მართალი ფინეზი (დაახლ. 1500 წ. ქრისტემდე) - 12 (25) მარტი
მართალი ფინეზი (დაახლ. 1500 წ. ქრისტემდე) - 12 (25) მარტი
მართალი ფინეზი იუდეველთა მღვდელმთავრის აარონის შვილიშვილი და მღვდელმთავარ ელიაზარის შვილი, თვითონაც მღვდელი იყო იუდეველთა ერისა. წმინდა ფინეზი ჭეშმარიტი მსახური იყო ისრაელის ღმერთისა. თავისი ცხოვრების მანძილზე ის მოშურნე მცველი და დამცველი იყო ჭეშმარიტი ღვთისთაყვანისცემისა. როგორც ღვთისმსახური ის ისრაელის ღმერთს განადიდებდა, და იმავდროულად აღმოფხვრიდა ყველა ბიწიერებას და ღვთის სჯულისაგან განდგომას, რომელსაც ებრაელ ერს შეამჩნევდა.

როცა წმიდა წინასწარმეტყველ მოსეს მიერ ეგვიპტის მონობიდან გამოყვანილი ისრაელელნი აღთქმულ მიწას მიუახლოვდნენ, მათი მეზობლები – მოაბელნი და მადიამელნი, შიშითა და შურით აღივსნენ, მოგვი ბალაამი მოიწვიეს და სთხოვეს, დაეწყევლა ებრაელები. უფლის ნებით ბალაამმა სამგზის აკურთხა ღვთივრჩეული ერი.

მაშინ მოაბელებმა ისრაელელები ბალფეგორის კერპით აცდუნეს. უფალი ძალზე განრისხდა ამ უსჯულოებაზე და მკაცრად დასაჯა განდგომილები: მაშინათვე გაჩნდა შავი ჭირი, რომლითაც ათასობით ებრაელი დაიხოცა. ამის გარდა ღმერთმა მოსეს უბრძანა ჩამოეხრჩო, ხალხის ყველა ის მეთაური, რომლებმაც ეს უწმინდურება ჩაიდინეს. მრავალმა ისრაელელმა ღვთის რისხვის დანახვისას დაუტევა უსჯულოება და შეინანა ღვთის წინაშე.

ამ დროს ვინმე ზამბრიმ, სიმონის ტომის მეთაურმა, მოსესა და მთელი კრებულის თვალწინ მადიამელი დედაკაცი მოიყვანა და თავის კარავში შეიყვანა. მაშინ განრისხებული ფინეზი შევიდა კარავში და ხალხის მაცდუნებელი ისრაელელი და მადიამელი დედაკაცი შუბით განგმირა.

წმინდა ფინეზის ამ მოშურნე საქციელმა აარიდა ღვთის რისხვა ისრაელელებს: "და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა. "ფინეს, ძემან ელიაზარისამან, ძისა აპრონ მღვდლისამან, დააცხრო რისხვაჲ ჩემი ძეთაგან ისრაილისათა აღშურებასა შურისა ჩემისასა მათ შორის და არა მოვსპე ძენი ისრაილისანი შურსა შინა ჩემსა. ესრე არქუ: აჰა ესერა, მე მივსცემ მას აღთქუმასა მშვიდობისასა და იყო მასა და ნათესავისა მისისა შემდგომად მისსა აღთქმაჲ მღვდელობისაჲ საუკუნო, რამეთუ შური იძია ღმრთისა მისისაჲ და ლხინება ყო ძეთათჳს ისრაილისათა" (რიცხ. 25, 10-13).

მალე, ღვთის ბრძანებით, ისრაელელებმა შეკრიბეს ჯარი მოაბელების დასასჯელად, სულ თორმეტი ათასი კაცი იყო, ათას-ათასი კაცი ისრაელთა 12 ტომიდან. ჯარს ფინეზმა უწინამძღვრა და ამჯერადაც ზედმიწევნით შეასრულა ღვთის ბრძანება. ამის გარდა წმინდა ფინეზმა თავი გამოიჩინა, როგორც ბრძენმა მმართველმა თავისი ერისა, ის შეარიგებდა ხოლმე მტრად წაკიდებულებს, შეეძლო მათ შორის წამოჭრილი ჩხუბისა და კამათის შეჩერება და აღმოფხვრა.

ამ დამსახურების გამო თავისი მამის ელეაზარის გარდაცვალების შემდეგ მღვდელმთავრად აირჩიეს. წმინდა ფინეზი ღრმად მოხუცებული გარდაიცვალა და ეფრემის მთაზე დაკრძალეს.

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1