წმინდა აღაპიტე, რომის პაპი (+536) - 17 (30) აპრილი
წმინდა აღაპიტე, რომის პაპი (+536) - 17 (30) აპრილი
წმინდა აღაპიტე ცნობილ რომაულ ოჯახში დაიბადა, რომელმაც სოფელს ორი ღირსი მამა, რომის ეკლესიის წინამძღვრები ფელიქს II და გრიგოლ I მისცა. წმინდა აღაპიტეს მამა რომაელი მღვდელი გორდიანე პაპ სიმახუსის დროს ჯანყისას მოკლეს.

წმინდა აღაპიტე იოანე II-ს პაპობისას (532-535) მთავარდიაკვნად მსახურობდა. ამ დროს მან რომში დააარსა სასწავლებელი, რომელსაც შეეძლო ალექსანდრიის და ნიზიბიის სკოლებს შედარებოდა. ჯერ კიდევ მთავარდიაკვანმა რომში ქრისტიანული წიგნების დიდი ბიბლიოთეკა დააარსა.

თავისი ღვთისმოშიში ცხოვრებით ყველას სიყვარული დაიმსახურა და 535 წელს აყვანილ იქნა რომის პაპის ტახტზე.

სწორედ იმ პერიოდში სარდალმა ველისარიუსმა სამხრეთი იტალია იმპერიის საზღვრებში მოაქცია და გუთთა მეფემ თეოდორიკე დიდმა, წმინდა აღაპიტე კონსტანტინოპოლში გაგზავნა ზავის თაობაზე მოსალაპარაკებლად. გზად წმინდა მღვდელმთავარი ყრუ-მუნჯ და კოჭლ ადამიანს შეხვდა, აზიარა ის უფლის სისხლსა და ხორცს და კოჭლობისაგან განკურნა, შემდეგ კი მეტყველების ნიჭიც დაუბრუნა. კონსტანტინოპოლში წმინდა აღაპიტემ განკურნა ბრმა მათხოვარი.

კონსტანტინოპოლში ჩასვლისას, ოქროს კარიბჭესთან ბრმა დაინახა, რომელიც მოწყალებას ითხოვდა. წმინდა აღაპიტეს შეებრალა იგი, თვალზე ხელი დაადო და ბრმას თვალის ჩინი დაუბრუნდა.

ამ დროს იმპერატორ იუსტინეს ბრძანებით კონსტანტინოპოლში ჩატარდა ადგილობრივი საეკლესიო კრება, სადაც დაამხეს კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ტახტზე ეკლესიის კანონების დარღვევით ასული პატრიარქი ანთიმოზი და მის მაგივრად აიყვანეს ვინმე ხუცესი მინა, რომელიც წმინდა და მოსაგრე ცხოვრებით გამოირჩეოდა. მას ხელი წმინდა აღაპიტემ დაასხა. წმინდა აღაპიტემ მონაწილეობა მიიღო კრების მუშაობაში და დამაჯერებლად დაიცვა მართლმადიდებლური სწავლება ერეტიკოს სევერიოსის მწვალებლობისაგან. 536 წელს წმინდა აღაპიტე ავად გახდა და მალევე გარდაიცვალა. ის კონსტანტინოპოლში თორმეტი მოციქულის ტაძარში დაკრძალეს, რომელიც იმპერატორთა განსასვენებელი იყო და იქ მრავალი ქრისტიანული სიწმინდე ინახებოდა. 1204 წელს ჯვაროსნებმა კონსტანტინოპოლი დაიპყრეს და გაძარცვეს, მათ შორის 12 მოციქულის ტაძარიც. მათ წმინდა აღაპიტეს წმინდა ნაწილებიც გაიტაცეს და შემდგომში, რომში, წმინდა პეტრეს ტაძარში დაასვენეს.

ბეჭდვა
1კ1