წმინდა იოანე სინელი (VII) - 30 მარტი (12 აპრილი)
წმინდა იოანე სინელი (VII) - 30 მარტი (12 აპრილი)
იოანე სინელი VI-VII საუკუნეების დიდი მეუდაბნოე მამაა.

ღირსი იოანეს წარმოშობაზე თითქმის არანაირი ცნობა არ შემონახულა. მის შესახებ არაფერი იცოდა არც მისმა თანამედროვემ და ცხოვრების აღმწერელმა, რაითელმა ბერმა დანიელმა. "დანამდვილებით არ ვიცი, ვერ გეტყვით, თუ რომელ ქალაქში იშვა და აღიზარდა ღვთისმსახურების ეს ახოვანი მხედარი, ვიდრე მოღვაწეობის სარბიელზე გამოვიდოდა; ხოლო ქალაქი, სადაც ამჟამად იმყოფება ყოვლადქებული მამა და უკვდავების ნეტარებით ხარობს, არაა ჩემთვის უცნობი; იგი იმყოფებოდა იმ ქალაქში, რომლის შესახებაც პავლე მოციქული ბრძანებს: "მოქალაქეობაჲ ცათა შინა არს" (ფილ. 3,20), - წერს დანიელი.

თუმცა ფიქრობენ, რომ მამა იოანე იყო ძე ქსენოფონტესი და მარიამისა, რომელთაც ეკლესია 26 იანვარს (ძვ. სტ.) იხსენიებს. როგორც "წმინდანთა ცხოვრება" მოგვითხრობს: მდიდარსა და სახელგანთქმულ კონსტანტინოპოლელ დიდებულს, ქსენოფონტეს და მის მეუღლეს, მარიამს ორი ვაჟი ჰყავდათ - იოანე და არკადიოსი. მშობლებმა შვილები კარგი განათლების მისაღებად ქალაქ ბირითის (დღევანდელი ბეირუთი) სახელგანთქმულ სასწავლებელში შეიყვანეს. მალე ქსენოფონტე დასნეულდა და მისმა მეუღლემ, მარიამმა, მამასთან დასამშვიდობებლად შვილები უკან გამოიხმო. შვილების ნახვის სიხარულით მამა უკეთ შეიქნა, მან შვილებს ისეთი დარიგება მისცა, რომელიც ყველა ქრისტიანს უნდა ახსოვდეს: "გიბარებთ, შვილებო, უპირველესად გქონდეთ ღვთის შიში, თქვენი ცხოვრება მისი წმინდა მცნებების მიხედვით წარმართეთ. მიჰბაძეთ მამათქვენს, რომელიც ყველასთვის საყვარელი და პატივსაცემი იყო არა მისი წოდების, არამედ თავმდაბლობისა და სიკეთის გამო. არასოდეს, არავინ გაუნაწყენებია, ცილი არავისთვის დაუწამებია, არავინ გაუნადგურებია, არავისი შეშურებია, ყველა უყვარდა, ყველასთან კეთილი ურთიერთობა ჰქონდა, დილა-საღამოს ეკლესიაში იყო, ღარიბები არ სძულდა, აპურებდა მათ და ყველას სიტყვითა და საქმით ანუგეშებდა, ზრუნავდა პატიმრებზე, ბევრი მათგანი გამოისყიდა ტყვეობიდან და გაათავისუფლა. მე ჩემს ბაგეებს ზღუდეს ვადებდი, რათა არ გამჩენოდა არაწმინდა სურვილები. იყავით უფლისთვის სათნონი და იგი გიბოძებთ ხანგრძლივ სიცოცხლეს. შეეწიეთ გლახაკებს, ქვრივ-ობლებს, მოიკითხეთ სნეულები და საპყრობილეში მყოფნი, იყავით მშვიდნი, მეგობრების ერთგულნი, მტრებისადმი მიმტევებელნი, ბოროტებაზე ბოროტებით ნუ უპასუხებთ, იყავით კეთილნი, თვინიერნი, მოყვარულნი, უბიწოდ შეინახეთ სულიერი და ხორციელი სიწმინდე. იყავით ქველმოქმედნი, დაეხმარეთ მღვდლებსა და ბერებს, მოინახულეთ უდაბნოებსა და მთებში უფლის სამსახურებლად განდეგილები. დაე, ნუ მოსწყინდება თქვენს ხელს მოწყალების გაღება. ღირსეული პატივი მიაგეთ თქვენს დედას, ყოველთვის აღასრულეთ მისი ნება და არასოდეს ეურჩოთ მას. იყავით შემწყალებელნი მონების მიმართ, მოხუცები გაათავისუფლეთ და სიცოცხლის ბოლომდე უზრუნველყავით საკვებითა და თავშესაფრით. გახსოვდეთ, რომ ეს წუთისოფელი მალე გაივლის და არარაობად იქცევა მისი დიდება. დაე, იყოს თქვენთან მშვიდობა ღვთისა!"

შვილები ტირილით უსმენდნენ მამას და არწმუნებდნენ, რომ იგი კიდევ დიდხანს იცოცხლებდა და იქნებოდა მათთან ერთად. და ეუწყა ქსენოფონტეს ხილვაში, რომ უფალმა გაუგრძელა მას სიცოცხლე. გამოჯანმრთელების შემდეგ ქსენოფონტემ შვილები კვლავ სასწავლებლად გაგზავნა. ძმები გემით ბრუნდებოდნენ სასწავლებელში, საშინელი ქარიშხალი ამოიჭრა. ხომალდი დაიმსხვრა და მეწამულ ზღვაში ჩაიძირა. იოანე და არკადიოსი კი ტალღებმა პალესტინის ნაპირზე სხვადასხვა მხარეს გარიყა. დამწუხრებული იოანე ათვალიერებდა ნაპირს, რომელზეც გამოირიყა და ფიქრობდა: "როგორ წარვდგე ადამიანების წინაშე? სჯობს, მონასტერში ბერებთან წავიდე და იქ სიღარიბესა და თავმდაბლობაში ვემსახურო უფალს, ჩემს გადამრჩენელს. უფალმა ალბათ იმიტომ არ შეისმინა ჩვენი ლოცვა, რომ მშობლებს ჩვენი დაქორწინება და ჩვენთვის თავიანთი დიდი ქონების დატოვება სურდათ. ჩვენ კი, ალბათ წუთისოფლის ამაოებაში ჩაფლულნი სულიერად დავიღუპებოდით. და აი, ყოვლისმპყრობელმა საუკეთესო ხვედრი გამოგვიგზავნა".

– უფალო, - ამბობდა იგი ცისკენ ხელაპყრობილი, - შენ გადამარჩინე მე ზღვის ტალღებისაგან, გადაარჩინე სიკვდილისაგან ჩემი ძმაც, მონა შენი არკადიოსი; და თუ გადაარჩენ, გაუნათე გონება და მიმართე იგი მონაზვნური ცხოვრებისაკენ. გადაარჩინე ჩვენი კეთილი მონებიც, ნურც ერთს ნუ დაღუპავ ზღვაში, ინებე, რომ თითოეულმა მათგანმა ადიდოს შენი სახელი. მართლაც ისმინა უფალმა იოანეს ვედრება. ამ სასწაულებრივი გადარჩენის შემდეგ არკადიოსსაც ბერად შედგომის სურვილი გაუჩნდა. ორივე ძმა პალესტინის სხვადასხვა მონასტერში დასახლდა. არკადიოსმა სახელად გიორგი დაირქვა. ხომალდის დაღუპვის ცნობით შეძრწუნებულ მშობლებს ღმერთმა ზეციური ჩვენებით განუცხადა, რომ მათი ძეები გადარჩნენ, რის შემდეგაც სულიწმიდით შთაგონებული ქსენოფონტე და მარიამი იერუსალიმის წმინდა ადგილების მოსალოცად გაემგზავრნენ. აქ ისინი შეხვდნენ განჭვრეტის მადლით დაჯილდოებულ არკადიოსის მოძღვარს, რომელმაც ღვთისმოშიშ ცოლ-ქმარში თავისი სულიერი შვილის მშობლები შეიცნო, უსიტყვოდ მიუხვდა სატკივარს და მთელი ოჯახი ერთად შეჰყარა. დიდი იყო მათი სიხარული. მალე მშობლებიც მონაზვნად აღიკვეცნენ.

ამბა მარტირიოსის მორჩილებაში

იოანემ სინას მთას მიაშურა. მართალია, ნეტარი მამა ხორციელად 16 წლის გახლდათ, მაგრამ გონებით ათასი წლის სიბრძნე ჰქონდა მოპოვებული. ჭაბუკმა ხორცი სინას მთაზე, სული კი ზეციურ მთაზე მიუძღვნა უფალს მსხვერპლად.

უცხოობაში ყოფნით, რომელიც არის სათნოებათა წინამძღვარი, იოანემ სრულად აღმოფხვრა კადნიერების ვნება, მოიპოვა მშვენიერი თავმდაბლობა და განდევნა ურჩობისა და თავნებობის მაცდური ვნება.

სინას მთაზე იოანეს მოძღვარი გახლდათ მამა მარტირიოსი, უბრალო, გაუნათლებელი, მაგრამ დიდი სულიერების ბერი. ჭაბუკი იოანე ისე დაემორჩილა მოძღვარს, თითქოს უტყვი და პირადი ნებისგან სრულიად თავისუფალი სული ჰქონოდა. მიუხედავად იმისა, რომ ღირსი იოანე ფილოსოფოსებისგან იყო განსწავლული, ამან მას ხელი არ შეუშალა დამოწაფებოდა ერთ გაუნათლებელ ბერს, რომელსაც ღვთისგან ზეციური სიბრძნე ჰქონდა მიმადლებული. იოანემ თავმდაბლობით განდევნა ფილოსოფოსობის სიამაყე.

მამა მარტირიოსი ადრე მეწამულ ზღვასთან ახლოს, მამა ანტონის ღრმა უდაბნოში მოღვაწეობდა. ერთხელ თურმე მონასტერს თავს დასხმიან წარმართები და 6 ბერი მოუკლავთ. მათ შორის ბერი კონონიც, რომელსაც ჰქონია მადლი წინასწარმეტყველებისა. მამა მარტირიოსს დაუკრძალავს მათი წმინდა სხეულები მღვიმეში, შესასვლელი ამოუქოლავს, კირით დაუგოზავს და ზედ მოწამეთა სახელები წაუწერია. ორი დღის შემდეგ მისულა - ნადირმა ხომ არ გამოთხარაო. კარი ხელუხლებელი დახვედრია, მაგრამ მღვიმეში შესულს მამა კონონისა და მეორე დიდი ღირსი მამის სხეულები იქ ვეღარ უნახავს. შემდეგ კი მამა ანტონის უდაბნოდან სინის მთაზე წასულა სამოღვაწეოდ.

წმინდა იოანეს ბიოგრაფი მოგვითხრობს, რომ ამბა მარტირიოსმა იოანე ბერის მანტიით 16 წლის ასაკშივე შემოსა. თუმცა სხვა ცნობების თანახმად, იოანე ოთხი წელი იყო მორჩილის კაბით მონასტერში და მხოლოდ 20 წლისა აღიკვეცა ბერად.

რამდენიმე დიდმა მამამ ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებლად იწინასწარმეტყველა ნეტარი იოანეს წინამძვრობა სინას მთის მონასტერში.

ევსტრატი მარტოდმყოფმაც, რომელიც მას შემდეგ, რაც იგი ანასტასი სინას მთის მამასახლისმა მონაზვნად აღკვეცა, გარეთ აღარ გამოსულა, უწინასწარმეტყველა სინას მთის მამასახლისობა იოანეს. მან იხილა წმინდა მთიდან ჩამომავალი იოანე მოძღვართან ერთად, უხმო ამბა მარტირიოსს და ყრმასაც და უბრძანა: მითხარ, მამაო, ვინ არის ეს ყრმა, ან ვინ აღკვეცა იგი? მამა მარტირიოსმა მიუგო: მონა შენი არის იგი, მამაო, და ჩემი მოწაფე. წმინდა მამა ევსტრატიმ უთხრა: ნეტარ ხარ შენ, მამაო მარტვირი, ვინმე მივიდეს და ანასტასი სინელ მამასახლისს უთხრას, რომ დღეს სინას მთის მამასახლისი აღიკვეცა.

ერთხელ მამა მარტირიოსმა იოანე ერთ კურთხეულ ბერთან, იოანესთან წაიყვანა, რომელიც კედარის უდაბნოში ცხოვრობდა თავის მოწაფე სტეფანესთან ერთად. როდესაც ნეტარმა ბერმა იხილა სტუმრები, ადგა, პატარა თასში წყალი ჩაასხა, ფეხი დაბანა იოანეს და ხელზე ემთხვია, ხოლო მისი მოძღვრისთვის, მამა მარტირიოსისთვის ფეხი არ დაუბანია. სტეფანე ამის დანახვაზე დაბრკოლდა.

ამბა მარტირიოსისა და მისი მოწაფის წასვლის შემდეგ ბერი იოანე, რომელიც დაფარულს სცნობდა, მიხვდა, რომ მოწაფე დაბრკოლებული იყო და ჰკითხა: "რამ დაგაბრკოლა, შვილო? სიმართლეს გეუბნები, ყრმას არ ვიცნობ, მაგრამ ვიცი, რომ იგი სინას მთის იღუმენია და ფეხები იღუმენს დავბანე". როგორც ბერმა იწინასწარმეტყველა, ორმოცდასამი წლის შემდეგ ეს ყრმა სინას მთის იღუმენი გახდა.

ორმოცწლიანი მოღვაწეობა თულაში

იოანე რაითელი წერს, როდესაც ღირსი მამა 18 წლის გახდა, მისი მოძღვარი, ამბა მარტირიოსი გარდაიცვალა და ერთგულმა მოწაფემ მხოლოდ ამის შემდეგ დატოვა სინას მთის მონასტერიო. ზოგიერთი ცნობით, კი წმინდა იოანე 19 წელი იყო ბერი მარტირიოსის მორჩილებაში. ასე იყო თუ ისე, სულიერი მამის გარდაცვალების შემდეგ იოანე გავიდა უდაბნოში სამოღვაწეოდ და დამკვიდრდა მონასტრიდან ათ კილომეტრში, თულას. ისე დაიწყო დაყუდებული მოღვაწეობა, საჭურვლად მხოლოდ ლოცვა ჰქონდა. ღირსი მამა მხოლოდ დღესასწაულებზე ტოვებდა აქაურობას - მონასტერში მიდიოდა ღვთისმსახურებაზე. 40 წელი იღვაწა თულაში წმინდა იოანემ. ღვთის მძაფრი სიყვარულით, "ვითარცა ცეცხლითა, აღეტყინებოდა მარადის". ამ ხნის განმავლობაში ღირსი მამა იკვებებოდა იმით, რასაც ბერული ცხოვრების წესი არ კრძალავდა, მუდმივი მარხვით მოამშევდა მუცელს და აღვირს ასხამდა; ღამით ეძინა იმდენი, რამდენიც საჭირო იყო ძალების შესანარჩუნებლად. ძილის წინ ბევრს ლოცულობდა და წიგნებს წერდა. უდაბნოში ყოფნითა და ადამიანის უნახაობით მან სრულიად დაშრიტა ვნებათა ცეცხლი და ნაცრად და მტვრად აქცია ისინი. ბერმა სულიერი სისუსტეები სიკვდილის ხსენებით გააქრო, ხოლო ნათესავებისა და სხვა ამსოფლიური საქმეების სიყვარული უნივთო და საუკუნო სიკეთის ხსენებით განდევნა. იოანემ მორჩილებით გულისწყრომას სძლია, დუმილით - ამპარტავნობას.

სინანულის ცრემლიც ბევრი დაღვარა უდაბნოში დაყუდებულმა ბერმა. მისი სენაკიდან მოშორებით მდებარეობდა კლდეში ნაკვეთი პატარა გამოქვაბული. ამ გამოქვაბულში ნეტარის გოდება და ლოცვა ღვთის ყურთასმენას სწვდებოდა. მისი ცრემლები უფრო მხურვალე იყო, ვიდრე ის ცრემლები, მახვილით დაჭრილებს, ცეცხლში დამწვრებსა და თვალდათხრილებს რომ სდით. მთელი მისი ღვაწლი იყო ჭეშმარიტი ლოცვა.

იოანეს მოწაფე მოსე

ბერი, სახელად მოსე, საღმრთო შურით აღიძრა და მოისურვა მოწაფეობა და მსახურება წმინდა იოანესი.

ბევრი ღირსი მამა შუამდგომლობდა მოსეს და მათი თხოვნით წმინდა იოანემ დაიტოვა მოწაფედ. ერთხელ ღირსმა მამამ მას საბოსტნედ მიწის მოჭრა და მოტანა დაავალა. მორჩილიც დიდი მონდომებით ასრულებდა ამ საქმეს. შუადღისას, როცა მზემ ძალზე დააცხუნა, მოსემ ერთი დიდი ქვის ქვეშ ჩრდილს შეაფარა თავი. წამოწვა და მიიძინა. ამ დროს წმინდა იოანე თავის სენაკში ლოცულობდა, თითქოს ძილი მოერია, ჩასთვლიმა და იხილა ვინმე მღვდელი დიდებულად მოსილი, რომელმაც აყვედრა ძილისთვის: ჰოი, იოანე, შენ უზრუნველად გძინავს და შენი მოწაფე მოსე კი განსაცდელშიაო. წამოდგა მაშინვე მამა იოანე და ლოცვა დაიწყო. მწუხრის ჟამს მოსეც დაბრუნდა. რაიმე განსაცდელი ხომ არ შეგემთხვაო, - ჰკითხა მოძღვარმა. მოსემ უპასუხა: შუადღისას დიდი ქვის ჩრდილში მივიძინე. უეცრად შენი ხმა გავიგონე, მამაო, მეძახდი. ავდექი და გამოვიქეცი. ამ დროს ის ქვა მოწყდა. ალბათ მომკლავდა, დროზე რომ არ მომესწრო გამოსვლაო. "მდაბალმან გონებითა" ღირსმა იოანემ არაფერი უთხრა მოსეს, თვითონ კი ფარულად ადიდებდა უფალს.

ხორციელი ვნებებით შეპყრობილი მონაზონი ისააკი

იოანე სულიერ სნეულებათა კურნების ნიჭითაც დააჯილდოვა შემოქმედმა.

ერთხელ მასთან მივიდა ერთი მონაზონი, სახელად ისააკი, რომელიც ხორციელ ვნებებს შეეპყრო და ბრძოლა აღარ შესწევდა. ბერმა ისააკმა შესტირა ნეტარს, - მამაო, სიძვის ბრძოლები მაქვს და მიშველეო. გაუკვირდა მისი სარწმუნოება მამა იოანეს: დავდგეთ და ორივემ ვილოცოთო, - უთხრა. მოიდრიკეს მუხლნი. როცა გაასრულეს ლოცვა და წამოდგნენ, ისააკმა სრულიად განკურნებულად იგრძნო თავი, რისთვისაც მადლობდა ღმერთს.

ზოგიერთს შეშურდა მისი და უქმადმეტყველი, მზვაობარი უწოდეს. მაშინ ღირსი მამა დადუმდა. დუმდა ერთი წელიწადი. ამით მისი მაბრალობელნიც კი შეწუხდნენ. მივიდნენ, შენდობა და ამეტყველება სთხოვეს: არ შეიძლება დაიხშოს წყარო მრავალ სულთა სასარგებლოდ აღმომდინარე - ამით "წარწყმდების მრავალთა ცხოვრებაო". ვეღარ გაუძლო ღირს მამათა თხოვნას, დამორჩილდა და კვლავ განაგრძო სხვათა სწავლება.

სინას წმინდა ეკატერინეს სახელობის მონასტრის იღუმენი

ხედავდნენ რა მის სათნოებათა სიმრავლეს და მოძღვრების სიღრმეს, შემდგომად 40 წლის დაყუდებისა, 75 წლისა სინის მთის ძმათა წინამძღვრად დაადგინეს. მას მამებმა მეორე მოსე უწოდეს და არც შემცდარან. ვითარცა მოსე ავიდა ნისლით დაფარულ მთაზე და მოიტანა ღვთივდაწერილი სჯულისდება - ათი მცნება, ღვთის სულით მეტყველებდა და წინამძღვრობდა ისრაელს, ასევე ღირსი მამაც, ღვთის სულით განბრძნობილი, მიუძღოდა ახალ ისრაელს - სინის მთის მამათ - აღთქმული ზეციური ქვეყნისაკენ. წმინდა მოსე ვერ შევიდა აღთქმულ მიწაზე, თუმცაღა ორივე მოსე, ძველიც და ახალიც, ახლა ერთად ადიდებენ ღმერთს ზეციურ იერუსალიმში.

წმინდა მოსე მოემსახურა თავის სტუმრებსო

ახალარჩეული იყო სინის მთის იღუმენად მამა იოანე, რომ ერთდროულად 600 მწირი ეწვიათ. დიდი ტრაპეზი გაშალა, სტუმრებთან ერთად სუფრასთან სინელი ბერებიც დასხდნენ. მეტრაპეზეებს ხელმძღვანელობდა უცნობი კაცი, რომელსაც ებრაელთა მსგავსი თეთრი ტუნიკი ემოსა. მორჩნენ ტრაპეზობას და უცნობი ტრაპეზის გამრიგე სადღაც გაქრა. ბერებმა ძებნა დაუწყეს. ღირსმა იოანემ მათ უთხრა: - დაანებეთ ძებნას თავი.

ის ამ სავანის პატრონი, წინასწარმეტყველი და სჯულისმდებელი წმინდა მოსე იყო და მოემსახურა თავის სტუმრებსო.

მრავალი სასწაული აღესრულებოდა ღირსი მამის ლოცვით. ერთ ზაფხულს მთელ პალესტინაში საშინელი გვალვა დაიჭირა. იქაურებმა მამა იოანეს ლოცვა სთხოვეს. ხელნი აღაპყრო ზეცად წმინდა იოანემ და წამოვიდა ძლიერი წვიმა, რომელმაც დაალბო და ნაყოფიერ ჰყო გვალვისაგან გამოფიტული მიწა.

ოთხი წლის შემდეგ ღირსმა მამამ იღუმენობა თავის ხორციელ ძმას, გიორგის, ჩააბარა, თვითონ კი სენაკში განმარტოვდა. ამ სოფლიდან გასვლის ჟამის მოახლოებისას მოიხმო ძმები, ყველა აკურთხა, მოეფერა, დაარიგა, დაემშვიდობა. იქვე იდგა მისი ხორციელი ძმაც, რომელიც ცრემლად იღვრებოდა და ეუბნებოდა: "მიდიხარ იმქვეყნად და მტოვებ მარტოს. ვლოცულობდი, რომ შენზე წინ წავსულიყავი, რადგან უშენოდ არ ძალმიძს ვმწყემსო შენი წმინდა საძმო". ღირსმა მამამ ანუგეშა ძმა: "ნუ წუხხარ და ნაღვლობ. თუ მოვიპოვებ ღვთის წინაშე კადნიერებას, ერთი წელიც ვიყო შენ გარეშეო". ასეც მოხდა: ღირსი იოანეს გარდაცვალებიდან ათი თვის შემდეგ მისი ძმაც წარდგა ღვთის წინაშე. წმინდა იოანეს ხსენება ეკლესიამ 30 მარტს (ძვ. სტ.) დააწესა, მას კიდევ ერთხელ მოვიხსენიებთ დიდმარხვის მეოთხე შვიდეულის კვირა დღეს.

როგორ შეიქმნა ღირსი იოანე სინელის კლემაქსი


ოთხი წელი წინამძღვრობდა სინელ მამებს წმინდა იოანე. ერთხელ რაითის უდაბნოდან წერილი მოუტანეს. რაითის მონასტერი ორი დღის სავალზე იყო. მას წინამძღვრობდა ღირსი იოანე, რომელსაც ეკლესია ყველიერის შაბათს იხსენიებს. წმინდა იოანე რაითელს ბევრი რამ შეეტყო წმინდა იოანე სინელის სულიერ ნიჭებზე და მონასტრის მამათა სახელით სთხოვდა, დაეწერა რაიმე ბერთა სახელმძღვანელოდ.

გთავაზობთ ამ მიმოწერას:

რაითელი იღუმენის, წმინდა მამა იოანეს წერილი ნეტარი იოანეს, სინელი იღუმენის მიმართ

"ღვთივსანატრელ, ანგელოზთა თანასწორ მამათა მამას და ყოველი ჩვენგანის მოძღვარს! ცოდვილი იოანე, რაითელი იღუმენი, უფლის მიერ გახარებ! ვიცით ჩვენ, გლახაკთა, რომ ყველა სათნოებასთან ერთად შეუორგულებელი მორჩილება გაქვს, განსაკუთრებით იქ, სადაც ღვთის მიერ შენთვის ბოძებული ტალანტი აღორძინდება და მრავლდება. ამიტომ გწერთ, წმინდაო, წმინდა წერილის სიტყვისამებრ, სადაც ნათქვამია: "ჰკითხე მამასა შენსა და გითხრას შენ, და მოხუცებულთა გაუწყონ შენ" (სჯული 32.7). ამიტომ, როგორც ყველას საერთო მამასა და ღვაწლითა და სწავლულებით ყველაზე მოხუცებულს, კეთილ მოძღვარს, გთხოვთ, სათნოებათა თავო, ჩვენ, უსწავლელთ, მოგვწერო, რაც დიდი მოსეს მსგავსად ღვთის ხილვისას მაგ მთაზე გინახავს და, როგორც სულიერ ფიცრებზე, შენ მიერ დაწერილ წიგნში ჩაგვიწერო ახალი ისრაელის სასწავლებლად, რომელიც ესესაა, უხილავი ეგვიპტიდან და ამა სოფლის ზღვიდან გამოსულა; და როგორც კვერთხის ნაცვლად, ღვთისმეტყველი ენითა და ღვთის მადლით მრავალი სასწაული აღგისრულებია და ამა სოფლის ზღვისგან მრავალი დაგიხსნია, გევედრებით, ნურც ახლა უგულებელგვყოფ, არამედ, რაც მონაზვნურ ცხოვრებას შეჰფერის, უფლის შეწევნით აღწერე, როგორც ყველას - ანგელოზებრივ ცხოვრებას შედგომილთა - დიდმა მოძღვარმა. არ იფიქრო, თითქოს ზაკვითა და ორგულობით ვამბობდე ამ სიტყვებს. წმინდაო მამაო, იცი, რომ შორს ვართ ამგვარი საქმისგან; არამედ, რაც სიმართლეა და ყველასთვის სარწმუნო, იმას ვამბობთ. ამიტომ ღვთის იმედით მოველით, რომ მალე მივიღებთ სულიერ ფიცრებს, რათა უცდომლად წინ გაუძღვნენ ყველას, ვინც მათ გაჰყვება, რათა ეს სწავლანი გახდეს ზეციურ ბჭესთან აღმყვანებელი კიბე; რათა ყველა, ვინც მას შეუდგება და ასვლას მოიწადინებს, შენი სწავლებით დაუბრკოლებლად განერიდოს უკეთურ სულებს, ბნელ სოფლისმპყრობლებსა და ჰაერის მცველებს.

იაკობი ცხვრის მწყემსი იყო და რაოდენ საშინელი ხილვა ნახა ამ კიბეზე; მით უმეტეს, შენ, რომელიც მეტყველი ცხვრების მწყემსი ხარ, არა მარტო ხედავ, არამედ საქმითა და ჭეშმარიტებით შეგიძლია ღვთისკენ მიმავალი უტყუარი გზა გვიჩვენო. ღმერთმა გაცოცხლოს, პატიოსანო და წმინდაო მამაო!"

წმინდა და ნეტარი იოანეს, სინელი იღუმენის, წერილი, რომელსაც თან ახლავს სულიერი ფიცრები - იოანე ახარებს იოანეს!

"მივიღეთ შენი პატიოსანი წერილი, როგორც ეს შენს უვნებობითა და სათნოებით სავსე ცხოვრებასა და შენს წმინდა და მდაბალ გულს შვენოდა. როგორც შენს სიწმინდეს ყოველთვის სჩვევია, მოგვცე თავმდაბლობის მაგალითი, ამჯერადაც ამიტომ მოიქეცი ასე: ჩვენ, სათნოებებს მოკლებულთ, მოგვწერე, საქმითა და სიტყვით უსწავლელთ სწავლება გვთხოვე და ჩვენს ძალებს აღმატებული საქმის აღსრულება გვიბრძანე. მაგრამ ვიტყვი, ყოველგვარ სათნოებათა დედის - მორჩილების - უღელზე უარის თქმის რომ არ მეშინოდეს, ჩემს ძალას აღმატებულ საქმეს ვერ შევეჭიდებოდი.

რადგანაც ამგვარ საქმეებს იძიებ, საკვირველო მამაო, იმათგან გმართებდა, გესწავლა, რომლებმაც კარგად იციან სათნოების საქმე, რადგან ჩვენ ჯერ კიდევ მოსწავლეთა ხარისხში ვიმყოფებით, და არა მასწავლებელთა; მაგრამ ღმერთშემოსილი მამები და მორჩილების მოძღვრები მორჩილებას იმას უწოდებენ, როცა ადამიანი წინამძღვრის სიტყვისამებრ შეუორგულებლად შეებმება საკუთარ ძალებს აღმატებულ საქმეს. ამიტომ ჩემს ძალაზე უდიდესი საქმე სიმდაბლით აღვასრულე, მაგრამ არა იმიტომ, რომ ჩემი ნათქვამი რაიმეში გამოგადგებოდა, რადგან, ჰოი, წმინდაო მამაო, მეც და ყველა გონიერმა ადამიანმა ვიცით, რომ შენი გონება ყოველგვარი ბნელი ვნებისგან განწმენდილია, დაუბრკოლებლად აღწევს საღმრთო ნათელს და ბრწყინავს მის მიერ.

და რადგან ურჩობისგან მოწეული სიკვდილის მეშინია, როგორც დახელოვნებული მხატვრის მორჩილი, ერთგული, გლახაკი და უვარგისი მონა, მწირი და უსარგებლო ცოდნითა და უძლური სიტყვით, შიშითა და სურვილით დავემორჩილე შენს წმინდა ბრძანებას. მე მხოლოდ მელნით დავწერე სიცოცხლის სიტყვები, ჰოი, მოძღვართა წინამძღვარო, და შენთვის, როგორც სულიერი ფიცრების აღმავსებლისთვის, მომინდვია მათი კეთილად შემკობა, ჩემი ნაწერის ნათელყოფა და ყოველგვარი ნაკლის სრულყოფა.

როგორც ვახსენე, აქ დაწერილს შენდა სასწავლებლად არ ვაგზავნი; არასოდეს, წმინდაო, რადგან შენ თვითონ შეგიძლია ასწავლო მრავალს, თავად ჩვენც, და განგვამტკიცო საღმრთო საქმესა და სწავლაში; არამედ, ჰოი, მოძღვართა მოძღვარო, იმ საღმრთო კრებულისთვის დავწერე, რომელიც ჩემთან ერთად შენს მორჩილებაშია. ამიტომ შენი და მათი ლოცვებით, უფლის იმედით მცირედ შემიმსუბუქდა უსწავლელობის სიმძიმე, კალმის აფრა აღვმართე, სიტყვების საჭე თქვენს ლოცვებს მივანდე და თქვენი ბრძანებისამებრ ვიწყებ სიტყვას.

მაგრამ ვინც ჩემს ნათქვამს წაიკითხავთ და მასში რაიმე სასარგებლოს ნახავთ, ყველას გთხოვთ, ეს ჩვენი წმინდა მამის დამსახურებად შერაცხოთ, რომელმაც ამ საქმის აღსრულება გვიბრძანა, ხოლო ჩემთვის მხოლოდ მცდელობის გამო ილოცოთ. ნუ განსჯით სიტყვებს, რადგან უსარგებლო და სრულიად გაუნათლებელია, არამედ ჩემი გულმოდგინების გამო ილოცეთ, რადგან ღმერთი ძღვნისა და შრომის სიმრავლის გამო კი არ მიაგებს სასყიდელს, არამედ გულმოდგინებისთვის, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე, ამინ".

* * *

წმინდა იოანე კრძალვით და მონდომებით შეუდგა საქმეს. რომ არა შიში ღვთისა და დიდი მორჩილება სულიერ ძმათა და მამათა, ალბათ ვერც შეჰკადრებდა ამ სწავლათა აღწერას. ღირსი მამის თვალწინ გაირბინა მათმა ცხოვრებამ, ღვაწლმა, ვნებათა დათრგუნვამ. გაახსენდა თანამედროვე ღირსი მამანი და ეს უძვირფასესი მოგონებები ერთ წიგნად აკინძა ანუ აღმართა ზეცად ამყვანებელ კიბედ. ამ სწავლებათა სათაურიც ღირსი იოანე რაითელის წერილიდან ისესხა - "კიბე" დაარქვა.

თხზულება "კლემაქსი", ქართულად "კიბე", მოგვითხრობს ჭეშმარიტი უბიწო ცხოვრების კეთილისმყოფელ თვისებებზე და ქრისტიანული სრულყოფილების იდეალს წარმოადგენს. ეს არის მოძღვრება სათნოებათა შესახებ, რომელიც ეხება ყველა ქრისტიანს, მაგრამ აქცენტი გაკეთებულია მონაზვნებზე, რომელთაც ეს შეგონებები მიეწოდებათ მარტივიდან რთული სულიერი ცხოვრების კიბეზე აღმავალი საფეხურების სიმბოლური გავლით ღმერთთან მიახლოების მიზნით ("სათნოებათა კიბე ცადამყვანებელი", როგორც მას უწოდებენ ხოლმე). იგი 30 თავისაგან შედგება (ანუ 30 კიბის საფეხურისგან), ქრისტეს ცხოვრების 30 წლის ანალოგიით. რადგან მაცხოვარმა ოცდაათი წლისამ ნათელიღო. წმინდა იოანემ აღსავლის კიბის ოცდაათი საფეხური გამოგვისახა და გვითხრა, თუ მივაღწევთ კიბის სათავეს, მაშინ ჩვენც ვიქნებით სრული და დაუცემელიო.

წმინდა იოანეს სულიერი სრულყოფის კიბე ასე გამოიყურება:

1. პირველი საფეხური - სოფლისაგან განშორებისათვის;


2. მეორე საფეხური - ამ სოფლისა და მის საქმეთა მოძულებისათვის;

3. მესამე საფეხური - უცხოობისათვის;

4. მეოთხე საფეხური - მორჩილებისათვის;

5. მეხუთე საფეხური - სინანულისათვის;

6. მეექვსე საფეხური - სიკვდილის მოხსენებისათვის;

7. მეშვიდე საფეხური - ცოდვათაგან განმწმედელი გლოვისათვის;

8. მერვე საფეხური - ურისხველობისათვის;

9. მეცხრე საფეხური - მოშურნეობისათვის;

10. მეათე საფეხური - ბოროტმეტყველებისათვის;

11. მეთერთმეტე საფეხური - დუმილისათვის;

12. მეთორმეტე საფეხური - ტყუილისათვის;

13. მეცამეტე საფეხური - მოწყინებისათვის;

14. მეთოთხმეტე საფეხური - ნაყროვანებისათვის;

15. მეთხუთმეტე საფეხური - სიძვისათვის;

16. მეთექვსმეტე საფეხური - ვერცხლისმოყვარეობისათვის;

17. მეჩვიდმეტე საფეხური - უპოვარებისათვის;

18. მეთვრამეტე საფეხური - ულმობელობისათვის;

19. მეცხრამეტე საფეხური - ძმათა შორის ფსალმუნებისათვის;

20. მეოცე საფეხური - მღვიძარებისათვის;

21. ოცდამეერთე საფეხური - მოშიშობისათვის;

22. ოცდამეორე საფეხური - ზვიადობისათვის;

23. ოცდამესამე საფეხური - ამპარტავნობისათვის და გმობისათვის;

24. ოცდამეოთხე საფეხური - სიმშვიდისა და სიწრფელისათვის;

25. ოცდამეხუთე საფეხური - სიმდაბლისათვის;

26. ოცდამეექვსე საფეხური - განსჯისა და გულისხმიერებისათვის;

27. ოცდამეშვიდე საფეხური - დაყუდების, განშორებისა და გონების დაცვისათვის;

28. ოცდამერვე საფეხური - გონიერი ლოცვისათვის;

29. ოცდამეცხრე საფეხური - უვნებლობისათვის;

30. ოცდამეათე საფეხური - სიყვარულის, სარწმუნოებისა და სასოებისათვის.

კლემაქსის, "კიბის" სრული სახელწოდება ქართულად ასე ჟღერს: "სწავლანი იოანე სინელ მამასახლისისანი, რომელნი მიუძღუნა მამასა იოანეს, რაითელ მამასახლისსა, რამეთუ ითხოვა მისგან, რაჲთა აღწერნეს სწავლანი მონაზონთა მიმართ".

წმინდა იოანემ თავის "კიბეს" მიუმატა პატარა სწავლებაც "მწყემსთათვის". აქ იგი გვიხატავს იდეალს მონასტრის წინამძღვრისას, რომელიც, მისი თქმით, უნდა იყოს მწყემსიც, მკურნალიც, მზრუნველიც, მასწავლებელიც და მაგალითიც მორჩილთათვის.

იოანე სინელის ეს თხზულება იმდენად პოპულარული გახდა, რომ მის ავტორს უფრო ხშირად სწორედ ზედსახელით "იოანე კლემაქსის" ან სახელის გარეშე, მხოლოდ ზედწოდებით, მისი თხზულების სახელით "კლემაქსი" მოიხსენიებდნენ. ამ თხზულების პოპულარობა საქართველოში მის ქართულ თარგმანთა სიმრავლითაც ჩანს. "კლემაქსის" პირველი თარგმანი IX ს.-ზე გაცილებით ადრე უნდა შესრულებულიყო, თუმცა იგი მხოლოდ 907 წ. ერთადერთ, სწორედ სინას მთის ეკატერინეს მონასტრის ქართულ ხელნაწერში არის შემორჩენილი (შინ 35). მეორედ "კლემაქსი" ათონის მთის ქართულ მონასტერში თარგმნა ეფთვიმე მთაწმინდელმა (დაახლ. 983 წლამდე) და ეს თარგმანი მრავალი ხელნაწერით არის ჩვენამდე მოღწეული. მესამე თარგმანი გელათის სა¬ლიტერატურო სკოლაში შეუსრულებიათ XIII საუკუნეში. "კლემაქსის" კიდევ ორი იამბიკური თხზულება არსებ¬ობს ქართულად, მაგრამ მათ ნათარგმნს ვერ ვუწოდებთ, რადგან ორივე მათგანი ეფთვიმე მთაწმინდლის "კლემაქსის" პროზაული თარგმანის იამბიკურად გალექსილი თხზულებებია: ერთი მათგანის - "კლემაქსის" I ნაწილის "გაიამბიკურება" იოანე პეტრიწს (XII ს.) შეუსრულებია, ხოლო მეორე სრულად - ანტონ I კათალიკოსს (XVIII ს.). ორივე მათგანი მაინც ორიგინალური შემოქმედების თხზულებებად უნდა ვცნოთ.

წიგნმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იოანე რაითელზე და სხვა ღირს მამებზე. ტკბილი იყო მამა იოანეს მორჩილების ნაყოფი. ხელიდან ხელში გადადიოდა "კიბის" ხელნაწერი.

ღირსი იოანე კლემაქსის ტროპარ-კონდაკი

ტროპარი

უდაბნოსა მოქალაქედ და ხორცითა ანგელოზად, და სასწაულთა მოქმედთა გამოჩნდი, ღმერთშემოსილო წმინდაო მამაო იოანე: მარხვისა, მღვიძარებისა და ლოცვისა მადლი ზეცით მოიგე, და ჰკურნებ უძლურთა სენთა და სულთა რომელნი სარწმუნოებით შენდა მოილტვიან, დიდებაი, რომელმან მოგცა შენ ძალი, დიდებაი, რომელმან გვირგვინოსან-გყო შენ, დიდებაი, რომელი იქმს შენ მიერ ყოველთა ზედა სასწაულთა.

კონდაკი

ვითარცა რა დიდი მზე, მოძღურებითა და საკვირველებითა ბრწყინვალებითა სამარადისოთ განანათლებ სოფლისა სავსებასა, ზეცისა მესაიდუმლეო ღირსო იოანე.
....................................................

წმინდა იოანე სინელის შესახებ ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ, შემდეგ სტატიებში:

ხორცი სინას, სული კი ზეციურ მთას მიუძღვნა

კიბე, რომელიც სულიერი სრულყოფის 30 საფეხურისგან შედგება

საფეხურები

სათნოებათა კიბე




ბეჭდვა