ღირსი პაისი მღვიმელი, ქრისტესთვის სულელი (+1893) - 17 (30) აპრილი
ღირსი პაისი მღვიმელი, ქრისტესთვის სულელი (+1893) - 17 (30) აპრილი
წმინდა პაისის უკრაინის მართლამდიდებელი ეკლესია მოიხსენიებს. იგი 1821 წელს დაიბადა პოლტავის გუბერნიაში. იყო მღვიმევის მონასტრის მორჩილი. ავად გახდა, და ამ დროს ღვთისმშობელი გამოეცხადა, უფლის დედა დაჰპირდა, რომ შეეწეოდა მას, თუ სალოსობის გზას აირჩევდა. 1854 წელს იგი მონაზვნად აღკვეცეს და ამის მერე უფრო გაძლიერდა მისი უცნაურობები. ის ტაძარში ფეხშიშველა დადიოდა, ერთხელ, როცა სამოციქულოს კითხვა დაავალეს, ხარხარით გარეთ გამოვარდა. ლავრის იღუმენი მიუხვდა მოჩვენებით სულელობას და კიტაევის სკიტის სამზარეულოში გააგზავნა სამუშაოდ. მას კელია არ ჰქონდა, და სადაც დააღამდებოდა, იქ იძინებდა, მცირე ხანს მიიძინებდა და შუაღამისას ლოცვაზე დგებოდა. ტანთ რაც ეცვა, ის იყო მისი სამოსი, ხან უძირო, ხანაც გახვრეტილი ფეხსაცმელი ეცვა. საჭმელს პირდაპირ ქოთნიდან ჭამდა, იმას, რაც ძმებს ტრაპეზობისას რჩებოდათ. ეკლესიაში შესული ხან ჯოხით ეშმაკებს ებრძოდა, რომელსაც მის გარდა ვერავინ ხედავდა და ხანაც უამრავი მეტანიის კეთებით თავს მიწას ურტყამდა და სისხლი სდიოდა. დიდი სიწმინდისა და ღვაწლის გამო უფალმა დაფარულმცოდნელობის და კურნების მადლი უბოძა. მან ალექსანდრე მეორის მკვლელობა იწინასწარმეტყველა. გარდაცვალების ჟამიც წინასწარ შეიტყო, დაბრუნდა ლავრაში და საავადმყოფოში დაწვა. ეზიარა უფლის სისხლსა და ხორცს და სული თვისი ჩააბარა უფალს. ეს მოხდა 1893 წლის 17 აპრილს.

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1