წმინდა ნიკეტი, ეპისკოპოსი ლიონისა (+573) - 02 (15) აპრილი
წმინდა ნიკეტი, ეპისკოპოსი ლიონისა (+573) - 02 (15) აპრილი
ეს წმინდა მამა VI საუკუნეში ცხოვრობდა და წარჩინებული ოჯახის შვილი გახლდათ, - მამამისი სენატორი იყო.

ერთხელ მას წმინდა მარტინ ტურელი (ხსენება 11 ნოემბერს) გამოეცხადა და სახეზე გამოზრდილი სიმსივნისაგან განკურნა.

ოცდაათი წლისა იყო, ხელი მღვდლად რომ დაასხეს, ამასთან, თავის სარჩენად და უპოვართა შესაწევნად გამუდმებით შრომობდა და სარჩოს ასე მოირეწდა.

ნიკეტი ახალგაზრდათა განათლებას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა, განსაკუთრებული ყურადღებით ეპყრობოდა თავის ნათესავს, გრიგოლ ტურელს, მოგვიანებით მისი ცხოვრება რომ აღწერა.

ნეტარის ბიძა, ლიონელი ეპისკოპოსი, წმინდა საკერ¬დოტი, რომელიც პარიზს მეფე ჰილდებერგს ეწვია, მძიმედ დასნეულდა (+551 წლის 11 სექტემბერი), უკანასკნელ სურვილად კი კათედრის ნათესავ ნიკეტისათვის გადაცემა დაუბარა მეფეს, რომელმაც მისი ნება აღასრულა.

ქრისტეს ეს წმინდა მსახური ფრიად მოწყალე და მიმტევებელი გახლდათ: - რა ზიანიც უნდა მიეღო, მის მოქმედს მყისვე შეუნდობდა, თუმცა, ეს სიყვარული და სილბილე გონიერად ჰქონდა შერწყმული თავის მისიასთან და ხან მრისხანებდა კიდეც. მაგალითად, ერთხელ, როდესაც დაინახა, რომ საეკლესიო მსახურებიდან განყენებული დიაკონი ცისკარს აღავლენდა, ხმამაღლა ღაღადყო:

- დაე, დადუმდეს!

ამის თქმა იყო და ურჩი დიაკონი მიწას ყვირილით განერთხა, წამოდგომა კი მხოლოდ მაშინ შეძლო, რაც მეუფემ ილოცა და მისგან ბოროტი განასხა.

წმინდა ნიკეტი ლიონის კათედრას, დაახლოებით, ოც წელიწადს განაგებდა და მრავალი საეკლესიო კრების მონაწილე გახლავთ, მათ შორის, - ლიონის 567 წლის კრებისაც, გალიის ეკლესიის განმტკიცებაში უზარმაზარი წვლილი რომ მიუძღვის.

ნეტარი მამა 573 წელს მიიცვალა.

ბეჭდვა
1კ1