ღირსი ისააკ დალმატიელი (+383) - 22 მარტი (4 აპრილი)
ღირსი ისააკ დალმატიელი (+383) - 22 მარტი (4 აპრილი)
ღირსი ისააკის, დალმატის მონასტრის იღუმენის (+383) ხსენება წელიწადში სამჯერ აღინიშნება: 22 მარტს; 30 მაისს და 03 აგვისტოს.

ღირსი ისააკ დალმატიელი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად. ის, წმინდა ილია წინასწარმეტყველის მსგავსად, თითქმის არ ეჩვენებოდა ამ სოფელს. მაგრამ ერთხელაც ღმერთმა თავისი ეკლესიის დასაცავად გამოგზავნა, დევნა კი არიანელ იმპერატორ ვალენტის მიერ იყო აღძრული. ვალენტი მონათლა არიანელმა ეპისკოპოსმა ევდოქსიმ და ფიცი ჩამოართვა, მხარი დაეჭირა არიანული სწავლებისთვის. ვალენტიმ სიტყვა შეასრულა და ტახტზე ასვლისთანავე განაახლა არიანელთა დროინდელი ზეობა. მართლმადიდებელი ეპისკოპოსები უმალ არიანელებმა შეცვალეს; დაიხურა ან არიანელებს გადაეცა ტაძრები. გამოვიდა ბრძანება, რომლის თანახმად კონსტანციუსისგან განდევნილ და იულიანეს მიერ დაბრუნებულ ყველა ეპისკოპოსს კვლავ უნდა დაეტოვებინა თავისი კათედრა.

არიანელთაგან შევიწროებულმა ქრისტიანებმა გადაწყვიტეს, იმპერატორისთვის ეთხოვათ დახმარება და მასთან გაგზავნეს ოთხმოცამდე ეპისკოპოსი. როდესაც მათი საჩივარი მოისმინა, ვალენტიმ საყოველთაო რისხვის შიშით აშკარად მოქმედება ვერ გაბედა, ბრაზი დაიოკა და ხელქვეითებს უბრძანა, ფარულად დაეხოცათ ისინი. მათაც ჯერ ეპისკოპოსების განდევნის ხმა დაყარეს, შემდეგ ისინი აიყვანეს ხომალდზე, რომელიც ღია ზღვაში გასვლისთანავე დაწვეს. ყველა მღვდელმთავარი მოწამებრივად აღესრულა.

ვალენტის მიერ მართლმადიდებელთა ასეთი სასტიკი დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მორწმუნეების ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები, დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი, ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: "ხელმწიფეო, ნუღარ ებრძვი უფალს, გახსენი მართლმადიდებლური ტაძრები და ღმერთი აკურთხებს შენს ზრახვას". მეფემ ეს სიტყვები ყურად არ იღო, მაგრამ განდეგილი უკან გაჰყვა; მეორე და მესამე დღესაც იმავე თხოვნით მიმართა და უფლის რისხვით დაემუქრა.

- ვერ იმძლავრებ მტერზე, ცეცხლი დაგღუპავს! - აფრთხილებდა იგი.

განრისხებულმა იმპერატორმა ისააკის საპყრობილეში ჩაგდება ბრძანა, რათა დაბრუნებისთანავე სიკვდილით დაესაჯა, თვითონ კი გზა განაგრძო. იმპერატორის ბრძანება მისმა ხელქვეითებმა სატურნინმა და ბიქტორმა შეასრულეს.

გავიდა ხანი და ერთხელ დატყვევებულმა ისააკმა იმპერატორის ხელქვეითებს უთხრა: "ის აღარ დაბრუნდება. უკვე ექვსი დღეა, რაც ცეცხლში ნაცრადქცეული მისი ძვლების სიმყრალის სუნი მცემს".

და მოვიდა კიდეც ამბავი ვალენტის საშინელი აღსასრულისა... ადრიანოპოლისთან წარუმატებელი ბრძოლის შემდეგ დაჭრილმა გაქცევა სცადა და რამდენიმე მეომართან ერთად დაიმალა მინდორში მდგარ პატარა ქოხში. გოთებს ეჭვიც არ აუღიათ, რომ იქ იმპერატორი იყო და ცეცხლი წაუკიდეს. ასე დაიღუპა ცამეტწლიანი მმართველობის შემდეგ ვალენტი. ღირსი ისააკი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. მას სურდა, უდაბნოს დაბრუნებოდა, მაგრამ სატურნინმა და ბიქტორმა სთხოვეს, დარჩენილიყო ქალაქში და ლოცვით დაეფარა იგი. კონსტანტინოპოლის გარეუბანში წმინდა მამას საცხოვრებელი აუშენეს, სადაც ბერები შეიკრიბნენ. ასე შეიქმნა სავანე, რომლის იღუმენი და სულიერი მოძღვარი გახდა ღირსი ისააკი. იგი მშვიდობით მიიცვალა 383 წელს.

ბეჭდვა
1კ1