ღირსი იპატი რუთინელი (V) - 31 მარტი (13 აპრილი)
ღირსი იპატი რუთინელი (V) - 31 მარტი (13 აპრილი)
31 მარტს ეკლესია V საუკუნეში ქალკედონიის ახლოს მდებარე რუთინის მონასტრის იღუმენის იპატის ხსენებას აღასრულებს. მონასტრის იღუმენობამდე მან ქრისტიანული მოღვაწეობის არცთუ იოლი გზა განვლო. იგი 446 წელს ფრიგიაში ქრისტიანი ადვოკატის ოჯახში დაიბადა. იპატიმ კარგი განათლება მიიღო. ერთხელ 18 წლის ჭაბუკი მამამ დასაჯა. გაბრაზებულმა იპატიმ სახლი დატოვა და თრაკიაში (ბალკანეთი) გაემგზავრა. თავდაპირველად ღორებს მწყემსავდა. შემდეგ კი პრესვიტერთან დასახლდა. ღვთისმსახური იპატის ფსალმუნთა გალობას ასწავლიდა. მალე გადაწყვიტა საერო ცხოვრებაზე უარი ეთქვა და ერთ-ერთ მონასტერში ბერად აღიკვეცა. სიძვის ცდუნებით შეშინებულმა 50 დღე უმკაცრეს მარხვაში გაატარა, შემდეგ კი მონასტრის წინამძღვრის კურთხევით მწუხრის ლოცვაზე ნაკურთხი ღვინო და პური მიიღო და ცოდვისაგან განიწმინდა.

მოღვაწეობისათვის ახალი ადგილის ძებნაში ღირსი იპატი ორ ბერთან ერთად ქალკედონიის ახლოს, რუთინის მიტოვებულ სავანეში დასახლდა. მალე მონასტერი აღდგა და აქ მრავალმა ბერმა მოიყარა თავი. ორმოცი წლის იყო წმინდა იპატი, როცა მონასტრის იღუმენად აირჩიეს. იგი 40 წელი ღირსეულად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას. ღვთივსათნო მოღვაწეობის გამო უფალმა მას სასწაულქმედების და წინასწარმეტყველების ნიჭი მიმადლა. ღირსი იპატის ლოცვით ეშმაკები გამოდიოდნენ შეპყრობილი ადამიანებისგან, მონასტერში პური მრავლდებოდა, ავადმყოფები იკურნებოდნენ. ღირსი იპატი მიიცვალა დაახლოებით 446 წელს, 80 წლის ასაკში. სიკვდილის წინ მან იწინასწარმეტყველა მომავალი უბედურებები: გამანადგურებელი სეტყვა, მიწისძვრა და ატილას თავდასხმა თრაკიაზე.

ბეჭდვა
1კ1