მეომარი ტაქსიოტის ხსენება - 28 მარტი (10 აპრილი)
მეომარი ტაქსიოტის ხსენება - 28 მარტი (10 აპრილი)
კართაგენში ცხოვრობდა ერთი კაცი, სახელად ტაქსიოტი. ის იყო მეომარი, რომელსაც ცხოვრება გაეტარებინა დიდ ცოდვებში. ერთხელ ქალაქ კართაგენში მომაკვდინებელი სენი გაჩნდა, რომელმაც შეიწირა ბევრი ხალხი. ტაქსიოტს შეეშინდა, ღმერთს მიმართა და ცოდვები მოინანია. დატოვა ქალაქი და თავის მეუღლესთან ერთად ერთ სოფელში, სადაც დრო გაყავდა ღმერთზე ფიქრში.

ცოტა ხნის შემდეგ, ეშმაკის წყალობით ის ჩავარდა ცოდვაში, მათთან ახლოს მცხოვრები ფერმერის ცოლთან, მაგრამ ამ ცოდვიდან რამდენიმე დღის შემდეგ მას გველმა უკბინა და გარდაიცვალა.

იმ ადგილიდან ათასი ნაბიჯის დაშორებით იყო მონასტერი. ტაქსიოტის ცოლი წავიდა იმ მონასტერში და ბერებს სთხოვა მოსულიყვნენ, წაეღოთ ტაქსიოტის სხეული და ტაძარში დაემარხათ. ბერებმა დღის სამ საათზე დამარხეს სხეული, მაგრამ ცხრა საათისათვის საფლავიდან მოისმა ძახილი: - შემიწყალეთ, შემიწყალეთ მე! საფლავთან მისულმა ბერებმა რომ გაიგეს დამარხულის ხმა, მაშინვე ამოთხარეს საფლავი და ნახეს ტაქსიოტი ცოცხალი. შეშინებულები ეკითხებოდნენ, რა დაგემართა, როგორ გაცოცხლდიო, მაგრამ ტაქსიოტი ისე ტიროდა და ღრიალებდა, არ შეეძლო პასუხის გაცემა. მხოლოდ მოახერხა ეთხოვა, რომ წაეყვანათ ეპისკოპოს ტარასისთან. ბერებმა შეუსრულეს თხოვნა.

ეპისკოპოსი სამ დღეს ეხვეწებოდა მას, მოეყოლა, რა მოხდა. მხოლოდ მეოთხე დღეს დაიწყო საუბარი დამარხულმა.

ის ცრემლს ღვრიდა და ისე ჰყვებოდა:

- როცა მე გარდავიცვალე, დავინახე ჩემ წინ მდგომი რამდენიმე ეთიოპიელი, საშინელი შესახედავები იყვნენ. ამან ჩემი სული ძალიან დააბნია. შემდეგ დავინახე ორი ლამაზი ჭაბუკი. ჩემმა სულმა მათკენ გაიწია. იმ წუთს ავფრინდით მიწიდან ზეცაში, გზად გვხვდებოდა ბევრი წინააღმდეგობა, რომლებიც აკავებდნენ ადამიანების სულებს და თითოეული გამოცდიდა სხვადასხვა ცოდვისათვის - ტყუილისათვის, შურისთვის, სიამაყისთვის. ასე რომ, ყველა ცოდვას ზეცაში ჰყავს თავისი მომკითხავი. შემდეგ დავინახე კიდობანი, სადაც ანგელოზებს მოეგროვებინათ ყველა ჩემ მიერ გაკეთებული სიკეთე, რომელიც შეედარებინათ ჩემი ცოდვებისათვის. ასე გავიარეთ ჩვენ ეს საფეხურები. როცა მივედით სამოთხის კართან, იქ მაჩვენეს ყველა ჩემი ცოდვა, რომელიც ჩადენილი მქონდა ბავშვობიდან გარდაცვალებამდე. მაშინ გამცილებელმა ანგელოზებმა მითხრეს: ყველა ხორციელი ცოდვა, რომელიც შენ ჩაიდინე, ქალაქში დარჩა, ღმერთმა გაპატია, რადგანაც შენ მოინანიე ისინი. მაგრამ ბოროტმა სულებმა მითხრეს: როცა შენ ქალაქიდან წამოხვედი, მინდორში ჩაიდინე ცოდვა ფერმერის ცოლთან. ამის გამგონე ანგელოზებმა ვერ მოძებნეს ჩემი ნაკეთები კეთილი საქმე, რომ გადაეწონათ ეს ცოდვა. მიმატოვეს და წავიდნენ. შემდეგ ბოროტმა სულებმა წამიყვანეს და დამიწყეს ცემა, ჩამიყვანეს დაბლა. მიწა გაიხსნა, ვიწრო გასასვლელებით და ხვრელებით ჩავედი ჯოჯოხეთის ყველაზე ღრმა და ბნელ ადგილას. იქ, სადაც სამუდამო ტყვეობაში არიან ცოდვილთა სულები. აქ ადამიანებისთვის არ არსებობს სიცოცხლე, მარადიული ტანჯვაა, უნუგეშო ტირილი და საშინელი კბილთა ღრჭენა ისმის, ყოველთვის ისმის სასოწარკვეთილი ყვირილი. შეუძლებელია ყველა ტკივილის და ტანჯვის გადმოცემა და აღწერა, რაც იქ ვნახე. კვნესიან სულის სიღრმეში, მაგრამ არავინ სწყალობს, ტირიან და არავინ ამშვიდებს, ევედრებიან და არვინ აქცევს ყურადღებას. მეც სწორედ ამ ბნელ ადგილებში ვიყავი. ვტიროდი და ვღრიალებდი სამი საათიდან ცხრა საათამდე. მერე დავინახე პატარა სინათლე და ამ სინათლიდან მოსული ორი ანგელოზი. დავუწყე ვედრება, რათა გამოვეყვანე ამ ბნელი ადგილიდან და მომცემოდა საშუალება, მომენანიებინა ცოდვები ღვთის წინაშე.

ანგელოზებმა მითხრეს:

- ტყუილად წვალობ, აქედან არავინ გადის უკან, სანამ არ დადგება საყოველთაო აღდგომის დღე.

მაგრამ მე მაინც ვევედრებოდი ანგელოზებს, და ვპირდებოდი, რომ მოვინანიებდი ცოდვებს, მაშინ ერთმა ანგელოზმა უთხრა მეორეს: თავს დებ, რომ მოინანიებს ცოდვებს და თანაც გულწრფელად?

მეორემ უპასუხა:

- თავს ვდებ!

შემდეგ მომკიდეს ხელი და გამომიყვანეს. მიმიყვანეს საფლავთან, სადაც ჩემი სხეული იყო და მითხრეს: შედი შენს სხეულში, საიდანაც გამოხვედი.

დავინახე, რომ ჩემი სული მძივივით ელვარებს, ხოლო სხეული ბინძურია და ყარს. ამიტომაც არ მინდოდა სხეულში შესვლა. მაგრამ ანგელოზებმა მითხრეს:

- შეუძლებელია მოინანიო ცოდვები სხეულის გარეშე, რომლითაც იგი ჩაიდინე. მე მაინც ვევედრებოდი, რადგან არ მინდოდა სხეულში შესვლა.

- დაუბრუნდი სხეულს, თორემ იქ წაგიყვანთ, საიდანაც წამოგიყვანეთ, - მითხრეს ანგელოზებმა.

მაშინ მე დავუბრუნდი სხეულს, გავცოცხლდი და დავიწყე ყვირილი, - მომიტევეთ, მომიტევეთ-მეთქი.

მაშინ ნეტარმა ტარასიმ აზიარა.

ტაქსიოტი დადიოდა ტაძრიდან ტაძარში და ინანიებდა თავის ცოდვებს, თან ყველას უქადაგებდა: - მწუხარება ცოდვილებს, მათ ელოდებათ სამუდამო ტანჯვა, მწუხარება, ვინც არ მოინანიებს ცოდვებს, სანამ დრო აქვს, მწუხარება მათ, ვინც შეურაცხყოფს თავის სხეულსო.

თავისი აღდგომიდან ტაქსიოტიმ ორმოცი დღე იცოცხლა და მოინანია ცოდვები. სამი დღით ადრე იწინასწარმეტყველა თავისი სიკვდილი და განისვენა. ის წავიდა მწყალობელ და ადამიანების მოყვარულ ღმერთთან, რომელიც ყველას მშველელია. დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ

ხატის წყარო


ბეჭდვა
1კ1