წმინდა თეოფანე აღმსარებელი (+818) - 12 (25) მარტი
წმინდა თეოფანე აღმსარებელი (+818) - 12 (25) მარტი
ღირსი თეოფანე სიღრიანელი დაიბადა კონსტანტინოპოლში, კეთილშობილ და ცნობილ ოჯახში. მამას ისააკი ერქვა, დედას - თეოდოტია. მამამისი ისააკი ბიზანტიის იმპერატორის, ლეონ ისავრიელის (717-741) ნათესავი იყო. სასახლეში მას საპატიო თანამდებობა ეკავა, ლეონის ვაჟის, კოპრონიმოსის დროს კი სარდალი გახლდათ. ამ დროს წარმოიშვა ხატმებრძოლობის ერესი, დაიწყო მართლმადიდებელთა დევნა. თვით იმპერატორი ლეონი ხატმებრძოლი იყო. თუმცა ისააკი და თეოდოტია მკაცრად იმარხავდნენ მართლმადიდებლურ სწავლებას ხატთა თაყვანისცემაზე და ამიტომაც უბოძა უფალმა მათ ვაჟი, რომელიც თავის დროზე, ვითარცა ცისკრის ვარსკვლავი, აღმოუბრწყინდა ქრისტეს ეკლესიას. ბავშვს სახელად თეოფანე დაარქვეს. ზოგჯერ მას მამის სახელს - ისააკსაც ეძახდნენ. სამწუხაროდ, წმინდა თეოფანეს მამა ადრე გარდაეცვალა. ისააკმა სიკვდილის წინ დაწერა ანდერძი და თავისი სამი წლის ვაჟისა და მეუღლის მფარველობა თავის ნათესავს - იმპერატორ კონსტანტინე კოპრომინოსს სთხოვა.

ყრმა თეოფანე საარაკო გონებით გამოირჩეოდა, საღმრთო წერილს სწავლობდა და ღვთივსათნოდ ცხოვრობდა. როცა თორმეტი წლის გახდა, ერთმა სენატორმა მოისურვა მასზე თავისი ათი წლის ქალიშვილი დაეწინდა, რადგან ყმაწვილი ლამაზი, ძალზე ჭკვიანი, შეძლებული და თან მეფის ნათესავი იყო. თეოფანეს დედა თეოდოტია თანახმა იყო, სენატორმა მეფისაგან აიღო უფლება და ბავშვები დაწინდეს. ადრე ნებადართული იყო, მცირე ასაკში დაწინდვა, ქორწინებას კი სრულწლოვანების ასაკამდე გადადებდნენ ხოლმე. ამასობაში გარდაიცვალა კონსტანტინე კოპრომინოსი, სამეფო ტახტზე მისი ვაჟი ლეონ IV ავიდა. რამდენიმე წლის შემდეგ გარდაიცვალა თეოდოტია, ის შვილის ქორწინებას ვერ მოესწრო.

თეოფანეს შინ ერთი კეთილგონიერი და ღვთისმოსავი მონა ჰყავდა, რომელიც ძალიან უყვარდა და მასთან სულისმარგებელ საუბრებში სურვილი გაუჩნდა, ხორციელი სიწმინდე შეენარჩუნებინა, მონაზვნად აღკვეცილიყო და თავისი ქონების ღარიბ-ღატაკებისთვის დარიგება დაიწყო. ეს რომ მისმა სიმამრმა გაიგო, სასწრაფოდ დანიშნა ქორწინების დღე. ახალგაზრდებს ჯვარი დასწერეს, თეოფანე ფიქრებით უფალთან აღვიდა და სთხოვა, მისი წმინდა ქალწულება დაეცვა. როცა ქორწინების მერე ახალგაზრდები განმარტოვდნენ, სიძემ სარძლოს თავისი ფიქრები გაანდო. უთხრა, რომ ღვთივკურთხეული ოჯახის ნაცვლად ღვთივკურთხეული მონაზვნობა ერჩივნა. შესთავაზა, მამაშენის სასტიკი ხასიათის გამო, გარეგნულად დავრჩეთ ცოლ-ქმარი, ოღონდ და-ძმასავით ვიცხოვროთ. ხოლო როცა სასურველი დრო დაგვიდგება, მე მამათა მონასტერში წავალ, შენ - დედათა მონასტერში წადიო. დაე, ჩვენი მიწიერი ცხოვრება უფალს მივუძღვნათ, რომ შემდგომ მისი წმინდანების დიდების თანაზიარნი ვიყოთო. კეთილგონიერი ქალიშვილი სიხარულით დაეთანხმა, უთხრა, რომ მასაც ქალწულად დარჩენა სურდა, რათა უბიწოდ წარმდგარიყო ზეციური სასიძოს წინაშე.

ყმაწვილი გააოცა ქალიშვილის კეთილგონიერებამ, მადლობა შესწირა უფალს. ის ღამე ორივემ ლოცვაში გაატარა. უფალს შესთხოვეს შესწეოდა მათ ამ წმინდა საქმეში. განთიადისას ჩაიძინეს და ორივემ ერთი და იგივე სიზმარი ნახა: მათ წარმოუდგა ნათელმოსილი ჭაბუკი, რომელმაც ღიმილით უთხრა:

- უფალმა შეიწირა თქვენი განზრახვა და გამომგზავნა, რომ გაკურთხოთ ამგვარი ცხოვრებისათვის, რომელზეც შეთანხმდით, რათა წმინდა და უბიწონი წარუდგეთ მას. ანგელოზმა ცოლ-ქმარს ჯვარი გადასახა და უჩინო შეიქნა. გამოეღვიძათ. ერთმანეთს სიზმარი მოუყვნენ და გაოცებულებმა სამადლობელოდ მუხლნი მოუდრიკეს უფალს. ამ დროს მათ ოთახში საოცარი კეთილსურნელება დატრიალდა და მერე მთელ სახლს მოედო. მას მერე ეს წმინდა ცოლ-ქმარი ღვთის ანგელოზებივით ცხოვრობდნენ, მარხვით და ლოცვით და მოწყალების უხვად გაცემით. თეოფანეს სიმამრმა შეიტყო, რომ მის ქალ-სიძეს სარეცელი არ გაუზიარიათ და აღშფოთებულმა იმპერატორთან იჩივლა: ამის გარდა, ქონებას და ჩემს მიცემულ მზითევსაც ანიავებს თეოფანეო და სიძის დასჯა სთხოვა. უბრძანე, სჯულისმიერი ქორწინებით იცხოვრონ და თეოფანემ ქონება არ გასცესო. მეფე განურისხდა თეოფანეს, თუ სიმამრს არ დაუჯერებ, თვალს ამოგთხრიო. მაგრამ, კეთილგონიერმა ახალგაზრდამ ყური არ უგდო მიწიერ მეფეს და ცდილობდა, ზეციურ მეუფეს უფრო სათნო-ყოფოდა.

მაშინ მეფემ თეოფანეს სიმამრის რჩევით, თეოფანე რაღაც საქმეზე კიზიკოსის მხარეში გააგზავნა - სიძეს საქმეების გამო მარხვა-ლოცვისთვის არ ეცლება და ქონებასაც აღარ გასცემსო. თეოფანეს თან ცოლიც გააყოლეს. მგზავრობისას მდინარე რინდაკოსს მიადგნენ, მის ერთ ნაპირზე ოლიმპიის მხარე იყო, მეორეზე - სიღრიანისა. თეოფანეს ხმელეთით წასვლა შეეძლო, მაგრამ მდინარეზე გადასვლა მოინდომა. თანამგზავრები, ცხენები და ეტლები ხმელეთით გაუშვა, თვითონ ცოლთან და რამდენიმე მსახურთან ერთად ჩაჯდა ნავში და გასცურეს, თეოფანე მოიხიბლა სიღრიანის მთების, უდაბნოების ხილვით და იქ დასახლება მოუნდა. ნაპირს მიადგნენ ღამის გასათევად, ყველას ნავებში დარჩენა უბრძანა, თვითონ კი ხმელეთზე გადავიდა. იქვე, ველზე, ტევრში შევიდა და შეევედრა უფალს, როგორ მოვიქცე, მითხარიო. უკან დაბრუნება აღარ უნდოდა, ლოცვის დროს მიეძინა და ამ დროს მას სწორედ ისევ ის ანგელოზი გამოეცხადა, ადრე სიზმარში რომ აკურთხა თეოფანე და მისი ცოლი და უთხრა:

- შენ აქ მომავალში დასახლდები. ახლა კი მოითმინე, ვიდრე შენი ამ გზაზე წინააღდგომნი არ გავლენ ამქვეყნიდან. ისინი მალე გარდაიცვლებიან და მაშინ წინ ვერავინ აღგიდგება. წმინდა თეოფანე გახარებული დაბრუნდა უკან და გზა გააგრძელა. გზად სიღიანის მთებში შეხვედრილ მონასტრებში მიდოდა და მამებისგან კურთხევას იღებდა. ერთ ადგილას, რომელსაც პოლიქრონიოსს ეძახდნენ, შეხვდა დაფარულმცოდნელ მამას გრიგოლი სტრატიგიუსს. ღირსმა მამამ თეოფანეს უწინასწარმეტყველა:

- ცოტა მოიცადე, კეთილო ყმაწვილო, მალე მეფე და შენი სიმამრი პირისაგან მიწისა აღიხოცებიან და როცა გათავისუფლდები, მაშინ შეისრულებ კეთილ განზრახვას.

ხოლო თეოფანიას ჩუმად ყურში უთხრა, რომ მისი სულიერი ძმა თეოფანე მომავალში მოწამებრივად აღესრულებოდა.

ამის შემდეგ თეოფანე ჩავიდა კიზიკოსში და მეფის დავალების შესრულებას შეუდგა. შიგადაშიგ სტუმრობდა ხოლმე სიღრიანის მონასტრებს და იქაურ მამებს. განსაკუთრებით ხშირად დადიოდა მამა გრიგოლი სტრატიგიუსთან და "პატარა სოფლად" წოდებული მონასტრის წინამძღვართან, იღუმენ ქრისტეფორესთან. ერთხელაც სიღრიანის მთაზე მსახურებთან ერთად მიმავალს დააღამდა და ერთ კლდესთან შეჩერდა. ძალზე ცხელოდა და წყალიც გამოლეოდათ. მწყურვალს, კლდეზე მიყრდნობილს მიეძინა, უეცრად კლდიდან წყარო წარმოდინდა და მთლიანად დაასველა თეოფანე, წამოხტდნენ, დარწყულდნენ, წყალი პირუტყვსაც დაალევინეს. დილით კი, როცა გაიღვიძეს, წყარო აღარ მოდიოდა. ისე იყო გამშრალი იქაურობა, წყლის ნაკვალევიც არ ჩანდა.

კიზიკიაში საქმეს რომ მორჩა, თეოფანე კონსტანტინოპოლში დაბრუნდა. სწორედ ამ დროს გარდაიცვალა მეფე ლეონ IV და თეოფანეს სიმამრი. თეოფანე და მისი ცოლი გათავისუფლდნენ, მთელი ქონება და მამულები გლახაკებს დაურიგეს. თეოფანემ მეუღლე ბითვინიის ერთ-ერთ მონასტერში აღკვეცა მონაზვნად, სახელად ირინე უწოდეს. მონაზონი ირინე სათნო ეყო უფალს და ღვთისაგან კურნებისა და ეშმაკთა განდევნის ნიჭი მიიღო. ამის მერე თეოფანემ კონსტანტინოპოლში დარჩენილი მიწები გაყიდა, ხალხს დაურიგა, ფულის მცირე ნაწილი დაიტოვა და მამა გრიგოლ სტრატიგიუსთან მივიდა. აქ ის მონაზვნად აღკვეცეს. თეოფანემ მამა გრიგოლს მონასტერი აუშენა, საკმაოდ დიდხანს ცხოვრობდა მასთან, შემდეგ კი, მამა გრიგოლის რჩევით,

კუნძულ კალონიმოსზე გადავიდა, სადაც მშობლების დატოვებული სოფელი ჰქონდა, რომლის მიცემაც ვერ მოესწრო გლახაკებისთვის. იქ მან მონასტერი ააშენა, სადაც თეოდო¬რეს მონასტრიდან ძმები გადმოიყვანა, დაუყენა მათ იღუმენი, თვითონ კი კელიაში დაეყუდა და ღვაწლს შეუდგა. ის დახელოვნებული კალიგრაფი იყო, გადაწერდა წიგნებს და მათი გაყიდვით ირჩენდა თავს. მალე მისი აშენებული მონასტრის იღუმენი გარდაიცვალა და ძმებმა მისი არჩევა გადაწყვიტეს. მაგრამ წმინდანმა დატოვა მონასტერი, დასახლდა სიღრიანის მთაზე, უდაბნოში, სადაც ანგელოზი გამოეცხადა. მალე მის გარშემო იმდენი ხალხი შეიკრიბა, რომ მონასტრის აშენება გახდა საჭირო. წმინდა თეოფანემ ფული ისესხა, "დიდი სოფლად" წოდებული ადგილი იყიდა და ახალი მონასტერი ააშენა. ახლა კი იძულებული გახდა წმინდა თეოფანე, მონასტრის იღუმენი გამხდარიყო. ღირსი მამა საკუთარი ხელით აშენებდა მონასტერს და თავისი შრომისმოყვარეობით სანიმუშო იყო სხვებისთვის.

787 წელს თეოფანე მიწვეული იყო ნიკეის მე-7 საეკლე¬სიო კრებაზე, რომელმაც დაგმო ხატმებრძოლობის ერესი.

კრებიდან დაბრუნებულმა ჩვეული ღვაწლი განაგრძო, მან ღვთისაგან ყოველგვარი სნეულების კურნებისა და ეშმაკთა განსხმის მადლი მიიღო.

50 წლის ასაკში ღირსი მამა მძიმედ დაავადდა და სიკვდილამდე იტანჯებოდა. სასიკვდილო სარეცელს მიჯაჭვულმა დაწერა "ქრონოგრაფია" – ქრისტიანული ეკლესიის ისტორია 285 წლიდან 813 წლამდე. ეს ნაშრომი დღესაც ეკლესიის ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროდ ითვლება.

გამოხდა ხანი. წმინდა თეოფანე დაბერდა, რამდენიმე იმპერატორი გამოიცვალა. ტახტზე ლეონ სომეხი (813-820) ავიდა. მისი გამეფების შემდეგ ხატმებრძოლობამ ახალი ძალით იფეთქა. მან გააძევა პატრიარქი ნიკიფორე და წმინდა თეოდორე სტუდიელი. მტარვალმა მრავალი მართლმადიდებელი მოკლა, აწამა წმინდა ხატთა სიყვარულისთვის. საეკლესიო მწერალი გიორგი კედრინი წერს, - როცა წმინდა ნიკიფორე პატრიარქი გადასახლების ადგილას გემით მიჰყავდათ და იმ ადგილს ჩაუარა, სადაც წმინდა თეოფანე მოღვაწეობდა. წმინდა თეოფანემ თავისი დაფარულმცოდნელი სულიერი თვალებით დაინახა პატრიარქი, მოწაფეს სანთლები აანთებინა, საკმეველი აკმია, მუხლი მოიდრიკა და გზად მიმავალს ლოცვა სთხოვა. მოწაფემ ჰკითხა:

- რას შვრები, მამაო, ვის ეთაყვანები, ვის ესაუბრები?

წმინდანმა უთხრა:

- გადასახლებაში მიდის მართალი სარწმუნოებისათვის დევნილი პატრიარქი ნიკიფორე და ის გემით ჩვენს მხარეს ჩაუვლის. სანთელ-საკმეველი იმისთვის მოგატანინე, რომ პატრიარქის შესაფერისი პატივი მივაგოო.

ამ დროს გემზე მყოფი პატრიარქიც გემბანზე დაემხო და სულიერი თვალებით განჭვრეტილ წმინდა თეოფანეს მისალმებაზე უპასუხა, ორივე ხელით აკურთხა. პატრიარქს თან ერთი მონაზონი ახლდა, რომელმაც ჰკითხა პატრიარქს:

- უწმინდესო მამაო, ვის ეთაყვანე და ვინ აკურთხე?

რაზეც წმინდა ნიკიფორემ უპასუხა:

- ახლა დიდი სოფლის იღუმენი თეოფანე აღმსარებელი, ანთებული სანთელ-საკმეველით მოგვესალმა და მეც საპასუხოდ თაყვანი ვეცი; მასაც ხომ ჩვენსავით მალე ტანჯვა მოუწევს.

მართლაც ყველაფერი აცხადდა. ცოტა ხნის შემდეგ უწმინდურმა ლეონ სომეხმა ღირსი თეოფანე კონსტანტინოპოლში მიიწვია, - საომრად მივდივარ და თქვენი ლოცვა-კურთხევა მჭირდებაო.

წმინდა თეოფანე ხედავდა მეფის მზაკვრობას და მიუხედავად იმისა, რომ მძიმედ იყო სნეული, მაინც წავიდა, რათა ჭეშმარიტი სარწმუნოებისთვის ვნებულიყო. კონსტანტინოპოლში ჩასული მეფემ არ მიიღო, მას წმინდა თეოფანეს მხილების ეშინოდა და ელჩები გაუგზავნა: თუ ჩემი თანამოაზრე გახდები, მაშინ მონასტერს აგიშენებ, თუ მაინც განაგრძობ ხატების თაყვანისცემას დიდ უბედურებას შეგამთხვევო.

წმინდანმა უპასუხა:

- მე არ მინდა ამქვეყნიური სიმდიდრე: თუკი ჯერ კიდევ ყმაწვილმა უარი ვთქვი ოქრო-ვერცხლზე და ქონებაზე ქრისტეს სიყვარულისთვის, ნუთუ ახლა მოხუცი მათ მოვისურვებ? ჩემს მონასტერსა და-ძმებზე უფალი იზრუნებს, რომელიც ყველა მეფესა და მთავარზე აღმატებულია. ტანჯვის მუქარით რად მაშინებ, მეფეო? ავადმყოფობის გამო სიარული არ შემიძლია, მაგრამ დაანთე ცეცხლი და მართალი რწმენისთვის შიგ ჩავვარდები.

მისი გაუგონარი სითამამით გაოცებულმა მეფემ წმინდანს მოპაექრედ ვინმე სოფისტი, ჯადოქარი და ერეტიკოსი იოანე გაუგზავნა, რომელსაც წმინდანმა თავისი მართალი სიტყვით სძლია და დაადუმა. მაშინ განრისხებულმა მეფემ წმინდანი ბნელსა და ვიწრო შენობაში, ეგრეთ წოდებულ ელეფთერის პალატში ჩაამწყვდია და დარაჯი დაუდგინა. იქ ორი წლის მანძილზე, ყოველდღიურად ხან ალერსით და ხან მუქარით ცდილობდნენ მის დაყოლიებას.
ერთხელ მეფემ წმინდა თეოფანეს ელჩი გაუგზავნა და ხატების დაგმობაზე ხელის მოწერა მოსთხოვა. პასუხად წმინდანმა მას ვრცელი წერილი მისწერა და ხატთა თაყვანისცემა მოუწოდა. ბოლოს დასძინა: ეკლესიის მამებმა წმინდა ხატების თაყვანისცემა დაადგინეს დ შენ მათზე ჭკვიანად თვლი თავს. მეფეო, შენი საქმე უცხოტომელების წინააღმდეგ ომია და არა საეკლესიო დოგმატებისა და სჯულის გამოკვლევა, რომელიც წმინდა მამების საქმეა და არა მეფეების!

მეფე წერილმა საშინლად განარისხა, მაშინვე თავისი ერთი მოხელე სიღრიანის მხრეში გააგზავნა, რომელმაც წმინდა თეოფანეს მონასტერი დაწვა, დაარბია, ხოლო ძმები ცემა-ტყეპით სავანიდან განდევნა. მეფისგან გაგზავნილი მეორე მოხელე წმინდა თეოფანესთან მივიდა. მან მოხუც, სნეულ მონაზონს ტანსაცმელი შემოძარცვა და ხარის ძარღვის მათრახი სამასჯერ გადაჰკრა. მეორე დღესაც საშინლად სცემა, მერე სამოთრაკიის კუნძულზე საპყრობილეში ჩააგდო. წმინდანმა რამდენიმე დღით ადრე თავის მოწაფეს უთხრა, რომ მათ ამ კუნძულზე გადაასახლებდნენ. ახალ საპყრობილეში წმინდანმა ოცდასამი დღე იცოცხლა და 818 წელს მოწამის გვირგვინით შემკობილი წარდგა უფლის წინაშე. მოწამის სხეული ხის ლუსკუმაში ჩაასვენეს. უფალმა გარდაცვალების შემდეგაც განადიდა თავისი მორჩილი, კურნების და ეშმაკთა განდევნის მადლი, რაც სიცოცხლეში ჰქონდა, სიკვდილის შემდეგ გაუათმაგა. მის ლუსკუმასთან მხოლოდ შეხებაც კი ყველანაირ სნეულებათაგან კურნავდა ხალხს. მას მერე, რაც უწმინდური მეფე ლეონ სომეხი მოკლეს, წმინდა თეოფანეს მოწაფეები დაბრუნდნენ სიღრიანის მხარეში, აღადგინეს მონასტერი და ტაძარში დაასვენეს კუნძულ სამოთრაკიიდან გადმოსვენებული წმინდა თეოფანეს წმინდა ნაწილები.

კონდაკი
მაღლით მოიღე საღმრთო განცხადებაი და მოსწრაფედ წარხედ შორის საწუთოსა ამის შფოთისა, და მარტო მყოფობითა სასწაულმოქმედება და წინასწარმეტყველება ღირსად მოიგე, სიმდიდრისა და მეუღლისაგან დაკლებულმან.

ბეჭდვა