წმინდა ანინე ქალკედონელი - 13 (26) მარტი
წმინდა ანინე ქალკედონელი - 13 (26) მარტი
ღირსი ანინე ქალკედონში ქრისტიანის ოჯახში დაიბადა. მშობლების გარდაცვალების შემდეგ თხუთმეტი წლისა მონასტერში წავიდა და მონაზვნად აღიკვეცა. სრული მყუდროების ძებნაში ის ერთი უდაბნოს სიღრმეში შევიდა, სადაც მდინარე ევფრატი ასურეთს სპარსეთისაგან ჰყოფს. იქ ის შეხვდა ბერდიდ მაიუმს და მასთან დასახლდა. ორივე მოსაგრე ძალზე მკაცრ ცხოვრებას ეწეოდა. დიდ მარხვაში ისინი საჭმელს არ ჭამდნენ და მხოლოდ სულიერი საკვებით ხარობდნენ და განსცხრებოდნენ.

წმინდა ანინეს ყოველდღიურად ძალზე შორიდან კოკით სასმელი წყალი მოჰქონდა. ერთხელ ის ჩვეულებრივზე ადრე დაბრუნდა წყლით სავსე კოკებით, რამეთუ უფლის ანგელოზმა ჭურჭელი წყლით აუვსო. ბერდიდი მაიუმი მიხვდა, რომ მისმა მოწაფემ სულიერ სრულყოფილებას მიაღწია და წმინდა ანინეს სთხოვა, მისი მოძღვარი გამხდარიყო. მაგრამ მან თავმდაბლობით უარი უთხრა. შემდგომში ბერდიდი მონასტერში გადასახლდა, ანინე კი მარტო დარჩა უდაბნოში.

განუწყვეტელი ღვაწლით წმინდანმა სძლია საკუთარ ვნებებს და ღვთისაგან კურნებისა და წინასწარმეტყველების მადლი ებოძა. მხეცებიც კი ემორჩილებოდნენ და ემსახურებოდნენ მას. სადაც უნდა წასულიყო წმინდანი, მას თან ორი ლომი დაჰყვებოდა, რომელთაგან ერთ-ერთს მან დაწყლულებული თათი განუკურნა. წმინდანს ხმა გაუვარდა და მასთან სნეულები და ბოროტი სულისგან შეპყრობილები მოდიოდნენ კურნების სათხოვნელად. წმინდანს რამდენიმე მოწაფეც გაუჩნდა. ერთხელ, მისი მოსაგრეობის მეჩვიდმეტე წელს, მასთან რამდენიმე კაცი მოვიდა და დასალევად წყალი სთხოვა. ღვთის ძალის იმედით აღძრულმა ღირსმა მამამ ერთ-ერთი მოწაფე ამომშრალ ჭასთან გააგზავნა. ღვთის სასწაულით ჭა წყლით პირამდე იყო სავსე და კარგა ხანს ეყოთ. როცა წყალი გათავდა, წმინდა მამა არ გაკადნიერებულა, ღვთისთვის ხელახლა ეთხოვა სასწაულის მოხდენა და ღამღამობით წყალი ევფრატიდან ამოჰქონდა ხოლმე. იგი არაერთხელ მოინახულა ნეოკესარიის ეპისკოპოსმა პატრიკმა და ღირსი მამა, მისი სურვილის მიუხედავად, მღვდლად აკურთხა. როცა შეიტყო, რომ ბერდიდს საკუთარი ზურგით შორიდან მოჰქონდა წყალი, მღვდელმთავარმა მას ორჯერ ჯორი აჩუქა, თუმცა წმინდანმა ორივეჯერ ჯორი გლახაკს მისცა და წყლის ზიდვა კვლავ ზურგით განაგრძო. მაშინ ეპისკოპოსმა დიდი ჭის ამოთხრა ბრძანა, რომელსაც ქალაქიდან ვირებით მოტანილი წყლით ავსებდნენ.

წმინდა ანინემ განჭვრიტა მისგან შორს მოსაგრე ერთი მესვეტე-მონაზვნის სურვილი, რომ ავაზაკისთვის სასამართლოში ეჩივლა, რომელმაც ის ქვებით დააშავა. წმინდანმა მესვეტეს წერილი მისწერა, და ურჩია, ასე არ მოქცეულიყო. წერილი მესვეტეს წმინდანის მორჩილმა ლომმა მიუტანა, და გულისხმაჰყო.

ერთი ღვთისმოსავი ქალი ავად გახდა და წმინდანთან წავიდა, რათა განკურნებისთვის ლოცვა ეთხოვა. გზაში ავაზაკი გადაეყარა. როცა ნახა, რომ ქალს ფული არ ჰქონდა, მასზე ძალადობა დააპირა. ქალმა ყვირილი მორთო და შეწევნისთვის წმინდანს მოუხმო. ავაზაკს უეცრად თავზარი დაეცა და ქალს ხელი გაუშვა. ქალი მივიდა წმინდანთან, ყველაფერი მოუყვა და კურნება მიიღო. მონანული ავაზაკიც მივიდა ღირს მამასთან, მოინათლა და მონაზვნად აღიკვეცა. შუბმა, რომელიც ავაზაკმა მიწაში ჩაარჭო, როცა მან ქალზე ძალადობა დააპირა, ფესვი გაიდგა და შემდგომში ძლიერ მუხად გადაიქცა.

წმინდა ანინემ 110 წლამდე იცოცხლა. მან თავისი აღსასრულის ჟამი იწინასწარმეტყველა და ძმებს ურჩია, იღუმენად ვინ დაედგინათ.
სიკვდილის წინ წმინდა ანინეს წინასწარმეტყველები - მოსე, აარონი და ორი სხვა გამოეცხადა და მათ ესაუბრა. "უფალო, მიიღე სული ჩემი", - თქვა წმინდანმა და წარვიდა უფალთან.

ეკლესია წმინდა ანინეს მოიხსენიებს 13, 16 (საბერძნეთ.) და 18 მარტს

ხატის წყარო


ბეჭდვა
1კ1