ღირსი დანიელ პერეიასლაველი (+1540) - 07 (20) აპრილი
ღირსი დანიელ პერეიასლაველი (+1540) - 07 (20) აპრილი
ღირსი დანიელი დაახლოებით 1459 წელს დაიბადა პერეიასლავ-ზელენსკში.

ჯერ კიდევ ბავშვი იყო, წმინდა სვიმეონ მესვეტე (ხსენება 1-ელ სექტემბერს) რომ წაიკითხა და ბერად შედგომა გადაწყვიტა, ტანზე თოკები შემოიხვია, რის გამოც ავად შეიქმნა. რომ გამოჯანმრთელდა, დის ვედრებას დაჰყვა, ნაადრევ ღვაწლს დაეხსნა და წერა-კითხვის შესასწავლად იმ მონასტერს მიაშურა, სადაც მისი ნათესავი, ბერდიდი იონა მოსაგრეობდა.

მონასტრის წიაღმა დანიელს ღვთისთვის ცხოვრების სურვილი გაუორმაგა. 17 წლის ასაკში ძმასთან, გერასიმესთან ერთად წმინდა პაფნუტის (ხსენება 1-ელ მარტს) მოსანახულებლად გაეშურა, თუმცა, ცოცხალს ვეღარ მიუსწრო.

სწორედ ამ ღირსი მამის სახელობის სავანეში, პაფნუტი-ბოროვსკის მონასტერში აღიკვეცა ბერად ორივე ძმა.

დანიელის სულიერი მოძღვარი ხუცესი ლევკი ვოლოკოლამსკელი გახდა. გამოხდა ათი წელი და განმარტოებული ცხოვრების წყურვილმა ორივე მდინარე რუზის ნაპირას წარიყვანა.

ხუცესის გარდაცვალების შემდგომ, 1492 წელს, დანიელი მონასტერში დაბრუნდა, თუმცა, რამდენადაც გაიღუმენება დაუპირეს, ძმითურთ კვლავ სამშობლოს დაუბრუნდა.

თავიდან ორივეს ნიკიტინსკის სავანეში სურდა დაფუძნება, მაგრამ შემდეგ გორიცკის სავანე არჩიეს, რომლის იღუმენი მათი ნათესავი, ანტონი გახლდათ.

მალე დანიელი მღვდლად აკურთხეს და მონასტრის სულიერ მოძღვრად აირჩიეს. ღირსი მამა თავის სენაკში არა მხოლოდ სულიერ შვილებს, მომლოცველებს და უსახლკაროებსაც მიიღებდა ხოლმე და ყოველ მათგანზე მამასავით ზრუნავდა, ხოლო თუ რომელიმე მათგანი გარდაიცვლებოდა, თავადვე აპატიოსნებდა, მარხავდა და წესსაც უგებდა.

ერთხელ მასთან დიდი მთავრისაგან შერისხული ბოიარები მივიდნენ და ლოცვა სთხოვეს. წმინდა მამის ღვთისადმი შუამდგომლობამ, რაღა თქმა უნდა, კეთილი ნაყოფი გამოიღო და მთხოვნელთ მშვიდობა მოჰგვარა. მადლიერმა ბოიარებმა მთავარს იმ ტაძრის აგების უფლება გამოსთხოვეს, რომლის შესახებაც გამოცხადებაში სამი წლით ადრე ეუწყა დანიელს.

ღვთის შეწევნით, 1508 წელს ტაძარი ყოველი წმინდანის სახელზე აიგო.

იმავდროულად, ერთ-ერთი ქალაქელი ვაჭრის სახსრებით ღირსმა დანიელმა ყოვლადწმინდა სამების პატივად მონასტერი ააშენა, სადაც უმეტესად სნეულ და მხცოვან ადამიანებს იღებდნენ. წმინდა მამამ მათთვის შედარებით მსუბუქი წესდება შეუდგინა.

მართალია, დანიელი სავანის მამათა სულიერი წინამძღვარი გახლდათ, მაგრამ მონასტრის იღუმენობას დიდხანს მტკიცედ უარობდა. მხოლოდ ორმოცწლიანი მონაზვნური ცხოვრების შემდგომ, 1525 წელს, დიდი მთავრის დაჟინებული მოთხოვნის პასუხადღა შეიმოსა ღირსი მამა ამ პატივით.

საიმდროოდ სავანეში სამოცდაათამდე ბერი იღვწოდა, მათ შორის - წმინდა გერასიმე ბოლდინსკიც.

მადლი ესე, რომელი წმინდა მამას ღვთისგან ჰქონდა ნაბოძები, უამრავ ნაყოფად გაცხადდა: - სიბრძნედ, იმედდაკარგულთათვის - ნუგეშად, სნეულთათვის - კურნებად და სასწაულქმედების ტალანტად.

ერთხელ, დიდი შიმშილობისას, წმინდა მამამ მონასტრის მთელი მარაგი ხალხს დაურიგა, თუმცა, ღვთის შეწევნით, სავანეს საკვები არ დაჰკლებია.

სხვა დროს კი იხილეს, თუ როგორ დადიოდა დანიელი წყალზე, ვითარცა ხმელზე.

წმინდა მამამ 1540 წლის 7 აპრილს, ოთხმოცი წლისამ მიიძინა, გარდაცვალების შემდგომ მათ, ვინც კი რწმენით მიმართა, გამოეცხადა და განკურნა.

1652 წელს, მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი სავანის მორჩილს გამოეცხადა, მისი სამარხი გახსნეს, ღირსი დანიელის სხეული უხრწნელად პოვეს და მალევე შერაცხეს წმინდანად.

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1