წმინდა ეპისკოპოსი პავლე ლეონელი, ბრეტანელი (+572) - 12 (25) მარტი
წმინდა ეპისკოპოსი პავლე ლეონელი, ბრეტანელი (+572) - 12 (25) მარტი
წმინდა პავლე, რომელსაც ასევე ავრელიანეს ეძახდნენ, დაიბადა ბრიტანეთის კუნძულებზე 492 წელს. ბავშვობაში სამონაზვნო სკოლაში მიაბარეს, რომელიც წმინდა გერმანე ოსერელის (ხს. 31 ივლისს) მოწაფის ღირსი ილტუდის დაარსებული იყო. მისი მეგობრები შემდგომში ბრეტანელ წმინდანთა დასში შეირაცხენ: დავითი (ხს. 1 მარტს), სამსონი (28 ივლისი), გილდი (29 იანვარი), მალო (15 ნოემბერი) და ბრიო (1 მაისი). წმინდა პავლემ მეუდაბნოე ცხოვრება დაიწყო მისი ოჯახის კუთვნილ მიწაზე, უდაბურ ადგილას, იქ წმინდანი მთელის სულით აღიწეოდა ღმერთამდე, და თავისი კავშირი უფალთან სასწაულებით დაამოწმა.

ექვსი წლის შემდეგ მას მღვდლად ხელი დაასხეს. სამღვდელო ხარისხი მიიღო მისი სკოლის თორმეტმა მეგობარმა, რომლებიც თან წაიყვანა. ანგლო-საქსონური ჰეპტარქიის, ანუ შვიდი სამეფოს ერთ-ერთმა მეფემ წმინდა პავლე დაითანხმა, მისი ხალხის ეპისკოპოსი გამხდარიყო, თუმცა ის დიდებას გაექცა და თანამგზავრთან ერთად არმორიკაში (გალიურ-რომაული პროვინცია) გაემგზავრა. ისინი სხვადასხვა ადგილას მივიდნენ, ბოლოს კი ლეონის ოლქში შეჩერდნენ. კუნძულ ბაცზე იმ ადგილას, სადაც მან მონასტერი ააგო, ერთი დიდი და საშინელი გველი ბინადრობდა, წმინდანმა ის იქიდან ლოცვით გააძევა. წმინდანი აქედან აგზავნიდა თავის მოწაფეებს ამ მხარეში სახარების საქადაგებლად და წარმართობის აღმოსაფხვრელად.

ამ მიწის მფარველი გრაფი ვიტური დიდ პატივს სცემდა წმინდა პავლეს. მან მოხერხებული სტრატეგიული სვლით და მეფე ჰილდებერტის დახმარებით თავმდაბალ მონაზონს მთელი ლეონის ოლქის ეპისკოპოსად ხელი დაასხა. ეპარქიის ცენტრად აირჩია კონტინენტზე მდებარე მონასტერი, რომელიც შემდგომში ქალაქად სენ-პოლ-დე-ლეონად გადაიქცა. ეპისკოპოსი პავლე გულმოდგინედ შეუდგა წარმართული კერპების ნგრევას და ბრეტანის ამ ნაწილში ეკლესია-მონასტრების აგებას. და ამიტომაც მას იქ სამართლიანად მიაგებენ პატივს როგორც უდიდეს წმინდანს.
მოხუცმა წმინდა პავლემ ერთ-ერთი მოწაფე თავისი მისიონერული საქმის გასაგრძელებლად აირჩია, თვითონ კი კუნძულ ბაცზე მონასტერში განმარტოვდა. მიუხედავად იმისა, რომ ძვალი და ტყავი იყო დარჩენილი, გაორმაგებული ენერგიით მიეცა ლოცვას და მღვიძარებას. წმინდა ეპისკოპოსმა 572 წელს აქვე ჰპოვა საუკუნო განსასვენებელი.

ხატის წყარო

* * *

ამავე დღეს იხსენიება წმინდა აღმსარებელი მღვდელი ალექსანდრე დერჟავინი (1933), მღვდელმოწამენი - მღვდლები: იოანე პლეხანოვი, კონსტატინე სოკოლოვი, ღირსმოწამე ვლადიმერი (ვოლკოვი) არქიმანდრიტი (1938), მღვდელმოწამე სერგი სკვორცოვი, მღვდელი (1943); (რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია); წმინდა ათნი მოწამენი, ცეცხლით მოწყვეტილნი. (ბიზანტიური სვინაქსარი)

ბეჭდვა
1კ1