნავკრატიოსი იღუმენად, ხოლო წმინდა თეოდორეს შესახებ განაცხადა, რომ თითქოს იგი განყენებული იყო ეკლესიიდან პატრიარქთა მიმართ დაუმორჩილებლობის გამო და მხოლოდ მოგვიანებით შეუერთდა ეკლესიას, რითაც "მორჩილების მაგალითი" მისცა მრავალთ. ამგვარად, გამოდიოდა, რომ წმინდა თეოდორე იყო სქიზმატიკოსი (განხეთქილების მოქმედი) და ეკლესიაში პატრიარქ ნიკიფორეს მიერ იქნა მიღებული სინანულით.

სინამდვილეში კი საქმე სრულიად სხვაგვარად იყო. წმინდა თეოდორე ცხადია, შეურიგდა როგორც წმინდა ტარასის, ასევე წმინდა ნიკიფორეს, მაგრამ იმ იძულებითი "იკონომიებისთვის", რომლებიც მათ იმპერატორთა ზეწოლისა და მუქარების გამო დაუშვეს, თავად პატრიარქებს მოუხდათ შემდგომ თავის მართლება, ხოლო წმინდა თეოდორეს ორივე უდიდეს პატივს სცემდა, როგორც აღმსარებელს. არავინ იცის, სადამდე მივიდოდა ეს უმწვავესი კონფლიქტი, რომელიც პატრიარქმა წამოიწყო, რომ არა წმინდა მეთოდეს უეცარი სიკვდილი 847 წლის 14 ივნისს. ახალმა პატრიარქმა წმ ეგნატემ, დაუყოვნებლივ გააუქმა ყველა ანათემა და აკრძალვა სტუდიელთა მიმართ და საეკლესიო მშვიდობა კვლავ აღდგა. 848 წლის 18 აპრილს, წმინდა ნავკრატიოსი გარდაიცვალა.

გარდაცვალების დღეს - 18 აპრილს - წმინდა ნავკრატიოსს ბერძნული კალენდარი იხსენიებს. სხვა კალენდრებში კი იგი 8 ივნისს მოიხსენიება.
"სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა" ტ, VI, თბილისი, 2009 წ. გამომც. "ორთოდოქსი"

ბეჭდვა
1კ1