წმინდა დიადოქოს ფოტიკელი (+486) - 29 მარტი (11 აპრილი)
წმინდა დიადოქოს ფოტიკელი (+486) - 29 მარტი (11 აპრილი)
წმინდა დიადოქოსი გახლდათ V საუკუნის ცნობილი საეკლესიო მწერალი და ფოტიკის ეპისკოპოსი. ის დაიბადა დაახლოებით 400 წელს. სულიწმიდის მადლით წმინდა მამა საღვთისმეტყველო საკითხებში ძალიან კარგად ერკვეოდა, რაც აისახა კიდეც მის თხზულებებში. წმ. დიადოქოს ფოტიკელის სწავლების მიხედვით, ღვთისმეტყველება უდიდესი მადლია, ქარიზმა, რაც ადამიანს სულიწმიდისგან ეძლევა. ყველა სხვა ქარიზმა "ძალიან კარგია", "არც ერთი ისე არ აღაგზნებს და ავსებს გულს სიყვარულისთვის და სათნოებისთვის, როგორც თეოლოგია", რადგან ღმრთისმეტყველება ღვთიური მადლიდან დაბადებულია, "უპირველესი ძღვენია სულისთვის მიმადლებული..."

იმ დროისათვის ეკლესიაში აღმოცენდა ევტიქიოსის მწვალებლური სწავლება. ევტიქიოსი არქიმანდრიტი გახლდათ და კონსტანტინოპოლის ერთ-ერთ მონასტერში მოღვაწეობდა. თავიდან ნესტორის გააფთრებულ მოწინააღმდეგედ ითვლებოდა. გაგახსენებთ, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქ ნესტორის აზრით, ყოვლადწმინდა მარიამისაგან იშვა არა თვითონ ღმერთი, არამედ სამოსელი, რომელსაც ძე ღმერთი უნდა შეემოსა, იგივე ტაძარი, რომელშიც ძე ღმრთისა უნდა დამკვიდრებულიყო, შესაბამისად, ყოვლადწმინდა ქალწულიც ქრისტეს მშობელი იყო და არა ღვთისმშობელი. მისი მწვალებლური სწავლების თანახმად, ქრისტე მხოლოდ კაცია, რომელშიც სულიწმიდის მეშვეობით ჩასახლდა სიტყვა - ღმერთი (ლოგოსი). ნესტორის მოწინააღმდეგე ევტიქიოსი თავად ჩავარდა საპირისპირო უკიდურესობაში და დაიწყო მტკიცება, რომ უფალ იესო ქრისტეში კაცობრივი ბუნება სრულად შთანთქა ღვთაებრივმა, ამიტომაც მაცხოვარში მხოლოდ ეს ერთი - ღვთაებრივი ბუნება უნდა იქნეს აღიარებული. ამრიგად, მისი მტკიცებით, იესო ქრისტეში იყო ერთი ღვთაებრივი ბუნება და ერთი ნებისყოფა. სწორედ ამიტომ ევტიქიოსის ამ მწვალებლურ სწავლებას მონოფიზიტობა ეწოდა.

ფოტიკის ეპისკოპოსი მკაცრად დაუპირისპირდა ევტიქიოსსა და მის სწავლებას. მონოფიზიტობასთან დაკავშირებით 451 წელს ქალკედონში მოიწვიეს IV საეკლესიო კრება. წმინდა დიადოქოსი ამ კრების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე იყო. კრებაზე წაიკითხეს პაპ ლევის წერილი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ "იესო ქრისტე არის ჭეშმარიტი ღმერთი და ჭეშმარიტი კაცი ცოდვის გარეშე. განხორციელებისას მას აქვს ერთი პირი და ორი ბუნება, შეერთებული მასში ერთპირად და შეურევნელად, განუყოფლად, განუყრელად და უქცეველად". ამ წერილს სხვა ეპისკოპოსებთან ერთად ხელი დიადოქოსმაც მოაწერა.

დიადოქოს ფოტიკელის ეპოქაში გავრცელებული იყო მესალიანელთა ერესიც. მართლმადიდებლობის დამცველი მღვდელმთავარი ამ ერესსაც აქტიურად უპირისპირდებოდა. მესალიანელთა სწავლების თანახმად ადამიანის სულში ერთდროულად ივანებს ღვთის მადლი და სატანა. წმინდა მამა ამის საწინააღმდეგოდ ამბობდა, - "ნათლობამდე მადლი გარედან მიმართავს სულს სიკეთისკენ, სატანა სულის სიღრმეში იჭრება და გონების გასასვლელებს უხშობს; იმ დროიდან, როცა ნათლობით ხელახლა ვიბადებით, ეშმაკი სულის გარეთ არის, მადლი კი შიგნით". ნათლობის შემდეგ სატანა სულს ტოვებს, ღვთის მადლი შედის მასში. ასე რომ, მადლი და ეშმაკი ერთდროულად ერთსა და იმავე ადგილზე არ არის. "მადლი გონებრივი შეგრძნებით და გამოუთქმელი სიხარულით ახარებს სხეულს". ეშმაკები ძალით ატყვევებენ სულს სხეულებრივი შეგრძნებებით, განსაკუთრებით მაშინ, როცა ადამიანი სულიერი ღვაწლის მიმართ გულგრილია. ხორციელი სურვილებით მოქმედებისას ნათლობის შემდეგ ჩვენს სულიერ გულში დავანებული მადლი იფარება. ადამიანის მიზანია გამოაჩინოს იგი ღვაწლით, გაფანტოს გულზე გადაკრული ღრუბლები. წმინდა დიადოქოსის სიტყვებით ეშმაკი გულიდან წმინდა ნათლობით განიდევნება. ამის შემდეგ როგორ შეძლებს იგი სულში შეღწევას და ჭეშმარიტ უფალთან თანამყოფობას?!"

V საუკუნის 60-იანი წლების დასასრულს ან 70-იანი წლების მიწურულს ვანდალების შემოსევის დროს, წმინდა დიადოქოსი შეიპყრეს და კართაგენში წაიყვანეს. იგი გარდაიცვალა დაახლოებით 486 წელს

ბეჭდვა
1კ1