წმინდა ზოსიმე სირაკუზელი (+662) - 30 მარტი (12 აპრილი)
წმინდა ზოსიმე სირაკუზელი (+662) - 30 მარტი (12 აპრილი)
წმინდა ზოსიმე სირაკუზელი VII საუკუნის წმინდანია. მშობლებმა ის დაბადებამდე შეწირეს უფალს. მათ დიდხანს არ ეძლეოდათ შვილი, ამიტომ უფალს აღუთქვეს, თუ ოდესმე მშობლები გახდებოდნენ, უფლის სახელზე აღზრდიდნენ პატარას. უფალმა ისმინა ღვთისმოსავი მშობლების ვედრება და ვაჟი უბოძა მათ.

შვიდი წლის ზოსიმე წმინდა ლუკია სირაკუზელის სახელობის მონასტერში მიაბარეს აღსაზრდელად, წლების შემდეგ იქვე აღიკვეცა ბერად. ერთხელ ახალგაზრდა ბერს მშობლები მოენატრა, მოძღვრის უკურთხებლად დატოვა მონასტერი და წავიდა მათ მოსანახულებლად. მშობლებმა თავად დააბრუნეს შვილი მონასტერში. იმ ღამით წმინდა ზოსიმეს წმინდა ლუკია სირაკუზელი გამოეცხადა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან ერთად. წმინდანმა უსაყვედურა ზოსიმეს მომხდარის გამო და უთხრა, რომ ამის შემდეგ მოქცეულიყო ნამდვილი მონაზონივით. მართლაც, იმ დღის შემდეგ ზოსიმე სამაგალითო ბერი იყო მონასტერში. ცამეტი წლის შემდეგ იგი ამ მონასტრის იღუმენად აირჩიეს და 40 წელი წინამძღვრობდა წმინდა ლუკია სირაკუზელის სახელობის მამათა მონასტერს, შემდეგ პაპმა თეოდორემ წმინდანს სირაკუზის ეპისკოპოსად დაასხა ხელი (641-649).

წმინდა ზოსიმე გამოირჩეოდა გულმოწყალებით და უანგარობით, სამწყსოს განაგებდა სიტყვით და პირადი მაგალითით. სიცოცხლის ბოლოს ზოსიმე დაავადმყოფდა, მაგრამ განსაცდელი დიდსულოვნად და მოთმინებით აიტანა. დაახლოებით 662 წელს 13 წლის მწყემსმთავრობის შემდეგ 90 წლის მღვდელმთავარმა უფალს მიაბარა სული.

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1