წმინდათა შორის მამაი ჩვენი ევტიქიოსი, მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა (+582) - 06 (19) აპრილი
წმინდათა შორის მამაი ჩვენი ევტიქიოსი, მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა (+582) - 06 (19) აპრილი
წმინდა ევტიქიოსი წარმოშობით ფრიგიიდან იყო, დაბიდან, რომელსაც "ღვთაებრივს" უწოდებდნენ. შემდგომში წმინდა მამამ ამ დაბას ქვის გალავანი შემოარტყა, შიგ ფართო ეკლესია ააგო ორმოცი მოწამის სახელზე და ღვთივსათნო ადამიანებით, უმეტესად - მონაზვნებით დაასახლა, რომლებიც ანგელოზთა მობაძავად ცხოვრობდნენ, რამეთუ სურდა, დაბა არა მხოლოდ სახელით, საქმითაც ღვთისთვის სათნო ყოფილიყო.

წმინდანის ამგვარი ზრუნვით დაბა მალე ძლიერ ქალაქად გარდაისახა. წმინდა ევტიქიოსის მამა, ალექსანდრე, მეომარი იყო, ხოლო დედა, სინესია, შვილი გახლდათ პატიოსანი და მოსაგრე მღვდლის, ისიქისა, რომელიც ავგუსტოპოლის ეკლესიაში მსახურობდა.

ერთხელ, როცა სინესია წიაღით ატარებდა ამ კურთხეულ ნაყოფს და საწოლზე იწვა, თავი გამოუთქმელი ნათლით გაბრწყინებული იხილა; შეძრწუნდა, - ეს რას ნიშნავსო. ხილვა კი მოასწავებდა, რომ იშვებოდა სულიერი ნათელი, რომელიც განანათლებდა მრავალს, ცდომილების სიბნელით მოცულს.

უფალმა აკურთხა ის, როგორც ერთ დროს მონა თვისი იერემია წინასწარმეტყველი ("პირველ ჩემგან აღზელადმდე მუცელსა შინა გიცი შენ და პირველ გამოსლვისა შენისა საშოთ განგწმინდე შენ, წინაწარმეტყუელად ნათესავისა მიმართ დაგდევ შენ", - იერემია 1.5), დედის წიაღშივე განუსაზღვრა მას, რომ ყოფილიყო ნათელი სოფლისა და დიდებული მღვდელმთავარი.

ყრმა პაპამ, მღვდელმა ისიქიმ მონათლა და მისგანვე მიიღო დაწყებითი განათლება. მამა ისიქისთან ბევრი ევტიქიოსის თანატოლი ბავშვი სწავლობდა. ერთხელ, თამაშის დროს, მათ კედელზე თავიანთი სახელები დაწერეს და საკუთარ თავს ზოგი ხუცესს ეძახდა, ზოგი სხვა ხარისხს მიიწერდა, ევტიქიოსმა პატრიარქის ტიტული წაუმძღვარა საკუთარ სახელს, დაწერა "პატრიარქი ევტიქიოსი" და ამით თითქოს იწინასწარმეტყველა ის მადლი, რომელიც მას მომავალში ღვთისგან მიეცემოდა.

როდესაც წმინდა ევტიქიოსი 12 წლის გახდა, მშობლებმა და პაპამ სწავლის გასაგრძელებლად კონსტანტინოპოლს გააგზავნეს. ყრმა ევტიქიოსი წარმატებით დაეუფლა საერო მეცნიერებებს, მაგრამ ნათლად მიხვდა, რომ ამაოა ყოველგვარი ამქვეყნიური სიბრძნე, სიტყვისამებრ იაკობ მოციქულისა: "არა არს ესე სიბრძნე ზეგარდამოსრული, არამედ ქუეყანისჲ, მშჳნვიერი და საეშმაკოჲ".

ამგვარად, კეთილგონიერი ყრმა ევტიქიოსი გულმოდგინედ ეძიებდა ზეგარდამოსულ სიბრძნეს. იპოვა რა, განიზრახა, რომ არა ამ სოფლისთვის, არამედ ღვთისთვის ეღვაწა მონაზვნად აღკვეცილს.

როცა დაკაცდა და უკვე მტკიცედ განიზრახა ბერად შედგომა, საღვთო განგებულებით, წინააღმდეგობას გადააწყდა, რამაც გარკვეული ხნით გადადო მისი შემონაზვნება: ამასიის მიტროპოლიტმა (ამასია ადრე პონტოს მეფეთა რეზიდენცია იყო და სტრაბონის სამშობლოც გახლდათ) და ამ ქალაქის რამდენიმე პატივცემულმა ადამიანმა დაარწმუნეს ნეტარი, რომ შემონაზვნების გარეშე მიეღო ქალაქ ლაზიხიის (ამასიის სამხრეთ-დასავლეთით, გალატიის საზღვრებში) ეპისკოპოსობა.

დაემორჩილა მღვდელმთავრის ნებას, თუმცა, ამასიის მიტროპოლიტი საეკლესიო საქმეთა გამო კონსტანტინოპოლში ჩარჩა. მან ევტიქიოსის ხელი მოჰკიდა, სარდალ ურბიკიას აშენებულ ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მიიყვანა და ნათლობისთვის გამოყოფილ ადგილას, ეკლესიის მსახურად აკურთხა.

მცირე ხანში ნეტარი ევტიქიოსი დიაკვნად დაადგინეს, და როცა ოცდაათი წელი შეუსრულდა, ხუცესად აკურთხეს.

თითქოს ხელს აღარაფერი უშლიდა ეპისკოპოსი გამხდარიყო. მაგრამ, უფალმა თავის რჩეულს უკეთესი მომავალი განუსაზღვრა, შეცვალა გარემოება, და ლაზიხიის მღვდელმთავრობა სხვამ მიიღო.

მაშინ წმინდა ევტიქიოსი დაუბრუნდა თავდაპირველ განზრახვას, ამასიის ერთ-ერთ მონასტერში დასახლდა და მონაზვნად აღიკვეცა. ეს მონასტერი წმინდა კაცების - მელეტის, ურანის და სელევკის მიერ იყო დაარსებული, რომელთაგან პირველი და უკანასკნელი თავის დროზე ამასიის ეკლესიის მღვდელმთავარნი იყვნენ, ამავე ხარისხში აღესრულნენ და მათ აკლდამებთან მრავალი სნეული იკურნებოდა.

ამ დიდებულ სელევკიზე ჰყვებიან, რომ იგი სიცოცხლეშივე სასწაულმოქმედი იყო. ოდესღაც ამასიის ოლქში საშინელი შიმშილობა ჩამოვარდა და წმინდა სელევკისთან უამრავი გლახაკი და შეჭირვებული მიდიოდა.

ასე რომ, მას პურის მარაგი გამოელია. ის, ვისაც პურის დარიგება ჰქონდა დავალებული, ნახა რომ შეჭირვებულებს ვერაფრით ეხმარებოდა და ვერც მათ წუწუნს გაუძლო, მივიდა წმინდა სელევკისთან და ამბარის გასაღები გადასცა.

წმინდანმა გასაღები გამოართვა, თავის საწოლზე დადო და მთელი ღამე ილოცა. ევედრებოდა ღმერთს, რომ შეეწყალებინა შიმშილისაგან სიკვდილის პირას მისული ხალხი და მათთვის საკვები გამოეგზავნა.

დილით ამბარი ხორბლით ავსებული ნახეს, იმდენად სავსე, რომ კარი აღარ იღებოდა.

ამგვარ ამბებს მოგვითხრობენ წმინდა სელევკიზე, რომელიც მოწამებრივად აღესრულა - მხეცებს მიუგდეს შესაჭმელად. ეკლესია მას 13 სექტემბერს მოიხსენიებს.

მის მსგავსად, წმინდა ურანის საფლავიდანაც ყოველგვარი სნეულებისგან იკურნებოდნენ.

წმინდა ურანი ოდესღაც ივერიის ეპისკოპოსის ტახტზე იჯდა და იქვე იყო დაკრძალული. ასეთი დიდი კაცების დაარსებული იყო ამასიის მონასტერი, რომელშიც წმინდა ევტიქიოსი ანგელოზის სქემით შეიმოსა, წელზე ჭეშმარიტება შემოირტყა, აღიჭურვა ქრისტეს ყოვლისმძლეველი იარაღით, ამასიის მიტროპოლიაში არსებული ყველა მონასტრის არქიმანდრიტად დაადგინეს და იქ მცხოვრები მონაზვნებისთვის საიმედო ხელმძღვანელად გამოჩნდა.

იმ დროს იუსტინიანე დიდი მეფობდა (527-565 წლები) და როცა მღვდელმთავრები V მსოფლიო საეკლესიო კრებაზე შეიკრიბნენ (553 წლის მაისი), ამასიის მიტროპოლიტი ავად გახდა და არქიმანდრიტ ევტიქიოსს სთხოვა, მის ნაცვლად წასულიყო კონსტანტინოპოლში.

როცა ნეტარი ევტიქიოსი წასასვლელად ემზადებოდა, სიზმრეულ ჩვენებაში იხილა, ციდან ჩამოშვებული ღვთის ზეციური ხელი, რომელიც მონასტრის სიახლოვეს მდებარე ძალიან მაღალ მთაზე მდებარე ეკლესიისკენ მიუთითებდა, სადაც წმინდა თალალეს (ხსენება 27 თებერვალს) ეკლესია იდგა, ამასთან, ევტიქიოსს ზეციდან მოესმა ხმა: - "შენ იქ ეპისკოპოსი იქნები!"

გამოეღვიძა ნეტარ მამას და ამ ხილვით განკვირვებული ვერ ხვდებოდა, თუ რას ნიშნავდა იგი. ხილვა კი მის მომავალ კონსტანტინოპოლის პატრიარქობას მოასწავებდა, რომელზეც, ღვთის კურთხევით, მოკლე ხანში უნდა ამაღლებულიყო.

ოდეს ღირსი ევტიქიოსი კონსტანტინოპოლში ჩავიდა, მოხუცმა პატრიარქმა მინამ, რომელსაც სიკვდილი მოახლოებოდა, იხილა რა ნეტარი, წინასწარმეტყველურად უთხრა თავის მრევლს, რომ იგი მის შემდეგ პატრიარქი იქნებოდა.

მან წმინდა ევტიქიოსს საპატრიარქო სახლში ცხოვრება უბრძანა და მასთან საღვთო საუბრებით ტკბებოდა. წმინდა მინამ მეფესაც შეატყობინა ღირსი ევტიქიოსის კეთილგონიერებისა და მაღალი ზნეობის შესახებ და მასთან არქიმანდრიტი წარგზავნა.

ღვთის ნებით, იმ დროს ხელმწიფესთან რამდენიმე ერეტიკოსი იმყოფებოდა, რომელნიც ნეტარ მამას ზოგიერთ დოგმატურ საკითხზე უწყეს კამათი, თუმცა, ძალა არ შესწევდათ, ღირსი ევტიქიოსის სიბრძნეს შეწინააღმდეგებოდნენ.

განსახილველად: იდგა ასეთი საკითხი:

- უნდა შევაჩვენოთ თუ არა ერეტიკოსები, მათი სიკვდილის შემდეგ. ზოგიერთები ამტკიცებდნენ, რომ ანათემაზე არ უნდა გადაეცათ, ის ერეტიკოსები, რომელთა ერესიც მათი სიკვდილის შემდეგ გამომჟღავნდა. წმინდა ევტიქიოსი კი პირიქით, ამტკიცებდა, რომ ერეტიკოსები ყოველთვის, თვით მათი სიკვდილის შემდეგ უნდა გადაეცათ ანათემაზე.

მას წმინდა წერილიდან მოჰყავდა მაგალითი იერუსალიმის მეფის იოსიასი, რომელმაც საფლავებიდან ამოთხარა და დაწვა დიდი ხნის წინ გარდაცვლილ კერპთაყვანისმცემელთა ძვლები; მსგავსად ამისა, - ამტკიცებდა წმინდა ევტიქიოსი, - სასჯელს უნდა გადავცეთ ერეტიკოსები, მათი სიკვდილის შემდეგ.

ამ ამბის შემდგომ წმინდა ევტიქიოსი მეფის კეთილგანწყობით სარგებლობდა, მას ყველა აქებდა და პატივს მიაგებდა; იმავე დროს (კრების დაწყებამდე) შეუძლოდ შეიქნა წმინდა პატრიარქი მინა და ძალზე ხანდაზმული წარვიდა უფლისა მიმართ.

და აი, მრავალი სასულიერო პირი საჩუქრებით და შუამავლებით ცდილობდა მეფისგან ეს პატივი მიეღო. მაგრამ მეფე, რომლის გულიც ღმერთს ებარა, წმინდა ევტიქიოსზე ფიქრობდა, ამიტომ, ვინმე დიდებულს, სახელად პეტრეს, უბრძანა, შეუმჩნევლად ედევნებინა თვალი ამასიელი არქიმანდრიტისთვის, რათა ეს უკანასკნელი ადამიანურ დიდებას არ გაქცეოდა და კონსტანტინოპოლიდან არ გაპარულიყო.

მაშინ წმინდანს სხვა სიზმრეული ჩვენებაც ჰქონდა, რომლის შესახებაც შემდგომ უამბო თავის შინაურებს: - მომეჩვენა, თითქოს დიდი და ძალზე ბრწყინვალე სახლი ვიხილე, რომელშიც ძვირფასი სამკაულებით მორთული საწოლი იდგა. მასზე ვინმე პატივცემული დედაკაცი დაბრძანებულიყო, სახელად - სოფიო, რომელმაც მიხმო და თავისი სამკაულები მაჩვენა.

ამ დროს ვიხილე, რომ სახლის სახურავი თოვლით იყო დაფარული, თოვლზე კი ვინმე ყრმა დამდგარიყო, სახელად სოტერიკი, რომელსაც შეიძლებოდა ფეხი დასცურებოდა და სახურავიდან ჩამოვარდნილიყო. მაგრამ გავაფრთხილე, დათოვლილი სახურავიდან ჩამოვიყვანე და ამგვარად ვიხსენიო!

ეს იხილა წმინდა მამამ გაპატრიარქების წინა დღეს, რაც სავსებით დაემთხვა სინამდვილეს: - ხილვაში ნანახი დედაკაცი - კონსტანტინოპოლის წმინდა სოფიას სახელობის საკათედრო ტაძარს ნიშნავდა, მისი სამკაულები კი საეკლესიო საქმეებს, ხოლო ყრმა სოტერიკი, სახურავიდან რომ ვარდებოდა, დაცემის პირას მისულ დოგმატურ აღსარებას მოასწავებდა, რომელიც, შესაძლოა, ერესში ჩავარდნილიყო და კარგი დამცველისგან სასწრაფოდ სჭირდებოდა შეწევნა.

თუმცა, წმინდა ევტიქიოსის შესახებ გამოცხადება ხელმწიფესაც ჰქონდა, რის შესახებაც ფიცით აუწყა თავის მთავრობას და წმინდა სოფიას ეკლესიის მრევლს:

- ერთხელ აფირში წმინდა პეტრე მოციქულის ტაძარში ლოცვას ვესწრებოდი, ჩამთვლიმა და მოციქულთა თავი ვიხილე, რომელმაც ხელით მიმითითა ევტიქიოსისკენ და მითხრა: - "დაე, ეს იყოს დადგენილი ეპისკოპოსად!"

ეს რომ მოისმინეს, ყველამ ერთხმად შესძახა:

- "ღირს არს, ღირს არს!"

და აი, ღვთაებრივი ნებითა და განგებულებით, ორმოცი წლის წმინდა ევტიქიოსი კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ტახტზე აღასაყდრეს. მისი პატრიარქობის დასაწყისში, მას მერე, რაც წმინდა მამები შეიკრიბნენ, კონსტანტინოპოლში მსოფლიო კრება გაიმართა.

მას ესწრებოდა ძველი რომის პაპი ვიგილიუსი, ალექსანდრიის პატრიარქი აპოლინარიოსი, ანტიოქიისა დომნე, რომლებმაც ახალი რომის უწმინდეს პატრიარქ ევტიქიოსისა და სხვა წმინდა მამებთან ერთად განამტკიცეს ღვთისმოსაობა, ანათემას გადასცეს ერეტიკოსები და მათი ბოროტი ბრძნობა.

იმ დროს, როცა წმინდა ევტიქიოსი სიბრძნით განაგებდა ქრისტეს ეკლესიას, ეშმაკმა თავის ერეტიკოსებთან ერთად მის წინააღმდეგ დევნა აღძრა.

რამდენიმე წლის შემდეგ იმპერატორი იუსტინიანე შეუმჩნევლად აცდუნეს ერეტიკოსებმა და მათ მხარეს გადაიხარა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ქრისტეს სხეული, მასში ღვთაებრივი ბუნების შეერთების გამო, გარდაცვალებამდე და მკვდრეთით აღდგომამდე უხრწნელი იყო და ადამიანური ტანჯვა არ განუცდია.

ამ ერეტიკული სწავლების გავრცელებით მეფემ ეკლესია აღაშფოთა და ყველას აიძულებდა, ისე ეწამათ, როგორც თავად სწამდა.

რასაკვირველია, ამ ყოველივეს წმინდა პატრიარქი ევტიქიოსი შეეწინააღმდეგა და მიუთითებდა, რომ ამგვარი სწავლება ერეტიკულია და არ ეკუთვნის მართლმადიდებელ ეკლესიას.

წმინდა წერილსა და წმინდა მამების სწავლებებზე დაყრდნობით მან აუხსნა, რომ ქრისტეს სხეული, ცოდვის გარდა, ყველაფერში მსგავსი იყო ჩვენი ხრწნადი სხეულისა და ხელმისაწვდომი იყო ვნებისთვის. რამეთუ ქალწულისაგან შობილი საფენებში გაეხვია, რძით იკვებებოდა, წინადაცვეთა დაითმინა და მთელი თავისი მიწიერი ცხოვრება საჭმელი და სასმელი სჭირდებოდა. როგორ იყო უხრწნელი და როგორ თუ არ განუცდია ტანჯვა, როცა მან ჩვენთვის მილურსმვა და მახვილით განგმირვა დაითმინა? მხოლოდ ერთი რამ შეიძლება ვიფიქროთ მის უხრწნელობაში, - ის, რომ იგი თავისუფალი იყო ცოდვის ხრწნილებისგან და კუბოში არ გაიხრწნა.

მაგრამ მეფეს არათუ სურდა პატრიარქის მართლმადიდებლური სწავლების მოსმენა, არამედ ყველანაირად ცდილობდა წმინდა ევტიქიოსის დაყოლიებას, რომ ხელი მოეწერა და დაემტკიცებინა მისი ერეტიკული სწავლების სამართლიანობა.

და რადგანაც პატრიარქი არ ეთანხმებოდა, ხელი მოეწერა მეფის არამართლმადიდებლური ბრძნობისთვის, ეს უკანასკნელი ძალზე მრისხანებდა მასზე.

ორივე მხრიდან ბევრი დავა-კამათის შემდგომ იმპერატორმა იუსტინიანემ ერეტიკოსების და, განსაკუთრებით, ოლქების მმართველების, ეფერიას და ადეას შთაგონებით, გამართა თანამოაზრე ეპისკოპოსთა უსჯულო კრება და წმინდა ევტიქიოსი, თავისი პატრიარქობის მეთორმეტე წლისთავზე, ცრუ ბრალდებებით, რომელსაც ცრუ მოწმეები ადასტურებდნენ, ასეთი დიდებული და წმინდა კაცი ამ პატივს ჩამოაშორა და მის ნაცვლად ვინმე ცრუმწყემსი, კაცთმოთნე და უწმინდური იოანე სქოლასტიკოსად წოდებული აირჩია.

ოცდაორ იანვარს, წმინდა ტიმოთე მოციქულის ხსენების დღეს, წმინდა ევტიქიოსი ჯარისკაცთა ხელით გამოიყვანეს ტაძრიდან: ოლქის მმართველი ეფერია შეიარაღებული ხალხით მოვიდა და გამძვინვარებულმა ბრძანა, წმინდა ევტიქიოსი ძალით გამოეთრიათ ტაძრიდან, ამასთან, განძარცვა სამღვდელმთავრო შესამოსელი და ამასიის ოლქში გადაასახლა.

აქვე ვიტყვით, რომ შემდგომში, თავის დროზე ეფერია, თავის მეგობარ ადეასთან ერთად, ვერ გაექცა ღვთის შურისძიებას; მას ჩამოართვეს ტიტული, სიმდიდრე და სიცოცხლეც.

ერთსა და იმავე დღეს, 3 ოქტომბერს, - ორივეს თავიანთი ჩადენილი ბოროტებისთვის სამართლიანად სიკვდილი მიესაჯათ - ორივეს ნაჯახით თავი წარჰკვეთეს.

ამასობაში ამასიის ოლქში გადასახლებული ქრისტეს მღვდელმთავარი ევტიქიოსი, თავის მონასტერში, მარხვასა და ლოცვაში იმყოფებოდა, სადაც მრავალ სასწაულს მოიმოქმედებდა, განკურნებდა ადამიანთა უძლურებებს. მის ზოგიერთ სასწაულზე ჩვენც მოგითხრობთ:

ქალაქ ამასიაში ცხოვრობდა ვინმე ანდროგინე მეუღლითურთ. ცოლ-ქმარი ძალზე წუხდა, რამეთუ ბავშვები დაბადებამდე, მუცლად ყოფნისასვე ეღუპებოდათ...

მეუღლეები აცრემლებულები მიეახლნენ წმინდა მღვდელმთავარს და შესთხოვეს, მათთვის ელოცა, რათა უფალს წყალობა მოეღო და შვილი შერჩენოდათ. წმინდანმა წმინდა ზეთი სცხო, რომელიც ძელიცხოვლის ნაწილიდან მოედინებოდა და ასევე ზეთი სოზოპელეს ღვთისმშობლის ხატის კანდელიდან და უთხრა: "ყრმას, რომელიც მუცელში გყავთ (ქალი ამ დროს ორსულად იყო) დაარქვით პეტრე და იცოცხლებს!"

იქვე მყოფმა წმინდა ევტიქიოსის ჰაგიოგრაფმა, ხუცესმა ევსტატემ ჰკითხა:

- "თუ ბავშვი დედათა სქესის დაიბადება, მაშინ რა დავარქვათო?"

წმინდანმა კი დარწმუნებით იწინასწარმეტყველა, რომ ვაჟი გაჩნდებოდა, რომლისთვისაც აუცილებლად პეტრე უნდა დაერქმიათ.

მართლაც, ქალმა ნორმალურად იმშობიარა და ბავშვს პეტრე დაარქვეს, რომელიც ცოცხალი გადარჩა და გაიზარდა. შემდგომში ამ ქალმა მეორე ვაჟიც გააჩინა და ხელში აყვანილი ღვთის მღვდელმთავარს მიუყვანა, ჰკითხა: - რა დავარქვათ ახალშობილს?

- დაე, იოანე დაერქვასო, - უპასუხა წმინდანმა, - რადგან ღმერთმა თქვენი ლოცვა შეისმინა, რომელიც წმინდა იოანეს ტაძარში აღავლინეთო.

ერთმა საეკლესიო დაბის ხუცესმა ღვთის წმინდანს თავისი თოთხმეტი წლის ვაჟი, სახელად ნუნექია მიუყვანა, წმინდანმა მას ზეთი სცხო და ყმაწვილს გაუხსნა სმენა, აუხსნა ენა და ყრუ-მუნჯს უკვე ესმოდა და მეტყველებდა.

სხვა საეკლესიო მსახურს ვინმე კირილეს ხუთი წლის ვაჟი ჰყავდა, რომელიც ასევე მუნჯი გახლდათ და ავადმყოფობის გამო სიკვდილის პირას იყო მისული.

ღვთის მღვდელმთავარმა ლოცვით განამრთელა და მეტყველების უნარიც უბოძა.

ერთხელ წმინდანს ქალაქ ზილიდან ოთხი წლის ყრმა მოუყვანეს, სრულიად გამხმარი, მხოლოდ ძვალზე გადაკრული კანიღა ჰქონდა. მას არაფრის ჭამა არ შეეძლო და დედის მკერდიდან მცირეოდენ რძეს თუ მოსწოვდა.

წმინდანმა მას ზეთი სცხო და განკურნა.

ქრისტეს სათნომყოფლის ლოცვით და ზეთისცხებით პირდაპირ სიკვდილს გამოგლიჯეს ერთი ამასიელი მხატვრის ვაჟი, რომელიც იმდენად დასნეულებულიყო, კვდებოდა.

ვინმე დედაკაცი შვიდი წლის ვაჟითურთ ქალაქს რაღაც საქმეზე მიდიოდა, მაგრამ ბავშვი ეშმაკმა მოსწყლა და წელს ქვევით დამბლა დაეცა, რა მიზეზითაც ფეხზე ვეღარ დგებოდა და მიწაზე გორავდა.

ქალმა თანამგზავრთა დახმარებით ბავშვი წამოაყენეს და წმინდა პატრიარქს მონასტერში ტირილით მიჰგვარა, - მოწყალება მოიღეთ და განკურნეთო!

წმინდანმა ლოცვით და წმინდა ზეთისცხებით ბიჭუნა მშობლებს მთელი დაუბრუნა.

ქალაქ ამასიის სიახლოვეს ფლავიას დედათა მონასტერი მდებარეობდა. იქიდან წმინდანს შვიდი წლის გოგონა მოუყვანეს, რომელსაც ზიარება არ შეეძლო, რადგან თრთოდა და საშინელი ყვირილით წმინდა ბარძიმისგან პირს იბრუნებდა.

ხოლო თუ წმინდა ძღვენს პირში ძალით ჩაუდებდნენ, გადმოაფურთხებდა ხოლმე, რადგან ბოროტი დაჰპატრონებოდა.

წმინდანმა გულითადად ილოცა და გოგონასაგან ბოროტი სული განდევნა. ყრმა განიკურნა და მღვდელმთავრის ხელთაგან მშვიდად მიიღო წმინდა ზიარება.

ყმაწვილი, რომელსაც შეეძლო მოზაიკით მშვენივრად შეემკო ეკლესიები, ამასიელი მოქალაქე ქრიზანთეს სახლში, ძველებურ მოზაიკას აცლიდა და მის ნაცვლად წმინდა ხატებს გამოსახავდა. ძველ ფრესკებში შიშველი ვენერას გამოსახულებაც იყო. როდესაც ყმაწვილმა კედელზე მისი ჩამონგრევა იწყო, მასში შესულმა ეშმაკმა ოსტატს ხელი საშინელი სნეულებით, - კიბოთი დაუსნებოვნა.

ყმაწვილს ხელი გაუსივდა, დაუჩირქდა და ვერაფრით უწამლა, მისი შემხედვარე ყველა ირწმუნებოდა: - ხელი თუ არ წარჰკვეთეს, მთელი სხეული წარუწყდებაო.



დამწუხრებულმა ბიჭმა წმინდა მღვდელმთავარს მიმართა და კურნება სთხოვა. წმინდანმა ლოცვით და წმინდა ზეთის ცხებით განკურნებული ყმაწვილი მესამე დღეს შინ გაუშვა. მცირე ხანში ჭაბუკმა ვენერას გამოსახულება სწორედ იმ განმრთელებული ხელით მოანგრია, მის ნაცვლად კი - თავისი უვერცხლოდ მკურნალი, წმინდა ევტიქიოსი გამოსახა.

ღირსმა მამამ ამგვარადვე განკურნა სხვა ყმაწვილიც, უკურნებელი სნეულებისაგან ხელი რომ დაზიანებოდა და ექიმები მოკვეთას ურჩევდნენ.

ერთხელ წმინდანთან ერთი ეშმაკეული ყმაწვილი მოიყვანეს, რომელიც საშინლად იტანჯებოდა. როცა წმინდა ევტიქიოსმა ჯვარი გამოსახა და წმინდა ზეთი სცხო, მაშინ მან, თითქოს ეშმაკეული ძალისგან მახვილით განგმირულმა, საშინელი ხმით ყვირილი დაიწყო, პირიდან ქაფი გადმოდიოდა და კბილებს აკრაჭუნებდა. მაშინ მიხვდნენ, რომ ყმაწვილს ერთის ნაცვლად რამდენიმე ეშმაკი ტანჯავდა.გაკოჭილი ყმაწვილი მიწაზე მკვდარივით დაენარცხა.

რამდენიმე დღის განმავლობაში გაცილებით ძლიერ ტანჯვას განიცდიდა. წმინდანი ევტიქიოსი გაოცდა, გაუკვირდა, ამდენი ხანი ბოროტმა ყმაწვილის სხეული რატომ არ დატოვა და თავის მომავალ ჰაგიოგრაფს, ხუცეს ევსტატეს უბრძანა, ეკითხა ყმაწვილისთვის, ვინ იყო, სად ცხოვრობდა, და რა საქმიანობას ეწეოდა, ვიდრე მას ეშმაკი დაეუფლებოდა.

სნეულმა დაწვრილებით მოუთხრო საკუთარ თავზე:

- "მე აკროპოლიაში, წმინდა იოანეს სახელობის მონასტრის ბერი ვიყავი. მაგრამ მერე მივატოვე მონაზვნობა და წავედი ერში, ცოლი შევირთე და მრავალი ცოდვა ჩავიდინე, რისთვისაც ალბათ ღმერთი მსჯის და ვიტანჯები, მაგრამ, თუ თქვენ რაიმე შესაძლებლობა გაქვთ, დამეხმარეთო!"

ეს რომ შეიტყო, ჩვეული გულმოდგინებით შეევედრა ღმერთს, შემდეგ კი ყმაწვილს ურჩია, მონასტერში დაბრუნებულიყო და კვლავ ბერად შემდგარიყო.

როგორც კი ყმაწვილი გულწრფელად დაჰპირდა, რომ ასე მოიქცეოდა, წმინდა მღვდელმთავრის ლოცვით მაშინვე გათავისუფლდა.

ღირს ევტიქიოსთან ოდესღაც ერთი კეთროვანიც მივიდა და განკურნება იმ პირობით მიიღო, რომ ღვინოს არასოდეს დალევდა.

სხვა კაცმა მეზობელთან დავის დროს, სასამართლოში ტყუილად დაიფიცა და ღვთისაგან სასჯელიც მიიღო, - ერთი წლით მხედველობა დაკარგა. სხვათა დახმარებით წმინდა ევტიქიოსთან მივიდა და ცოდვები აღიარა. საღვთო მოწყალებით, მღვდელმთავრის ხელმწიფებით და ღვთისთვის სათნო ლოცვებით, როგორც სულიერი, ისე ხორციელი კურნება მიიღო და ადრინდელზე უკეთაც კი ხედავდა.

კეთილ მკურნალთან, წმინდა ევტიქიოსთან სხვადასხვა სნეულებით უამრავი ადამიანი მიდიოდა, კაცები, ქალები, ბავშვები და ყველა მათგანი წმინდანის ლოცვით სწრაფად იკურნებოდა.

ამასიაში სპარსელთა შემოსევისას ქალაქს უამრავმა ადამიანმა შეაფარა თავი, რამაც საშინელი შიმშილობა გამოიწვია. მაშინ ღვთისკაცმა ისე მოაწყო, რომ მის მონასტერს საჭმელი არ გამოლეოდა. ყოველდღიურად მას უამრავი ადამიანი აკითხავდა საზრდოს მისაღებად.

ერთ დღეს მონასტრის მნემ წმინდანს აუწყა, - სიმინდისა და ფქვილის მარაგი გამოილია და მთხოვნელთ ვეღარაფერს ვუწილადებთ, რადგან ჩვენც აღარა დაგვრჩა რაო.

რა იხილა გამოცარიელებული ბეღელი, წმინდა მამამ ძმები ამგვარად ანუგეშა:

- "ღვთის იმედს ნუ დაკარგავთ და გწამდეთ, რომ რასაც შეჭირვებულთ უწყალობებთ, უფალი ორმაგად მოგაგებთ. მე მტკიცედ მწამს ღვთის მოწყალების. როგორც წმინდა ილია წინასწარმეტყველის ჟამს სარეფთელ დედაკაცს არ გამოელია ფქვილი და ზეთი, ჩვენც ყველაფერი გვექნება, რაც დაგვჭირდება და სხვებსაც მაძღრად ვაჭმევთ და ისინიც ადიდებენ უფალსო!"

მისი სიტყვა მალე აღსრულდა: - საზრდელი არათუ მოაკლდათ, ბეღელში ყოველივე მით მრავლდებოდა, რაც მეტს გასცემდნენ.

ღვთის კაცს, წმინდა ევტიქიოსს ღვთისგან წინასწარმეტყველების მადლიც ჰქონდა. იმპერატორ იუსტინიანეს გარდაცვალებამდე სამი წლით ადრე ამასიაში მეფის და¬ვალებით ბრძანდებოდა იმპერატორის ძმის შვილი, კუროპალატი იუსტინე, რომელსაც განმარტოებისას წმინდა ევტიქიოსმა ეს უთხრა:

- მისმინე, ბატონო კუროპალატო! თუმც კი ცოდვილი ვარ, მაგრამ ჩემი უფლის მონა და მღვდელმთავარი ვარ, რომელმაც მაუწყა, რომ ბიძაშენის გარდაცვალების შემდეგ შენ გამეფდები.

გაფრთხილდი, რომ მრავალი საქმის გამო, ეს არ დააყოვნო (ეს მომენტი არ გამოგრჩეს), აგრეთვე, გაუფრთხილდი საკუთარ თავს, რომ უახლოეს მომავალში უფლის მიერ შენზე დაკისრებული მოვალეობის ღირსეულად აღმსრულებლად წარმოჩინდეო!

იუსტინემ მადლობა შესწირა ღმერთს და წმინდა წინასწარმეტყველს ლოცვითი შეწევნა სთხოვა.

ტიბერიუსს კი წერილობით აუწყა, რომ იუსტინეს შემდგომ გამეფდებოდა: - ღმერთმა ახლა მხოლოდ ნაწილობრივ გიბოძა ხალხის მართვა, მაგრამ უახლოეს ხანს სამეფო მმართველობას ჩაგაბარებსო, რაც აღსრულდა კიდეც.

იმპერატორ იუსტინიანეს გარდაცვალების შემდეგ სამეფო ტახტზე მისი ძმის შვილი, იუსტინე ავიდა, ხოლო ზემოხსენებულ კონსტანტინოპოლის პატრიარქ იოანე სქოლასტიკოსის გარდაცვალების შემდგომ წმინდა პატრიარქი ევტიქიოსი, თორმეტი წლის და რვა თვის გადასახლების შემდეგ თავის პატივს დაუბრუნდა.

შინ დაბრუნებულს ზღვაზეც და ხმელზეც და სიხარულით გალობდნენ:

- "კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა!"

ეს 3 ოქტომბერს აღსრულდა.

მცირე ხნით ადრე მეფის ბრძანებით სიკვდილით დაისაჯნენ წმინდანის მტრები, ოლქის მმართველები - ეფერი და ადეა.

ცხოვრების დარჩენილი დღეები წმინდა პატრიარქმა ევტიქიოსმა მშვიდად გაატარა და ეკლესია მართლმადიდებლური სწავლებითა და სასწაულებით განამშვენა: - ლოცვით შეაჩერა უეცრად გაჩენილი შავი ჭირი, სასიკვდილო წყლულებით მოსილნი კი განამრთელა, თავად კი სწორედ ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულზე დასნეულდა.

ნეტარი ღვთისმოსავმა იმპერატორმა, ტიბერიუსმა ინახულა. ევტიქიოსმა უწინასწარმეტყველა, - ჩემი ამქვეყნიდან განსვლის შემდგომ შენც მალე მიიცვლებიო და ასეც მოხდა.

მთელი ბრწყინვალე შვიდეული იავადა წმინდა მამამ, თომას კვირიაკეს მრევლს უხმო, აკურთხა, უკანასკნელად ეამბორა და შებინდებისას, სამოცდაათი წლის ასაკში საუკუნო ძილით მიიძინა.

ეს 682 წელს მოხდა. წმინდა ევტიქიოსი მოციქულთა სახელობის ტაძარში საკურთხევლის კიბის წინ პატივით დაკრძალეს, იქ, სადაც წმინდა მოციქულთა: ანდრიას, ტიმოთეს და ლუკას წმინდა ნაწილნი იყო დასვენებული.

1246 წელს წმინდა ევტიქიოსის წმინდა ნაწილები ვენეციაში გადაასვენეს.

ღირსი მამის მიცვალების შემდეგ, მისივე წინასწარმეტყველებისამებრ, იმპერატორმა ტიბერიუსმა ოთხი თვე და რვა დღეღა იცოცხლა.

კონდაკი:

საღმრთოსა ევსტიქისა სარწმუნოებით ვაქებდეთ, ერნო, და გალობით და სიყვარულით ვნატრიდეთ, ვითარცა დიდსა მწყემსმთავარსა და მასწავლელსა ბრძენსა, და მწვალებელთა მომსვრელსა, და მეოხსა მარადის უფლისა მიმართ ჩუენ ყოველთათასა.

ბეჭდვა
1კ1