ღირსი გუტლაკ კროულენდელი (+714) - 11 (24) აპრილი
ღირსი გუტლაკ კროულენდელი (+714) - 11 (24) აპრილი
წმინდა გუტლაკი თხუთმეტი წლისა იყო, როცა გადაწყვიტა დაქირავებული მეომარი გამხდარიყო. მან თანამოაზრეები შემოიკრიბა და მთელ ოლქში სოფლების ძარცვას მიჰყო ხელი. ასე იცხოვრა გუტლაკმა ცხრა წელი. ერთხელაც საოცარი სიზმარი ნახა, რომელმაც მოყვასისადმი სიყვარულით და თანაგრძნობით აავსო. მან დაიფიცა, რომ ამიერიდან მხოლოდ ღვთისთვის იცოცხლებდა. დილით დაემშვიდობა მეგობრებს, დატოვა სიმდიდრე, ქონება (ის დიდგვაროვანი იყო) და რეპტონის მონასტერში აღიკვეცა მონაზვნად. გუტლაკის და პეგაც მონაზვნად აღიკვეცა და განდეგილის ცხოვრება ირჩია. მონასტერში გატარებული ორი წლის შემდეგ გუტლაკმაც განდეგილობა ისურვა. მონასტრის ბერდიდებისგან კურთხევა აიღო და კემბრიჯის ჩრდილოეთით ლინკონშირის დიდ ჭაობებში განმარტოვდა. იქ ადგილობრივმა მცხოვრებმა ერთი კუნძული მიასწავლა, რომელიც სრულიად უკაცური იყო. აქ ბევრმა სცადა დასახლება, მაგრამ ვერავინ შეძლო. ოცდაექვსი წლის გუტლაკი ნავით მივიდა კუნძულამდე, რომელსაც ყვავების მიწას ეძახდნენ. მან დაათვალიერა მიწა, მერე საკვებისთვის, სამშენებლო მასალისთვის რეპტონში დაბრუნდა. წმინდა გუტლაკმა კუნძულზე ძველი ყორღანი ნახა და იქვე ააშენა თავისი სავანე.

გუტლაკს ტანთ მხოლოდ ტყავის სამოსი ეცვა, დღეში ერთხელ მხოლოდ ქერის პურს და წყალს იღებდა. ერთხანობა ადგილობრივი ბრიტები ესხმოდნენ, ჭაობში აგდებდნენ და სცემდნენ. ეშმაკებიც ცალკე აშინებდენ მოსაგრეს. ერთხელ გუტლაკის მსახურს, ბეკელს, ბატონის მოკვლის სურვილიც კი ჩაუდეს. წმინდანმა შეიტყო მსახურის ფიქრები და საყვედურით სინანულში მოიყვანა. გუტლაკი იყო მაღალი, გამხდარი, მშვიდი, რბილი, სასიამოვნო, მდაბალი და მომთმენი. მთელი ოლქის ჩიტები მისი ხელიდან იკვებებოდნენ. კუნძულზე თხუთმეტწლიანი მოსაგრეობის შემდეგ ერთხელ ის ეკვდერში ლოცვისას გაიყინა. რვა დღის ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. მან მსახურს უბრძანა, თავის დის, პეგის გვერდით დაეკრძალა. ღირსი გუტლაკი 714 წლის 11 აპრილს გარდაიცვალა. მისი განმარტოების ადგილი შემდგომში კროულენდის მონასტრად გადაკეთდა, სადაც რეფორმაციამდე უამრავი მომლოცველი იკრიბებოდა.

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1