ღირსი იოანე მეუდაბნოე (IV) - 29 მარტი (11 აპრილი)
ღირსი იოანე მეუდაბნოე (IV) - 29 მარტი (11 აპრილი)
დაახლოებით IV საუკუნეში ეგვიპტეში ცხოვრობდა მდიდარი და ღვთისმოშიში ქალი იულიანა. იგი ახალგაზრდა დაქვრივდა. დაობლებული შვილების, იოანესა და თემესტიას აღზრდა მთლიანად მარტოხელა იულიანას დააწვა მხრებზე. ამ დროს ბიზანტიის იმპერიის ტახტზე ავიდა დიოკლეტიანე და ქრისტიანთა სასტიკი და საყოველთაო დევნა გამოაცხადა. იულიანა შვილებთან ერთად გაერიდა ქრისტიანთა მდევნელ წარმათებს ეგვიპტის უდაბნოში. დედა შვილებს ლოცვასა და წმინდა წერილის კითხვას ასწავლიდა. დროდადრო ყრმა იოანე დადიოდა ახლომდებარე მონასტერში. ერთხელ, როცა იოანე 13 წლის იყო, ერთ ეკლესიაში მას შეხვდა მოხუცი მორწმუნე, რომელმაც ურჩია ლოცვისთვის უფრო განმარტოებული ადგილი მოეძებნა. იოანემ გადაწყვიტა ასეც მოქცეულიყო. იულიანას მისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია, ფიქრობდა, იოანე ცოტა ხანს განმარტოებით ილოცებდა და შემდეგ დედასთან და დასთან დაბრუნდებოდა. შვილი გამოეთხოვა დედას, მეუდაბნოე თარმუნისთან წავიდა და მისი კურთხევით უდაბნოში განმარტოვდა.

ახალგაზრდა მოღვაწემ უდაბნოში ქვეწარმავლებით სავსე დამშრალი ჭა იპოვა, ილოცა და შიგ ჩავიდა. ჭის ფსკერზე უსმელ-უჭმელმა ლოცვაში გაატარა ორმოცი დღე. ორმოდან ყველა ქვეწარმავალი ამოვიდა ისე, რომ იოანესთვის არაფერი დაუშავებიათ. მეუდაბნოე თარმუნისთან ანგელოზს ყოველდღე მიჰქონდა პური, იმ დღეს ანგელოზმა იოანეს წილი პურიც მისცა მეუდაბნოე მამას და უთხრა: ეს პური უფალმა გამომატანა შენთან, რომ წაუღო ორმოში მჯდარ იოანეს საზრდელად. ანგელოზს არ სურდა პური თვითონ მიეცა იოანესთვის, ასაკის სიმცირის გამო, ყმაწვილი ხიბლში და სიამაყის ცოდვაში რომ არ ჩავარდნილიყო. ასე უზიდავდა ყოველდღე თარმუნი ანგელოზის მირთმეულ პურს ორმოში მჯდარ იოანეს. ბოროტს არ გამოჰპარვია იოანეს მოშურნეობა და დაიწყო მასთან ბრძოლა. ეშმაკის ხრიკების გამო ახალგაზრდა მეუდაბნოეს მრავალი ცდუნების დაძლევა მოუხდა. ბოროტი სულები ღებულობდნენ დედის, დის, ნათესავების, ნაცნობების სახეს და ევედრებოდნენ ჭიდან ამოსულიყო. ამ დროს წმინდა იოანე ლოცულობდა და ბოროტი სულებიც ქრებოდნენ.

ასე მონასტრული ცხოვრებით მოღვაწეობდა ორმოში იოანე 10 წელი. მასთან ანგელოზებს მოჰქონდათ საზრდელი. მისი ამქვეყნიდან გასვლის ჟამი უფალმა ანგელოზის საშუალებით განუცხადა ღირს ბერ ხრისიხისს, რომელიც ოცდაათი წელი ცხოვრობდა უდაბნოში. ხრისიხისი მივიდა იმ ორმოსთან, სადაც იოანე იყო დაყუდებული და სამი დღე სთხოვდა ნეტარს ორმოდან ამოსვლას, თან უფლის სახელით, თხოვდა დაუფარავად მოეთხრო ყოველივე მისი ცხოვრების შესახებ. მოხდა სასწაული: ორმოდან მიწა თავისით ამოიწია და იოანე და ბერი ხრისიხისი თითქმის გაუთანაბრდნენ ერთმანეთს. იოანემ თავისი ცხოვრების და მოღვაწეობის შესახებ ყველაფერი დაწვრილებით მოუთხრო ბერს. ამის შემდეგ წმინდა იოანემ თავად მოამზადა თავისი სამარხი და სული მიაბარა უფალს. ხრისიხისმა ბერის მანტიით შემოსა იოანეს ცხედარი, ფსალმუნები წაუკითხა და ქრისტიანული წესით მიაბარა მიწას. მის საფლავზე ბერმა ფინიკის ხე დარგო, რომელიც სწრაფად აყვავდა და ღრმად გაიდგა ფესვები მიწაში. იოანე მეუდაბნოეს გარდაცვალების შემდეგ მისი მოღვაწეობის ადგილას მრავალი სასწაული აღესრულა.

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1