ღირსი ბარსანოფი ყაზანელი, ტვერის ეპისკოპოსი (+1576) - 11 (24) აპრილი
ღირსი ბარსანოფი ყაზანელი, ტვერის ეპისკოპოსი (+1576) - 11 (24) აპრილი
ის დაახლოებით 1495 წელს დაიბადა სერპუხოველი მღვდლის, მამა ვასილის ოჯახში. მან ყრმობაშივე შეისწავლა წერა-კითხვა და საეკლესიო გალობა. 1512 წელს ქალაქი ყირიმელმა თათრებმა დაარბიეს და 17 წლის ყმაწვილი სხვებთან ერთად ყირიმში მონად გაყიდეს. ყმაწვილმა ამ განსაცდელის ჟამს ბევრი რამ დაითმინა, მომავალი მღვდელმთავარი ტყვეობაში ისე ცხოვრობდა და ემსახურებოდა ბატონს, თითქოს მონასტრის მორჩილი ყოფილიყოს. ცოტა ეძინა და ცოტას ჭამდა. თავისი სიმშვიდითა და თავმდაბლობით გულქვა თათრებიც კი მოალბო. ტყვეობის სამი წლის მანძილზე ის თანდათან დაეუფლა თათრულ ენას, კარგად ლაპარაკობდა, და თათრული წერა-კითხვაც კი შეისწავლა. მამამისმა მღვდელმა ვასილმა გაჭირვებით შეაგროვა აუცილებელი თანხა და შვილი გამოისყიდა. დაბრუნდა სახლში, მას უკვე, ტყვეობაში გადაწყვეტილი ჰქონდა ბერად შემდგარიყო. ამიტომაც დიდხანს არ უყოყმანია, მოსკოვს მიაშურა და იქ ერთ-ერთ მონასტერში ბერად აღიკვეცა, ბარსანოფის სახელით.

მკაცრად და ღვთივსათნოდ მცხოვრები წარემატებოდა ლოცვათა და სხვა სათნოებათა მუშაკობაში. აქ გაიცნო ტვერის ეპისკოპოსი აკაკი, რომელმაც იწინასწარმეტყველა, რომ ბარსანოფი მისი მემკვიდრე იქნებოდა ტვერის კათე-დრაზე. 1544 წელს მოსკოვის მიტროპოლიტმა მაკარიმ იგი პესნოშკის მონასტრის იღუმენად დაადგინა. 1553 წელს არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანეს. და როგორც თათრული ენისა და ტრადიციების მცოდნე, მთავარეპისკოპოს გურისა და არქიმანდრიტ გერმანესთან ახალშექმნილ ყაზანის ეპარქიაში გააგზავნეს მონასტრის დასაარსებლად. არქიმანდრიტმა ბარსანოფიმ თან პეშნოსკის მონასტრის ექვსი ბერი წაიყვანა. მეფე იოანე ვასილის ძის დახმარებით 1557 წელს დააარსა ყაზანის ფერისცვალების მონასტერი. წმინდა ბარსანოფი თათრული ენის ცოდნის წყალობით აქტიურად უქადაგებდა თათრებს სახარებას.

წმინდანი ყველასგან ფარულად სხეულით ჯაჭვებს ატარებდა. წმინდა ბარსანოფის სულიერი და ხორციელი უძლურებების განკურნება შეეძლო და მას სახელი ყაზანიდან შორს გაუვარდა. უამრავი ადამიანი მოჰყავდათ მასთან ხორციელი სნეულებებით, რომელთაგან ბევრი განკურნების შემდეგ ქრისტიანდებოდა კიდეც. 1567 წელს მოსკოვის მიტროპოლიტმა ფილიპემ მას ხელი დაასხა ტვერისა და კაშინის ეპისკოპოსად. მიუხედავად მღვდელმთავრის ხარისხისა, ის ძველებურად თავმდაბალ მოსაგრედ რჩებოდა. დღეებს შრომაში ატარებდა, ღამეებს ლოცვაში. საბერო ბარტყულების ქსოვაში ისვენებდა და ეპისკოპოსებსა და მონაზვნებს ურიგებდა. მოუკლებელი ლოცვით თავისთან მისულ ადამიანებს, სნეულებათაგან განკურნებდა. 1570 წელს სიბერითა და ხორციელი სნეულებებით დაუძლურებულმა დაუტევა კათედრა და თავის დაარსებულ ყაზანის ფერისცვალების მონასტერში დაბრუნდა, სადაც აღესრულა 1576 წლის 11 აპრილს.

1595 წელს ფერისცვალების სავანეში ახალი ტაძრის მშენებლობისას მღვდელმთავრების გურისა (ის წმინდა ბარსანოფიზე ადრე გარდაიცვალა) და ბარსანოფის სხეულები უხრწნელი მოიპოვეს, ხოლო მათი კუბოები სურნელოვანი მირონით იყო სავსე. მათ კუბოებთან უამრავი ადამიანი განიკურნა და მოსკოვის პირველი პატრიარქის იობის ბრძანებით მოხდა მათი კანონიზაცია. მალე ფერისცვალების მონასტრის საკრებულო ტაძარს სამხრეთი ეკვდერი მიუშენეს, წმინდა გურისა და წმინდა ბარსანოფის სახელზე და წმინდანები იქ დაასვენეს. 1694 წელს წმინდა ბარსანოფის სხეული ხანძარმა დააზიანა, ამის შემდეგ იგი ვერცხლის კუბოში ჩაასვენეს. სამწუხაროდ, XX საუკუნის 20-იან წლებში წმინდანის სხეული სათათრეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის სარდაფში მოათავსეს. 1980-იან წლებში, ერთ-ერთი მორიგი შაბათობისას, მისი წმინდა ნაწილები გაანადგურეს. ხოლო მისი კუბო თათრეთის რესბუბლიკის ისტორიის მუზეუმში გამოფინეს.

ბეჭდვა
1კ1