წმინდა ექვთიმე, ნოვგოროდის მთავარეპისკოპოსი (+1458) - 11 (24) მარტი
წმინდა ექვთიმე, ნოვგოროდის მთავარეპისკოპოსი (+1458) - 11 (24) მარტი
წმინდა ექვთიმე ნოვგოროდში დაიბადა, დედას ანა ერქვა, მამა, მიქეა წმინდა თეოდორეს ტაძრის მღვდელი იყო. ცოლ-ქმარს შვილები არ ჰყავდა, ძალზე დარდობდნენ, შეწევნას ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს სთხოვდნენ. ღმერთმა შეისმინა ლოცვა და შეეძინათ ვაჟი, მომავალში - ნეტარი ექვთიმე. ყრმას ნათლისღებისას იოანე დაარქვეს. ჩვილი იოანე მიიყვანეს ტაძარში და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს შეავედრეს. ყრმა ღვთის შეწევნით გაიზარდა და როცა დრო მოუვიდა, მშობლებმა მონასტერში საღმრთო წიგნების შესასწავლად მიაბარეს. უფალმა ყმაწვილს მახვილი გონება მისცა, წარმატებით შეისწავლა საღმრთო წერილი. იოანეს სხვა რამ არ აინტერესებდა, მხოლოდ საღმრთო საგნებზე ფიქრობდა. როცა თხუთმეტი წლისა გახდა, ღვთის სიყვარულით ანთებულმა გადაწყვიტა სოფელი დაეტოვებინა და მონაზვნად აღკვეცილიყო, მართლაც მან მალევე აისრულა სურვილი. მონაზონმა ევფროსინემ, ბერმა ეგნატემ და ბერმა გალაქტიონმა გადაწყვიტეს, განმარტოებით ემოსაგრევათ და მოძებნეს ნოვგოროდიდან 12 ვერსში ხელსაყრელი, ტყიანი, ჭაობიანი ადგილი, რომელსაც ვეჟიშჩეს ეძახდნენ. ბერებმა აქ ჯერ ეკვდერი ააგეს წმინდა ნიკოლოზის სახელზე, შემდეგ კი კელიები. მალე მათ შეუერთდა მღვდელი პიმენი. მამებმა ბევრი განსაცდელი გამოიარეს. მერე მცირე საძმო დიდ მონასტრად გადაიქცა და მამა პიმენი ამ მონასტრის პირველი იღუმენი გახდა. ღვთის განგებულებით, სწორედ მასთან მივიდა იოანე და მონასტერში მიღება სთხოვა. პიმენმა ყმაწვილი, როგორც ღვთისაგან გამოგზავნილი, ისე მიიღო, მონაზვნად აღკვეცა და სახელად ექვთიმე უწოდა. წმინდა ექვთიმე ყველაფერში ისე მკაცრად ემორჩილებოდა მოძღვარს, რომ ამით ყველას აოცებდა. ხოტბას ასხამდნენ ჭაბუკ ბერს, რომელსაც ხანდაზმული კაცის გონება ჰქონდა. ამიტომ ვიდრე მღვდლად აკურთხებდნენ, მასში მომავალ მღვდელს ხედავდნენ. ვიდრე სრულყოფილ ასაკს მიაღწევდა, ის ყველას სულიერი ცხოვრების ხელმძღვანელად იქცა. მამა ექვთიმეს სახელი გაუვარდა და მის შესახებ ნოვგოროდის მთავარეპისკოპოსმა სიმონმაც შეიტყო. იხმო, გაესაუბრა და ნახა, რომ ახალგაზრდა ბერს კეთილი განზრახვა ამოძრავებდა და კარგი მოსაუბრეც იყო. ეპისკოპოსს ძალზე შეუყვარდა ბერი ექვთიმე, და მიუხედავად იმისა, რომ მას მონასტრის დატოვება არ უნდოდა, საეკლესიო ქონება ჩააბარა - მთავარ იკონომოსად დაადგინა. ღირსი ექვთიმე გულმოდგინედ შეუდგა მოვალეობის შესრულებას. ამასთან არ შეუწყვეტია თავისი სამონაზვნო კანონის შესრულება. რამდენიმე წლის შემდეგ მეუფე სიმონი გარდაიცვალა და მის მაგივრად კათედრაზე ექვთიმე პირველი ავიდა. მაშინ წმინდა ექვთიმე ხუტინის მონასტერში გადავიდა საცხოვრებლად. მაგრამ მალე, ლისიცკის ღვთიმშობლის შობის მონასტრის მამების თხოვნით, ამ სავანის იღუმენად დაადგინეს. ახალი იღუმენი, თავისი ცხოვრებით, ყველასთვის მაგალითი იყო, მოწყალე და შემწყნარებელი ძმათა.

მალევე დიდი ნოვგოროდის სახალხო კრებაზე იგი ნოვგოროდის მთავარეპისკოპოსად გამოირჩიეს. მაშინ ნოვგოროდელები სამ კანდიდატურას გამოარჩევდნენ, მათ სახელებს წმინდა სოფიას ტაძარში, წმინდა ტრაპეზზე დადებდნენ, წირვის შემდეგ პროტოპრესვიტერი ორ სახელს გამოიღებდა და ბოლოს ვისი სახელიც წმინდა ტრაპეზზე რჩებოდა, მას დაასახელებდნენ ეპისკოპოსად. 1429 წელს, წმინდა იოანე ოქროპირის ხსენების დღეს, ნოვგოროდელებმა წმინდა ექვთიმე ნოვგოროდის ეპისკოპოსად დაადგინეს და იმავე დღეს დიდი სიხარულით და პატივით შეაბრძანეს წმინდა იოანე ოქროპირის სახელობის ტაძარში.

წმინდა ექვთიმემ ოც წელზე მეტი დაყო მღვდელმთავრად. დაუღალავად აღასრულებდა სამონაზვნო კანონს. რასაც დღისით ვერ ასწრებდა, იმას ღამე ასრულებდა. მთელი ღამე ლოცვის შემდეგ დილით ტაძარში პირველი მიდიოდა ჟამნების მოსასმენად. დიდმარხვის პირველ კვირას ეპისკოპოსი ექვთიმე ვიაჟიცკის მონასტერში განმარტოვდებოდა, ლოცულობდა და საჭმელს არ იღებდა. დანარჩენ კვირებში ორ დღეში ჭამდა ხოლმე საჭმელს, და ისე, რომ მშიერი დარჩენილიყო. უხვად გასცემდა მოწყალებას და შეეწეოდა მონასტრებს, როგორც ნოვგოროდში, ასევე იერუსალიმში, კონსტანტინოპოლში და ათონზე. ის მწირებს ისტუმრებდა და ყველას ანუგეშებდა. ხელს უწყობდა საღვთო წიგნების გავრცელებას, ქალაქი ლამაზი ტაძრებით განამშვენა. მაგრამ წმინდა ექვთიმე ცხოვრების უმეტეს ნაწილს სამწყსოს დამოძღვრას ანდომებდა, ამხილებდა უნანელ ცოდვილებს და არ ეშინოდა მდიდრების და ძალაუფლების მქონე ხალხის.
1439 წელს მას ადრინდელი ნოვგოროდელი ეპისკოპოსები გამოეცხადნენ, რომლებიც კორსუნის ღვთისმშობლის ხატის წინ ლოცულობდნენ. გამოცხადების დღე - 10 თებერვალი მან ნოვგოროდელ მღვდელმთავართა ხსენების დღედ დააწესა.
1458 წელს დიდმარხვის დღეებში ის დაემშვიდობა თავის სამწყსოს და ვიაჟეცკის მონასტერში განმარტოვდა. მიუხედავად სნეულებისა, მარხვას ინახავდა და ხანგრძლივ საეკლესიო ღვთისმსახურებას ესწრებოდა. როცა წმინდანი გარდაიცვალა, მის სხეულს კეთილსურნელება აუვიდა. წმინდანს გაპატიოსნებისას სხეულზე შემოკრული ჯაჭვი უპოვეს, რომლის შესახებაც არავინ იცოდა. წმინდანის სხეული არ გაიხრწნა და შემდეგ საუკუნეებში მრავალი სასწაული მოახდინა

ბეჭდვა
1კ1