ღირსი ზოსიმე სოლოვკელი (+1478) - 17 (30) აპრილი
ღირსი ზოსიმე სოლოვკელი (+1478) - 17 (30) აპრილი
ღირსმა ზოსიმემ სოლოვკის კუნძულზე ბერების სავანე დააარსა. დაიბადა ნოვგოროდის გუბერნიაში, სოფელ ტოლვუეში, ონეგის ტბის მახლობლად. ის სიყრმითგან ღვთისმოსავ გარემოში იზრდებოდა. მშობლების გაბრიელის და ბარბარეს გარდაცვალების შემდეგ მან მთელი ქონება დაარიგა და მონაზვნად აღიკვეცა.

განმარტოებული ადგილის ძებნისას ღირსი ზოსიმე თეთრი ზღვის სანაპიროზე გაემგზავრა და იქ შეხვდა ღირს გერმანეს (ხს. 30 ივლისს), რომელმაც მოუთხრო ზღვაში არსებული ერთი უკაცრიელი კუნძულის შესახებ, სადაც მან წმინდა საბათიასთან ერთად ექვსი წელი იცხოვრა.

დაახლოებით 1436 წელს განდეგილებმა მშვიდობით გადაცურეს ზღვა და მიადგნენ კუნძულს. უფალმა ღვთაებრივი გამოცხადებით აკურთხა მათი საცხოვრებელი ადგილი, რომელიც ღირსმა ზოსიმემ იხილა - მან იქ ნახა ჰაერში მოლივლივე მშვენიერი ტაძარი. ბერებმა საკუთარი ხელებით დაიწყეს მუშაობა, ააშენეს კელიები და გალავანი, დაამუშავეს მიწა და დათესეს. ერთხელ, გვიან შემოდგომაზე, ღირსი გერმანე მატერიკზე წავიდა აუცილებელი სანოვაგისთვის, უამინდობის გამო უკან დაბრუნება ვერ მოახერხა. ღირსმა ზოსიმემ მთელი ზამთარი კუნძულზე მარტომ გაატარა. წმინდა ბერს ეშმაკთა მიერ მოვლენილი მრავალი ცდუნების დაძლევა მოუხდა. მას გარდაუვალი შიმშილით სიკვდილიც ემუქრებოდა, მაგრამ სწორედ ამ დროს სასწაულებრივად გამოჩენილმა ორმა უცნობმა მას პურის მარაგი, ფქვილი და ზეთი დაუტოვა. გაზაფხულზე მამა გერმანე სოლოვკაზე დაბრუნდა მეთევზე მარკოზთან ერთად და სანოვაგე და სათე-ვზაო მოწყობილობები ჩამოიტანა.

როცა კუნძულზე რამდენიმე განდეგილმა მოიყარა თავი, ღირსმა ზოსიმემ მათთვის მცირე ხის ეკლესია ააშენა უფლის ფერისცვალების სახელზე, რომელსაც წმინდა ტრაპეზიც ჰქონდა. ღირსი ზოსიმეს თხოვნით ნოვგოროდიდან ახალდაარსებულ სავანეში ჩამოვიდა იღუმენი და საკრებულო ეკლესიისათვის ოდიკი ჩამოიტანა. ასე დაედო საფუძველი სახელგანთქმულ სოლოვკის მონასტერს. მკაცრ ბუნებრივ პირობებში ძმებმა მოახერხეს მოეწყოთ მეურნეობა, მაგრამ ნოვგოროდიდან გამოგზავნილი წინამძღვრები ვერ ეგუებოდნენ უჩვეულოდ მძიმე პირობებში ცხოვრებას და შრომას, ამიტომ ძმებმა იღუმენად ღირსი ზოსიმე აირჩიეს.

ღირსი ზოსიმე შეუდგა მონასტრის შინაგანი, სულიერი ცხოვრების აშენებასაც. 1465 წელს სოლოვკაზე გადმოასვენა ღირსი საბათიას წმინდა ნაწილები. სავანეს ავიწროებდნენ ნოვგოროდელი ბოიარები, ბერებს ართმევდნენ დაჭერილ თევზს. ღირსი ზოსიმე იძულებული გახდა ნოვგოროდის მთავარეპისკოპოსთან საჩივლელად წასულიყო. მღვდელმთავრის თხოვნით მან ნოვგოროდელი ბოიარების სახლები შემოიარა და სთხოვა მონასტერი დაქცევის პირას არ მიეყვანათ. ბოარინია მართა ბორეცკაიამ ის ტრაპეზზე დაპატიჟა. წმინდა ზოსიმემ სუფრასთან მჯდარი ექვსი ბოიარი უთავოდ იხილა, შემდეგ თავის მოწაფეს, დანიელს მოუთხრო და მათი სიკვდილი იწინასწარმეტყველა, რაც შემდგომში ასრულდა კიდეც.

ღირსი ზოსიმე 1478 წლის 17 აპრილს გარდაიცვალა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე თვითონ თავისთვის კუბო დაამზადა. დაასაფლავეს ფერისცვალების ტაძრის წინ. 1566 წლის 8 აგვისტოს ზოსიმესა და საბათიას წმინდა ნაწილები გადაასვენეს ფერისცვალების ტაძარში.

გარდაცვალების შემდეგ წმინდა ზოსიმესადმი აღვლენილი ლოცვით მრავალი სასწაული აღესრულება. იგი ითვლება მეთევზეებისა და მეფუტკრეების მფარველად.

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1