ღირსი გიორგი მაწყვერელი ეპისკოპოსი (X) - 02 (15) აპრილი
ღირსი გიორგი მაწყვერელი ეპისკოპოსი (X) - 02 (15) აპრილი
ღირსი გიორგი მაწყვერელი აწყურის ეპისკოპოსი გახლდათ. ცნობილ მწერალსა და საეკლესიო მოღვაწეს კარგად იცნობდა მისი თანამედროვე საქართველო, თუმც, სამწუხაროდ, მის ლიტერატურულ მემკვიდრეობას, ჩვენამდე არ მოუღწევია.

ცნობებს წმიდა გიორგი მაწყვერელის შესახებ გიორგი მერჩულისა და ბასილი ზარზმელის (ხსენება 5 ოქტომბერს) ნაწერებში ვხვდებით.

გიორგი მერჩულე "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში" წერს: "ვჰგონებდ ცხოვრებასა ამას დაწერად ბრძენთაგან და სრულთა მამათა, რომელნიცა იყვნეს ჟამთა ჩუენთა", შემდგომ ჩამოთვლის ცნობილ საეკლესიო მწერალთა სახელებს, რომელთაგანაც თანამედროვენი მოელოდნენ ღირსი გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების აღწერას და, მათ შორის, ღირს გიორგი მაწყვერელსაც იხსენიებს. ბასილი ზარზმელის სიტყვისებრ, გიორგი მაწყვერელი, სამცხის საეკლესიო ცხოვრების მეთაური, "აღმოსცენდა ჴევისაგან შუარტყლისა, მშობელთაგან წარჩინებულთა და ღმრთისმოშიშთა; ხოლო აღიზარდა იგი განთქმულსა მას უდაბნოსა ოპიზას".

ყველაზე მნიშვნელოვანი ცნობანი ღირსი სერაპიონ ზარზმელის (ხსენება 29 ოქტომბერს) შესახებ ბასილისთვის სწორედ გიორგი მაწყვერელს გადაუცია: - "ყოველნი ესე სასწაულნი და საქმენი, რომელნი იგი პირველ ეპისკოპოსობისა და უკუანაჲსკნელ ეხილვნეს, მომითხრნეს პირმან მან უტყუელმან, გიორგის ვიტყჳ მაწყუერელს".

ღირსი გიორგი მაწყვერელი მეტად დაახლოებული ყოფილა წმინდა სერაპიონ ზარზმელთან (ხსენება 29 ოქტომბერს), მის დაკრძალვასაც დასწრებია და მისი ცხოვრების აღნუსხვაშიც დიდი წვლილი მიუძღვის.

ღირსმა გიორგიმ აწყურის კათედრა სამცხის დიდი ფეოდალის, გიორგი ჩორჩანელის გარდაცვალების მეოთხე წელს მიიღო, როდესაც ჩორჩანელთა გვარში და სახლეულობაში და, საერთოდ, მთელ სამცხეში, დიდი მღელვარება, მტრობა და ძმათაკვლა იყო გაჩაღებული მისი მემკვიდრეობის გამო. ამ განუკითხაობის ჟამს ღირსმა გიორგი მაწყვერელმა "ხელთიდვა განგებაჲ სამცხისაჲ" და "დააწყნარა ყოველი საბრძანებელი თჳსი", ვითარცა წეს იყო და დაიპყრა ყოველი მამული და ეკლე-სიანი პირველთა მათ მეშფოთეთანი".

ღირსმა მამამ X საუკუნის პირველ მეოთხედში მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

ბეჭდვა
1კ1