ღირსი მაკარი კოლიაზელი, სასწაულმოქმედი (+1483) - 17 (30) მარტი
ღირსი მაკარი კოლიაზელი, სასწაულმოქმედი (+1483) - 17 (30) მარტი
წმინდა მაკარი XV საუკუნეში ცხოვრობდა და ტვერელი ბოიარ კოჟინების გვარიდან იყო. ბავშვობაში ხარბად კითხულობდა წმინდანების ცხოვრებებს და მათი მიბაძვის, ბერად აღკვეცის სურვილიც გაუჩნდა, თუმცა, რომ მოიზარდა, მშობლებმა ამის ნება არ მისცეს და დააქორწინეს. მეუღლეს შეუთანხმდა, რომ მათ შორის თუ ერთ-ერთი მოკვდებოდა, მეორე მეტად აღარ დაქორწინდებოდა და მონაზვნად აღიკვეცებოდა.

ღვთის ნებით, სამი წლის შემდეგ წმინდა მაკარის მშობლები გარდაიცვალნენ, რამდენიმე თვის შემდეგ მეუღლეც მოუკვდა. ღვთის მონამ ქონება გლახაკებს დაურიგა და თვითონ ქალაქ კაშინის ახლოს კლობუკოვსკის მონასტერში აღიკვეცა მონაზვნად. წმინდა მაკარი დიდ ღვაწლს შეუდგა - საკუთარი ნება მთლიანად დაუმორჩილა ძმებს, მათ შორის ყველაზე თავმდაბალი გახდა. რამდენიმე წლის შემდეგ იღუმენს სთხოვა განდეგილობის ღვაწლი ეტვირთა. ღირსმა მაკარიმ მდინარე ვოლგასთან დასაყუდებელი ადგილი ნახა და მკაცრ მოსაგრეობას მისცა თავი. მალე რამდენიმე მოწაფე გაუჩნდა, ხოლო უდაბნო წმინდა სამების სახელობის მონასტრად გადაიქცა. წმინდანი თავმდაბლობით გაურბოდა იღუმენობას, თუმცა ახალშექმნილი სავანის ძმობას მკაცრი კინოვიური მონასტრის ტიპიკონი შეუდგინა. მას მერე, რაც ორმა იღუმენმა არ შეასრულა მონასტრის დადგენილება, წმინდა მაკარი იძულებული გახდა, მონასტრის მმართველობა თავს ედო.

მონასტერი გაძლიერდა, გაიზარდა, რამაც მეზობელი მამულების მფლობელს ივანე კოლიაგას შური გაუჩინა გულში. ის წმინდანის მოკვლასაც კი აპირებდა, თუ მისი ბოროტი განზრახვა არ ასრულდებოდა. მაგრამ ღვთის სასჯელი დაატყდა თავს - მძიმედ გახდა ავად. სნეულებამ გული შეუმუსრა, მამა მაკარის მოუხმო და დიდი სინანულით შენდობა სთხოვა. გამოჯანმრთელების შემდეგ ისეთი სინანული აჩვენა, რომ სამაგალითო მონაზონი შეიქნა და თავისი მიწა წმინდა მაკარის გადასცა. მას მერე წმინდა მაკარიმ თავის ახალშეძენილი მოწაფის სახელის მიხედვით, თავის სავანეს კოლიაზის მონასტერი უწოდა.

მონასტრის დისციპლინა და კეთილწესიერება თანამედროვეთ აღაფრთოვანებდა. ამ მონასტრიდან ბევრი წმინდანი გამოვიდა, რომელთაც მონასტრები დააარსეს. წმინდა მაკარი კი 81 წლისაც საკუთარ თავს მოდუნების ნებას არ აძლევდა, არც ღამისთევისას, არც ლოცვისას.

1483 წელს სიკვდილის მოახლოება იგრძნო, მოუხმო მოწაფეებს, აკურთხა ისინი, შემდეგ ეზიარა და მშვიდად აღესრულა. სიკვდილის წინ ჩურჩულით თქვა: "დიდება ღმერთს ყველაფრისათვის!" ოცდათვრამეტი წლის შემდეგ მისი სხეული და შესამოსელი უხრწნელი იპოვეს. მის წმინდა ნაწილებს გასაოცარი სურნელება ასდიოდა და მრავალი სნეული განკურნა, ვინც მასთან რწმენით მიილტვოდა.

.....................

ამავე დღეს იხსენიება მღვდელმოწამე ალექსანდრე პოლივანოვი, მღვდელი (1919), მღვდელმოწამე ვიქტორ კურანოვი (1942), მათ მოიხსენიებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია. წმინდა გური (კარპოვი), სიმფეროპოლის მთავარეპისკოპოსი (1882) ღირსი პართენი (კრასნოპესცოვი), კიევის მღვიმის სავანის მღვდელ-მონაზონი (1855), მათ მოიხსენიებს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია.

ბეჭდვა
1კ1