მოციქულთასწორი მეთოდე, მორავიელი მთავარეპისკოპოსი (+885) - 06 (19) აპრილი
მოციქულთასწორი მეთოდე, მორავიელი მთავარეპისკოპოსი (+885) - 06 (19) აპრილი
მოციქულთასწორი წმინდა მეთოდე, მორავიის მთავარეპისკოპოსი (+885 წელი) და მისი ხორციელი ძმა, წმინდა კირილე (+869 წელი) თესალონიკის დიდებული და ღვთისმოსავი ოჯახის მემკვიდრენი იყვნენ. წმინდა მეთოდე თავიდან სამხედრო მოსამსახურე იყო და ბიზანტიის იმპერიის ერთ-ერთ სლავურ სამთავროს განაგებდა.

როგორც ვარაუდობენ, ბულგარეთში 10-წლიანი სამსახურის შემდგომ წმინდა მეთოდე ბერად ულუმბოს მთაზე აღიკვეცა.

მისი ძმა, წმინდა კირილე, ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა დიდი ნიჭით და მომავალ იმპერატორთან, მიხეილთან ერთად სწავლობდა. მან ბრწყინვალედ აითვისა თავისი დროის ყველა მეცნიერება და მრავალი ენა. სწავლის გასრულების შემდეგ მღვდლად დაასხეს ხელი და საპატრიარქო ბიბლიოთეკის მცველი გახდა, მაგრამ, მოკლე ხანში მონასტერში გაიპარა.

თუმცა, იპოვეს, დედაქალაქში დააბრუნეს და უმაღლესი სკოლის ფილოსოფიის მასწავლებლად გაამწესეს. სრულიად ახალგაზრდამ კამათში დაამარცხა მწვალებელ ხატმებრძოლთა თავკაცი ანიუსი, მოგვიანებით კი იმპერატორის ბრძანებით მონაწილეობა მიიღო დისპუტში სარკინოზებთან წმინდა სამების სწავლების შესახებ, შემდეგ კი ძმასთან, მეთოდესთან ერთად ულუმბოს მთაზე განმარტოვდა.

მალე იმპერატორმა ორივე ძმა დაიბარა და ღვთის სიტყვის საქადაგებლად ხაზარეთს წარგზავნა. ძმები მცირე ხნით ქალაქ კორსუნს გაჩერდნენ და სასწაულებრივად აღმოიყვანეს წმინდა მღვდელმოწამის, კლიმენტი რომაელის (ხსენება 25 ნოემბერს) წმინდა ნაწილნი.

ხაზარეთში ქადაგების შემდეგ წმინდა კირილე დედაქალაქში დარჩა, წმინდა მეთოდე კი ულუმბოს მახლობლად მდებარე პოლიხრონის მონასტრის იღუმენად აირჩიეს.

მალე იმპერატორს მორავიის მთავრის, როსტისლავის ელჩები წარუდგნენ და სახარების საქადაგებლად მორავიაში სლავურის მცოდნე მოძღვრების წარგზავნა სთხოვეს.

ეს დიდი მისია ხელმწიფემ სწორედ კირილეს მიანდო, რომელიც ლოცვითა და მარხვით შეუდგა ამ ღვაწლისათვის მზადებას.

863 წელს ძმის, წმინდა მეთოდესა და მოწაფეების: - მორაზდის, კლიმენტის, საბას, ნაუმის, ანგელიარის დახმარებით შეადგინა სლავური ანბანი და სლავურ ენაზე თარგმნა სახარება, სამოციქულო, ფსალმუნნი და სხვა საღვთისმსახურო წიგნები.

ამ საქმის გასრულების შემდგომ წმინდა ძმებმა მორავიას მიაშურეს, სადაც ღვთისმსახურებას სლავურ ენაზე აღასრულებდნენ.

ამ ფაქტმა გერმანელი ეპისკოპოსნი ფრიად გაანაწყენა, ღვთისმსახურებისთვის ლათინურ ენას რომ იყენებდნენ. წმინდა ძმებთან კამათში მარცხი იწვნიეს და ისინი რომის პაპთან დაასმინეს.

ძმები რომში დაიბარეს. მათ თან წააბრძანეს წმინდა კლიმენტი რომაელის ნაწილნი. რომის პაპი ადრიანე პატივით შეხვდა ძმებს და ღვთისმსახურების სლავურ ენაზე აღსრულების ნებაც მისცა.

რომში წმინდა კირილე ფრიად დაუძლურდა, ღვთისგან აღსასრულის მოახლოება ემცნო და გარდაცვალებამდე სქემით შეიმოსა, 50 დღის შემდეგ, 869 წლის 14 თებერვალს კი 42 წლის ასაკში მიიცვალა.

წმინდა კირილეს გარდაცვალების შემდეგ წმინდა მეთოდეს მორავიისა და პანონიის მთავარეპისკოპოსად დაასხეს ხელი.

ძველი წყენით გულგაცხელებულმა გერმანელმა ეპისკოპოსებმა იმდენი ქნეს, წმინდა მეთოდეს დაპატიმრებას და შვაბიაში გადასახლებას მიაღწიეს, სადაც ნეტარი მამა ორნახევარი წელი იტანჯებოდა.

რომის პაპის ბრძანებით გათავისუფლებულმა მეთოდემ ჩეხეთის მთავარი ბორევიო და მისი მეუღლე ლუდმილა (ხსენება 16 სექტემბერს) მონათლა.

გერმანელმა ეპისკოპოსებმა საკმარისად არ მიიჩნიეს მეთოდეს ტანჯვა და მიზეზად ახლა ის მოიდეს, - ლათინურ სწავლებას სულიწმიდის მამისა და ძისგან გამოსვლის შესახებ არ იზიარებსო!

წმინდა მამას კვლავაც რომს უხმეს, სადაც პაპის წინაშე დაამტკიცა მართლმადიდებლური სწავლების ჭეშმარიტება და მღვდელმთავრის პატივი კვლავ აღიდგინა.

სიცოცხლის მიწურულს წმინდა მეთოდემ ორი მოწაფის დახმარებით სლავურ ენაზე თარგმნა ძველი აღთქმა მაკაბელთა წიგნების გამოკლებით, აგრეთვე დიდი სჯულის კანონი და პატერიკები.

ეს მაღალღირსი და ჭეშმარიტად მოციქულთასწორი მამა 885 წლის 6 აპრილს, 60 წლის ასაკში აღესრულა, წესი სამ ენაზე - სლავურად, ბერძნულად და ლათინურად აუგეს.

მისი სხეული ბელგრადის ტაძარში განისვენებს.

მეოხ გვეყავ უფლის წინაშე, წმინდა მამაო!

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1