ღირსი გიორგი სინელი (VI) - 11 (24) მარტი
ღირსი გიორგი სინელი (VI) - 11 (24) მარტი
წმინდა გიორგის შესახებ მოგვითხრობს წმინდა იოანე მოსხი თავის "ლიმონარში".

წმინდა გიორგი იუსტინიანეს მეფობის ჟამს (527-565) ცხოვრობდა და სინას მთის მონასტრის წინამძღვარი გახლდათ.

ერთხელაც, დიდ შაბათს, გაუელვა, - წავალ და აღდგომას იერუსალიმში შევხვდები და წმინდა საიდუმლოს ქრისტეს აღდგომის ტაძარში ვეზიარებიო. აბბა გიორგი მთელი დღე ამას ფიქრობდა და ლოცულობდა. მოსაღამოვდა. მოწაფემ უთხრა: "მამაო, მაკურთხე, კანონის შესასრულებლად წავალ". "წადი, შვილო და ზიარების დრო რომ დადგება, ჩემთან მოდი", - უთხრა ბერდიდმა და თვითონ კელიაში დარჩა. როცა იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში ზიარების დრო დადგა, აბბა გიორგი ღვთის ძალით, წამისყოფაში იერუსალიმში აღდგომის ტაძარში, პატრიარქ პეტრეს (524-552) გვერდით აღმოჩნდა (სინას მთა იერუსალიმიდან ოცი დღის ფეხით სავალზეა დაშორებული). პატრიარქმა ის სხვა მღვდლებთან ერთად აზიარა. პატრიარქმა თავის სვინკელოსს, მინას ჰკითხა, ეს ღირსი მამა როდის ჩამოვიდა სინას მთიდანო. აღმოჩნდა, რომ წმინდა გიორგი პირველად მხოლოდ ღვთისმსახურებაზე ნახეს. პატრიარქმა მინას დაავალა, მამა გიორგისთვის ეთხოვა, წირვის შემდეგ დარჩენილიყო და მისი ტრაპეზი გაეზიარებინა. მინამ პატრიარქის სიტყვა გადასცა. მან უპასუხა: "იყოს ნება ღვთისა!" ღვთისმსახურება დასრულდა, ბერდიდმა მაცხოვრის საფლავს თაყვანი სცა და უეცრად თავის კელიაში აღმოჩნდა. ამ დროს მოწაფემ დაუკაკუნა, - მამაო, ზიარების დრო დადგაო. წმინდანი მოწაფესთან ერთად წავიდა ეკლესიაში და ეზიარა. მსახურების მერე პატრიარქმა მამა გიორგი ვერსად ნახა. განრისხებულმა აბბა გიორგის წერილი მისწერა და ურჩობა უსაყვედურა. მან ასევე წერილი მისწერა ფარანის ეპისკოპოსს, აბბა ფოტიოსს და სხვა სინელ მამებს. წმინდა გიორგიმ სამი ხუცესი გააგზავნა, რომელთაც ფიცით დაამტკიცეს, რომ მამა გიორგი სამოცდაათი წელია, მონასტრის კედლებს არ გაშორებია. ამასვე ადასტურებდა ფარანის ეპისკოპოსი.

თვითონ ღირსმა გიორგიმაც წერილი მისწერა პატრიარქს: "ნუ ფიქრობ. წმინდა მამაო, რომ მე შეურაცხვყავ შენი ბრძანება. ეს იცოდეს შენმა სიწმინდემ, რომ ექვსი თვის შემდეგ ერთად ვიქნებით ქრისტეს წინაშე და იქ გცემ თაყვანსო". გაოცდა პატრიარქი - დიდ შაბათს ჩემი ხელით ვაზიარეო. სინელმა მამებმა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს: წმინდაო მამაო, იმ წმინდა ღამეს ჩვენთან ერთად ეზიარა უფლის სისხლსა და ხორცსო. მაშინ მიხვდნენ, რომ წმინდა ბერი უფლის ანგელოზმა აღიტაცა და "ნიჭსა სამეუფოსა ღირს იქმნა მიღებად ორთავ ადგილთა შინა". გავიდა ექვსი თვე და პატრიარქი გარდაიცვალა, აღესრულა წმინდა გიორგი სინელიც და ახლა ზეცაში ერთად ადიდებენ უფალს.

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1