წმინდა ზაქარია, რომის პაპი (+752) - 15 მარტი (28 მარტი)
წმინდა ზაქარია, რომის პაპი (+752) - 15 მარტი (28 მარტი)
წმინდა ზაქარია წარმოშობით კალაბრიელი ბერძენი იყო, ძე პოლიქრონიონისა. ის რომის პაპის ტახტზე ავიდა 741 წლის 3 დეკემბერს. თავისი არჩევის შესახებ მან წერილით ამცნო კონსტანტინოპოლის ეკლესიას და არა მის ხატმებრძოლ პატრიარქს ანასტასის. ერთი ასეთივე წერილი მან იმპერატორ კონსტანტინე V კოპრონიმოსსაც გაუგზავნა. თუმცა პაპის ლეგატებმა კონსტანტინოპოლს რომ მიაღწიეს, ქვეყანას კონსტანტინეს ტახტიდან ჩამოგდების შემდეგ არტავასდი მართავდა. ლეგატებს მასთან ურთიერთობა არ ჰქონიათ. ხოლო როცა ხატმებრძოლმა იმპერატორმა კონსტანტინემ ხელისუფლება დაიბრუნა, ის ალერსიანად შეხვდა პაპის ლეგატებს და რომის საყდარს იტალიის ორი ქალაქი აჩუქა. პაპი ზაქარია მხურვალე ხატთა თაყვანისმცემელი იყო და თავის ეპისტოლეებში მკაცრად ამხელდა ხატმოძულეობის პოლიტიკას.

რომისთვის ყველაზე საშიში და მრისხანე მტრები მაშინ ლონგობბარდები იყვნენ. პაპს მოკავშირე არ ჰყავდა, რომაული იმპერია სუსტი იყო, ხოლო ფრანკებში კარლ მარტელას მკვლელობის შემდეგ არეულობა იყო და ჰერცოგი სპოლეტო საიმედო მოკავშირე არ აღმოჩნდა. პაპმა გადაწყვიტა თვითონ შეხვედროდა ლონგობარდების მეფეს ლიუტპრანდს. მისმა სიწმინდემ, მჭევრმეტყველებამ მოალბო ლონგობარდების მეფის გული და რომს დაუბრუნა ბოლო ოცდაათ წელიწადში წართმეული ქალაქები. ყოველგვარი გამოსასყიდის გარეშე გამოატანა დატყვევებული რომაელები, ოცწლიანი სამშვიდობო ზავი დადო რომთან. ლიუტპრანდის სახელით რომში მაცხოვრის სახელობის ეკვდერი აშენდა. რომში დიდი პატივით დახვდნენ უკან დაბრუნებულ პაპს, იმ დროიდან მას უცქერდნენ, როგორც სულიერ მამას, ასევე რომისა და მისი შემოგარენის მმართველს.

მომდევნო წელს ლიუტპრანდმა რავენაზე თავდასხმა დააპირა, მაგრამ პაპი ზაქარია ჩაერია და გადააფიქრებინა. ხოლო როცა ლიუტპრანდის მემკვიდრემ რახისმა ძველი მტრობა განაახლა, პაპი ზაქარია მივიდა მის ბანაკში, მისმა სიტყვამ ისე იმოქმედა მეფეზე, რომ მან უარი თქვა ომზეც, სამეფო ტახტზეც და ბოლოს რომში მონაზვნად აღიკვეცა.

პაპმა ზაქარიამ ძლიერი მოკავშირე გაიჩინა ფრანკების მმართველის, პიპინ მოკლეს სახით, რომლის ძმაც კარლომანი 747 წელს რომში პაპის ხელით აღიკვეცა მონაზვნად. პაპმა ზაქარიამ ბევრი იღვაწა რომის ეკლესიის გაძლიერებისთვის, ის უამრავ მოწყალებას გასცემდა და ხშირად ყოფილა, რომ პაპი მონების ბაზარზე ყველა ქრისტიან მონას ყიდულობდა, რათა სარკინოზების ხელში არ ჩავარდნილიყვნენ. პაპმა ზაქარიამ ბერძნულად თარგმნა წმინდა გრიგოლის "დიალოგები" და ამით ხელი შეუწყო ამ წმინდა წიგნის აღმოსავლეთში გავრცელებას. წმინდა პაპი ზაქარია 752 წლის 15 მარტს გარდაიცვალა.

ბეჭდვა
1კ1