წმინდა სოფრონი, ვრაცელი (ვრაჩანელი) ეპისკოპოსი (+1813) - 11 (24) მარტი
წმინდა სოფრონი, ვრაცელი (ვრაჩანელი) ეპისკოპოსი (+1813) - 11 (24) მარტი
წმინდა სოფრონი დაიბადა 1739 წელს პატარა ბულგარულ ქალაქ კოტელში. ნათლისღებისას სტოიკო დაარქვეს.

ბიჭი ადრე დაობლდა, ცხრა წლისამ სემინარიაში ჩააბარა, სადაც შეისწავლა საეკლესიო სლავური და ბერძნული ენები. სწავლის დამთავრების შემდეგ დაქორწინდა და მღვდლად ხელი დაასხეს (1762 წ.). მას მერე სიცოცხლე თურქების მრავალსაუკუნოვანი ბატონობის შემდეგ დამონებული სამწყსოს დამოძღვრას, მორალურად ფეხზე წამოდგომას მიუძღვნა. მისი მოციქულებრივი საქმიანობის ძირითადი პრინციპი ღვთის სიტყვის ქადაგება და ბავშვებისთვის საღმრთო წიგნების სიყვარულის ჩანერგვა იყო.

1765 წელს წმინდა პაისი ქილანდარელი (ხს. 19 იანვარს) ეწვია კოტელს და ახალგაზრდა მღვდელს გაუზიარა თავისი იდეები, თუ როგორ აეღორძინებინათ ბულგარელებში ეროვნული თვითშეგნება. სტოიკო მთელი გულით მას მხარს უჭერდა. საკუთარი ხელით გადაწერა პაისის წიგნი "ბულგარელი სლავების ისტორია".

რუსეთ-თურქეთის ომის დასრულების შემდეგ, 1775 წელს, წმინდანი ათონის მთის მოსალოცად წავიდა. ექვსი თვე შრომასა და ლოცვაში დაყო მთაწმინდაზე და კოტელში დაბრუნებულმა გაორმაგებული მისწრაფებით განაახლა ბავშვების აღზრდა. თანამედროვე ბულგარულ ენაზე თარგმნა "წმინდანთა ცხოვრება". მისმა აქტიურმა სამღვდელო ღვაწლმა ზოგიერთი შურიანი მღვდელი აღაშფოთა, ის ვეზირთან დააბეზღეს და ცილი დასწამეს - იმპერიის ძირგამომთხრელ საქმეს ეწევაო. წმინდანმა თურქთაგან ბევრი შეურაცხყოფა და უსიამოვნება დაითმინა, ბოლოს, იძულებული გახდა, სამშობლო დაეტოვებინა და ვიდინის მიწებზე დამალულიყო, სადაც იქაურმა ეპისკოპოსმა მას სამრევლო მისცა. მაგრამ წმინდანმა აქაც თავი საფრთხეში ჩაიგდო - ერთ ქრისტიან გოგონას გამოესარჩლა, რომელზეც ვინმე თურქი ძალადობდა.

მამა სტოიკო ცოლის გარდაცვალების შემდეგ ტირნოვოს ახლოს მონასტერში მონაზვნად აღიკვეცა სოფრონის სახელით. 1794 წელს მღვდელ-მონაზონ სოფრონს ხელი დაასხეს ვრაცის ეპისკოპოსად. წმინდანი გულმოდგინედ შეუდგა სამღვდელმთავრო საქმიანობას. თუმცა ის თავიდანვე დიდ სიძნელეებს შეეჯახა, თურქ ავაზაკთა რაზმებმა მისი ეპარქიის სოფლები დაარბიეს, ხალხი, იძულებული გახდა, გაქცეულიყო. ამ ავაზაკებს თურქეთის ჯარიც დასდევდა. ეპისკოპოსი ხან ავაზაკებს ემალებოდა და ხან ჯარს. მან დატოვა კათედრა და ჩრდილო-დასავლეთ ბულგარეთში, სოფლიდან სოფელში გადადიოდა და ხშირად ტყეში მშიერი იმალებოდა.

ვიდინაში შეიპყრეს და სამი წელი - 1800-1803 წლები ციხეში გაატარა. მან ეს განსაცდელი სასიკეთოდ გამოიყენა, ჩაუღრმავდა თავის ლიტერატურულ და ისტორიულ შემეცნებას. მან ორი დიდი კრებული დაწერა, სადაც ქადაგებები და საგულისხმო ამბები შედიოდა, რომლებმაც უზარმაზარი გავლენა მოახდინეს ბულგარელთა ეროვნულ გრძნობებზე. საპყრობილიდან გათავისუფლებული ეპისკოპოსი თავის ეპარქიას დაუბრუნდა, მაგრამ ახალმა მღელვარებამ აიძულა, ბუქარესტში გაქცეულიყო (1803). სიცოცხლის ბოლო ათი წელი დევნულობაში გაატარა. უნგრეთ-ვლახეთის მიტრო¬პოლიტის კურთხევით, მან ბერძნულიდან ბულგარულ ენაზე მრავალი წიგნი გადათარგმნა. სოცოცხლის ბოლოს თავისი განსაცდელები და თანამემამულეთა ტრაგიკული ბედი აღწერა წიგნში "ცხოვრება და ვნება ცოდვილი სოფრონისა". წმინდა სოფრონი 1813 წლის სექტემბერში გარდაიცვალა და დაკრძალეს ბუქარესტის ერთ-ერთ მონასტერში, სადაც სიცოცხლის ბოლო წლებში იღუმენი იყო. ბულგარეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ 1964 წლის 31 დეკემბერს მღვდელმთავარი სოფრონი წმინდანად შერაცხა.

ხატის წყარო


ბეჭდვა
1კ1