წმინდა იონა, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის მიტროპოლიტი, საკვირველმოქმედი (+1461) - 31 მარტი (13 აპრილი)
წმინდა იონა, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის მიტროპოლიტი, საკვირველმოქმედი (+1461) - 31 მარტი (13 აპრილი)
წმინდა იონა, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის მიტროპოლიტი, საკვირველმოქმედი დაიბადა ქალაქ გალიჩში, კეთილმსახურ ქრისტიანთა ოჯახში. იგი თორმეტი წლის იყო, როცა მონასტერში წავიდა. წმინდანი ჯერ გალიჩის ერთ-ერთ მონასტერში მოღვაწეობდა, შემდეგ კი მოსკოვის სვიმეონის სავანეში დამკვიდრდა, სადაც მრავალი წელი ასრულებდა სხვადასხვა მორჩილებას. ერთხელ სვიმეონის მონასტერი მოსკოველმა მიტროპოლიტმა, წმინდა ფოტიოსმა (ხს. 27 მაისსა და 2 ივლისს) მოინახულა. პარაკლისის შემდეგ მან დალოცა არქიმანდრიტი თავისი საძმოთი და იმ ბერების კურთხევაც მოისურვა, რომლებიც ამ დროს სხვადასხვა მორჩილების საქმეს აღასრულებდნენ. პურის საცხობში შესულმა მღვდელმთავარმა დაინახა იონა, რომელსაც, მძიმე სამუშაოებისაგან დაქანცულს, ჩასძინებოდა, მარჯვენა კი მაკურთხებელ ჟესტში გასჩერებოდა. ფოტიოსმა ითხოვა, არ გაეღვიძებინათ ბერი, აკურთხა მძინარე და იწინასწარმეტყველა, რომ იგი რუსეთის ეკლესიის დიდი მნათობი გახდებოდა და ბევრს დააყენებდა ცხონების გზაზე. მართლაც, რამდენიმე წლის შემდეგ მომავალ წმინდანს რიაზანისა და მურომის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი.

1431 წელს მღვდელმთავარი ფოტიოსი გარდაიცვალა. მისი სიკვდილიდან ხუთი წლის შემდეგ, კეთილმსახურებისა და წმინდა ცხოვრებისათვის, იონა სრულიად რუსეთის მიტროპოლიტად აირჩიეს. როცა ახალარჩეული მიტროპოლიტი კონსტანტინოპოლის პატრიარქ იოსებ II-სთან (1416-1439) ჩავიდა ხარისხის დასამტკიცებლად, გაირკვა, რომ რუსეთის ეკლესიის წინამძღვრად უკვე დაენიშნათ ბრძენი და ცბიერი უცხოტომელი ისიდორე. ისიდორემ მცირეოდენი ხანი დაჰყო კიევსა და მოსკოვში, შემდეგ კი ფლორენციის კრებაზე (1438 წ.) გაემგზავრა, სადაც მხარი დაუჭირა უნიას. რუსი მწყემსმთავრებისა და სამღვდელოების თავყრილობამ მართლმადიდებლობის ორგულ მსახურს ხარისხი აჰყარა და იგი იძულებული გახდა, რომში გაქცეულიყო (+1462). წმინდა იონა ერთსულოვნად იქნა დადგენილი სრულიად რუსეთის ეკლესიის მესაჭედ. ის იყო პირველი მიტროპოლიტი, რომლის ხელდასხმაც კონსტანტინოპოლელი პატრიარქის გრიგოლ II (1445-1450) კურთხევით რუსმა მღვდელმთავრებმა აღასრულეს მოსკოვში. წმინდა მამა 1448 წლის 15 დეკემბრიდან შეუდგა სამწყსოს გამგებლობას. ეკლესიის წინამძღვრის მძიმე ჯვრის ზიდვის მიუხედავად, წმინდანს ოდნავადაც არ შეუნელებია პირადი ასკეტური ღვაწლი. ყოველივე ამისთვის უფალმა სასწაულქმედების და განჭვრეტის ნიჭი მიმადლა თავის რჩეულს.

1451 წელს მოულოდნელად თათრები მოადგნენ მოსკოვს, მისი შემოგარენი გადაწვეს და ქალაქზე თავდასასხმელად ემზადებოდნენ. მიტროპოლიტი იონა ღვთისმსახურთა დასთან ერთად ლიტანიობას აღასრულებდა მოსკოვის გალავნის ირგვლივ და ცრემლებით შესთხოვდა უფალს ქალაქისა და მისი მცხოვრებლების შეწყალებას. უეცრად მან ჩუდოვოს მონასტრის მხცოვანი და კეთილმსახურებით გამორჩეული ბერი, ანტონი შენიშნა და ასე მიმართა: "შვილო და ძმაო ჩემო ანტონი! ილოცე ღვთისა და ყოვლადწმინდა ქალწულის მიმართ, რომ დაიხსნან ქალაქი და ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი!" თავმდაბალმა ბერმა მიუგო: "დიდო მეუფეო! მადლობა შევწიროთ უფალსა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს: მან შეისმინა შენი ვედრება და თავის ძეს შეგვავედრა; შენი ლოცვებით ქალაქი და ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი გადარჩება, მე, ერთადერთს, მიწერია მტრის ხელით სიკვდილი". ამ სიტყვების დასრულებისთანავე ისარმა განგმირა ღვთის სათნომყოფელი. 2 ივლისს კი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამოსლის დადების დღესასწაულზე, მამა ანტონის წინასწარმეტყველებისამებრ, მტრის რიგებში შფოთი ატყდა: ისინი გაურკვეველმა შიშმა შეიპყრო და ზარდაცემულები თავქუდმოგლეჯით უკუიქცნენ. მადლობის ნიშნად მღვდელმთავარმა იონამ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამოსლის დადების სახელობის ტაძარი ააგო.

ნეტარი მამა 1461 წლის 31 მარტს მიიცვალა. მის საფლავთან მრავალი სასწაულებრივი კურნება აღესრულა. 1472 წელს მოხდა წმინდანის უხრწნელი ნაწილების აღმოყვანება და მათი კრემლის მიძინების ტაძარში გადასვენება.

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1