ღირსი გრიგოლი, რომელი იღვწოდა ნიკომიდიის სიახლოვეს (+1240) - 02 (15) აპრილი
ღირსი გრიგოლი, რომელი იღვწოდა ნიკომიდიის სიახლოვეს (+1240) - 02 (15) აპრილი
ეს მაღალღირსი მამა მეთორმეტე საუკუნის დასალიერს ბითვინიაში, კეთილშობილ და შეძლებულ ოჯახში იშვა. მისი გონების პატრონს საერო მეცნიერებათა ათვისება არ გასჭირვებია, თუმცა, გრიგოლი სულ სხვა რამეს მოეწყლა: - შეჭმარიტების შემეცნება სწყუროდა.

ამიტომ ადგა და იმ ღვთისკაცის საძიებლად გაეშურა, საკუთარი ცხოვრებით რომ დაჰმოძღვრიდა და არა - ოდენ სიტყვით.

იგი საიმდროოდ საუკეთესო მონასტერში დამკვიდრდა და ბერად შემდგარი მოშურნედ შეუდგა იმ არაწმინდებასთან შერკინებას, ეშმაკი გამუდმებით რომ უპირისპირებდა.

იქვე შეიცნო, თუ როგორ ეცხოვრა ანგელოზთა სწორად, ემარხულა, ძმებთან ერთად ეგალობა ფსალმუნნი და განმარტოებით როგორ ელოცა.

ხოლო დემონებთან უხილავ ბრძოლაში გამოცდილებამიღებულ ხუცესთაგან იმის გარჩევა ისწავლა, თუ რომელი აზრები მომდინარეობდა ადამიანთაგან და რომელი - ბოროტისგან, ან როგორ უნდა დაჰპირისპირებოდა მათ...

გრიგოლი მალე წარემატა ყოველ სათნოებაში და ახალ სულიერ სიკეთეთა მოსახვეჭად კვლავ დაუღალავად ირჯებოდა.

იხილა რა ბოროტმა მასში მოღვაწეობის საღვთო შური, გრიგოლის ზოგიერთი თანამოძმე მოწამლა და მისდამი სამტროდ აღძრა: - სულდაფსებულებმა ცილი დასწამეს, - გრიგოლმა საეკლესიო ჭურჭელი მოიპარაო, თავად "ბრალდებული" კი, არ სურდა რა თავის მართ¬ლება, იქაურობას უხმოდ გაეცალა და იმ მონასტერში დაემკვიდრა, სადაც მისი ხორციელი ძმა იღვწოდა.

სავანის ძმობამ მალე შეიყვარა გრიგოლი და როგორც კი დიდი სქემით შეიმოსა, მისი მღვდლად ხელდასხმა სურდათ.

თავიდან ამ პატივზე, სიმდაბლის გამო, უარი თქვა, მაგრამ შემდეგ კი - ეკლესიისადმი მორჩილების მიზეზით დათანხმდა.

გავიდა სამი წელიწადი და გრიგოლი ერთ თანამოძმესთან ერთად სენაკში განმარტოვდა, რომ ლოცვას სრულიად მისცემოდა და სამუდამოდ დახსნოდა ამსოფლიურ საზრუნავებს.

ამგვარი, ჭეშმარიტად ანგელოზთ შენამსგავსი ცხოვრებით, დროსთან ერთად წარემატებოდა სულიერად და სამოღვაწეოდაც უფრო და უფრო უკაცურ ადგილებს ეძებდა. ბოლოს ნიკომიდიის ჩრდილოეთით, წმინდა ილია წინასწარმეტყველის მთის წვერზე ერთი უბადრუკი ქოხი აიშენა და იქ დაეყუდა...

ასეთი ღვაწლით იგი ღვთის მეგობრად იქცა და მრავალრიცხოვან სულიერ ნიჭებთან ერთად მომავლის წინასწარმცნობელობის და სასწაულქმედების მადლის ღირსიც გახდა, რის წყალობითაც მასთან მისულ ყოველ სულს, ჭვრეტდა რა მათ სულიერ მდგომარეობას, საჭიროებისდა მიხედვით სწამლობდა: - მავანს, თუ ხედავდა, რომ ეს ვნებას არ მოუტანდა, მომავალს ამცნობდა, ზოგს - სიტყვით ამრთელებდა, უპოვართ - შეეწეოდა, ხოლო განრღვეულთ - კურნავდა, მაგრამ ამ სასწაულთ საკუთარ თავს როდი მიაწერდა, არამედ ყოვლადძლიერ შემოქმედს.

ერთხელ ნეტარს უწმინდური ადამიანები მიადგნენ დასაცინად, მაგრამ გრიგოლმა თითოეულ მათგანს ჩადენილი ცოდვები აუწყა. გარკვეული ხნის შემდგომ კი ეშმაკისაგან აღძრულმა ადამიანებმა ვითომდა საცთუნებლად უზნეო ქალი მიუგზავნეს, მაგრამ როგორც კი მისი ცეცხლოვანი, მამხილებელი სიტყვა ისმინა, უბედური მიწას განერთხა.

იხილეს რა ქალის გამომგზავნელებმა მისი საცოდაობა, შეინანეს და ნეტარს შესთხოვეს, ქალში დაბუდებული დემონი განესხა. გრიგოლმა, რომელმან არა უწყოდა, თუ რა იყო ავისმხსომელობა, მყისვე ზეცად აღაპყრო ხელნი, საბრალო ქალი გაათავისუფლა და სინანული უქადაგა.

სხვა დროს კი შურიანმა იერარქებმა რაღაც უმსგავსობაში დასწამეს ცილი და ნიკომიდიელ მიტროპოლიტთან "დააბეზღეს". მეუფემ მაშინვე დაიბარა გრიგოლი, უმკაცრესი ასკეზით ღონეგამოცლილმა ღირსმა მამამ კი მშვიდობით გალია გრძელი გზა და, ღვთის შეწევნით, ზღვის ყურე ისე გადალახა, თითქოს - ხმელეთზე ევლო.

ამ უდიდესი სასწაულის მხილველი მღვდელმთავარი მის ფეხებთან დაემხო და ადიდა უფალი, ხოლო ცილისმწამებლებმა შენდობა ითხოვეს.

საამქვეყნო დიდების მოძულე გრიგოლი კვლავ თავის უბადრუკ სენაკს განუმარტოვდა, სადაც უამრავი სასწაული აღასრულა, 1240 წელს კი ჯერაც ახალგაზრდა, 50 წლისა მიიცვალა.

ამ დიდი მამის შუამდგომლობით შეგვიწყალოს უფალმა!

ბეჭდვა
1კ1