წმინდა ნიკიფორე კონსტანტინოპოლელის ნაწილთა აღმოყვანება (+846) - 13 (26) მარტი
წმინდა ნიკიფორე კონსტანტინოპოლელის ნაწილთა აღმოყვანება (+846) - 13 (26) მარტი
დიდი მღვდელმთავარი, წმინდა ნიკიფორე დედოფალ ირინეს (797-802) სასახლის კარის მოხელე იყო. ბერად აღკვეცის შემდეგ, 806 წელს კეთილმსახურებით გამორჩეული მამა პატრიარქად აირჩიეს. ხატმებრძოლი იმპერატორის ლეონ სომხის (813-820) გამეფების შემდეგ ხატთაყვანისმცემლობის მტკიცე დამცველი წმინდა ნიკიფორე კუნძულ პროკონესოსზე გადაასახლეს, სადაც ცამეტი წელი დაჰყო ტყვეობასა და შეურაცხებაში. 828 წელს გარდაიცვალა და მის მიერვე აშენებულ წმინდა მოწამე თეოდორეს სახელობის მონასტერში დაკრძალეს.

რამდენიმე წლის შემდეგ, უწმინდური მეფეების - ლეონ სომხის, მიქაელ ბალბოსის (ბლუ) და მისი ვაჟის, თეოფილეს სიკვდილის მერე, ბერძნული სახელმწიფოს სკიპტრა ხელთ იპყრა ღვთისმოსავმა დედოფალმა თეოდორამ, რომელიც ქვეყანას თავის ვაჟთან, მიქაელთან ერთად მართავდა, რომელიც მაშინ ოთხი წლის იყო.

ამავე დროს გარდაიცვალნენ კონსტანტინოპოლის ცრუ პატრიარქები: თეოდოტე კასიტერი, თეოდორე სპაფაროკანდიდატი, ანტონი ფასიმატი, და ბოლოს იოანე, რომელიც მზაკვრობით მოგვს მოგაგონებდათ, და როგორც უკანონოდ დადგენილი - ღვთისმოსავმა ხალხმა ტახტიდან ჩამოაგდო (ეს პატრიარქები ეკლესიას 815-842 წლებში მართავდნენ). მის მერე კონსტანტინოპოლის კათედრაზე ავიდა წმინდა მეთოდე, რომელმაც ეკლესიაში ხატთა თაყვანისცემა აღადგინა. სწორედ ამ დროს კუნძულ პროკონესოსიდან კონსტანტინოპოლში გადმოასვენეს ქრისტეს აღმსარებლის, წმინდა ნიკიფორეს პატიოსანი ნაწილები.

წმინდა მეთოდე პატრიარქმა ასე ურჩია ღვთისმოშიშ დედოფალ თეოდორას:

- არ ეგების, რომ პატრიარქებს შორის საუკეთესო, ტახტიდან მართლმადიდებლობისთვის ჩამოგდებული ნიკიფორე, გარდაცვლილიც კი დღემდე დევნილობაში იმყოფება: მისი წმინდა სხეული უნდა დავუბრუნოთ მის საყდარს, თორემ ცოდვას ვერ გავექცევით, თუ მის წმინდა ნაწილებს გადასახლებაში დავტოვებთ. მაშინ ისე გამოვა, თითქოს ჩვენ მოვიწონეთ და დავეთანხმეთ ტახტიდან მის უკანონო ჩამოგდებას. ვიცით, რომ იოსების ტომი იკურთხა იმის გამო, რომ ოთხასი წლის შემდეგ, თავიანთი ღირსი მამის სხეული ეგვიპტიდან ქანაანის მიწაზე გადმოასვენეს, ჩვენ კი, ღვთისმოშიშების ძენი, ნუთუ დავუშვებთ, რომ არ ვეთაყვანოთ ნაწილებს ჩვენი წმინდა მამისა, რომლის ღვთაებრივი მოძღვრებითაც აღვიზარდენით და გვაქვს მართალი რწმენა. თვით ამ სამეუფეო ქალაქსაც, რომელიც ცისქვეშეთში ერთ-ერთი საუკეთესოა, თავისი წმინდა წინამძღოლის ნაწილნი სწყურია, და მზად არის, რომ კრძალვით მიირქვას თავის წიაღში. და გაიხაროს სასძლო ეკლესიამ თავისი სიძით. როცა ის ცოცხალი იყო, ეკლესია მოაკლდა მას მეფის უსამართლობით; დაე, მწყემსთმოყვარე დედოფლის ბრძანებით, ეკლესიამ მიიღოს უფალში გარდაცვლილის სხეული. ჰოი, ღვთისმოსავო დედოფალო, შენც ხომ ხედავ, რომ შენს მართლმორწმუნე ხალხს სურს სულით მოისმინონ თავიანთი გარდაცვლილი მწყემსის ხმა. ხოლო თუ შენ ჩამოასვენებ მას, როგორც ცოცხალს ისე მიიღებენ და მის წმინდა ნაწილებს შეინახავენ, როგორც უდიდეს საგანძურს.

ქრისტესმოყვარე დედოფალი თეოდორა მაშინვე დაეთანხმა პატრიარქ მეთოდეს და უთხრა:

- ეს ჩვენს სულებსაც გამოადგება და მომავალში ჩვენს სახელს პატივით მოიხსენიებენ.

მაშინ უწმინდესი პატრიარქი დაუყოვნებლივ გაემართა კუნძულ პროკონესოსზე, მას თან მღვდლები, ბერები და უამრავი ადამიანი გაჰყვა. მივიდნენ წმინდა თეოდორეს მონასტერში, პატრიარქმა გახსნა წმინდა ნიკიფორეს საფლავი, და ყველამ დაინახა, რომ ცხრამეტი წლის წინ გარდაცვლილი მღვდელმთავრის სხეული უვნებელად იყო შემონახული, ხრწნადობის ნიშანიც კი არ ეტყობოდა და კეთილსურნელებას აფრქვევდა.

ღამისთევის და საღმრთო ლიტურგიის მერე, წმინდა მეთოდე ჩავიდა აკლდამაში, წმინდა ნიკიფორეს წმინდა ნაწილებს, როგორც ცოცხალს, ისე მოეხვია და უთხრა:

- ჰოი, წმინდაო კაცო, რომელიც ყველაფრით მიემსგავსე წმინდა იოანე ოქროპირს, შენც ხომ მისნაირი ღვაწლი და განსაცდელები დაითმინე. წმინდა იოანეს მსგავსად თამამად ამხილე უსჯულოება, დაითმინე უსამართლო დევნა და აი უკვე ოცდაათი წელია, ჯერ ცოცხალი და, შემდეგ კი გარდაცვლილი დატუსაღებული ხარ. ახლა კი ნება მოგვეცი შენს საყვარელ შვილებს, წაგიყვანოთ აქედან და დაგაბრუნოთ შენს ქვეყანაში, სადაც შენი ხალხი ძველებურად სიყვარულით მიგიღებს. უღმერთო მეფემ, რომელმაც უსამართლოდ გაგდევნა ეკლესიიდან, თავისი საქმის შესაფერისი სასჯელი მიიღო, რამეთუ მას, როგორც მეფობა, სიცოცხლეც წაერთვა. ახლა კი შენი ღვთისმოსავი მეფე როგორც ცოცხალს გაბრუნებს შენს ეკლესიაში. მათ ჩემთან ერთად, ვით ქრისტესმოყვარე შვილებმა ეკლესია გაწმინდეს ერეტიკული ბიწიერებისგან, და ისე დიდებულად განამშვენეს, როგორც ის შენს დროს შენი შრომით იყო გალამაზებული. მოდი და ნახე შენი შვილების კრებული; ისინი ყველანი გარშემო ქალაქებიდან მოვიდნენ; სხვები კი ვინც უფრო შორს ცხოვრობს, მოუთმენლად გელიან. ნუ დააობლებ, ნუ დაამწუხრებ მათ შენი განშორებით, არამედ განამშვენე ტაძარი შენი წმინდა ნაწილებით, ვითარცა უდიდესი საგანძურით.

ბრძანა ეს პატრიარქმა მეთოდემ, პატრიარქის წმინდა სხეული აღმოიყვანა და ახალ ლუსკუმაში ჩაასვენა; შემდეგ კი ხომალდზე გადაასვენეს, იალქნები გაშალეს და კონსტანტინოპოლისკენ გასწიეს.
ღვთისმოსავმა დედოფალი თეოდორა, შვილთან და კრებულთან ერთად სანთელ-საკმევლით, ბაირაღებით, გალობით, დიდად გახარებული დახვდა წმინდა ნიკიფორეს წმინდა ნაწილებს, რომელიც თავდაპირველად წმინდა სოფიას ტაძარში წაასვენეს, საიდანაც თავის დროზე გაძევებულ იქნა წმინდა ნიკიფორე.

წმინდა ნაწილები 846 წლის 13 მარტს გადაასვენეს - რაოდენ სიმბოლურია, რომ წმინდა ნიკიფორე ოცდაათი წლის სწორედ ამ დღეს გააძევეს დედაქალაქიდან.

როცა მოსაღამოვდა, წმინდა სოფიას ტაძარში ღამისთევის ლოცვა შესრულდა. მეორე დღეს, დილით, წმინდანის სხეული წმინდა მოციქულების ტაძარში გადაასვენეს. წმინდანის ხელი ათონზე, ქილანდარის მონასტერში ინახება.

კონდაკი
გუნდი მამათმთავართა წმიდასა ხსენებასა შენსა აქებენ და გალობით პატივს სცემენ, ნიკიფორე, რამეთუ მიიღეს სული შენი დიდებით; ამისთვის დღეს ეკლესია პატიოსანი, მადიდებელი ქრისტეს მეუფისა, ადიდებს მხოლოსა კაცთმოყვარესა.

ბეჭდვა
1კ1