ღირსი ატალე ბობიელი (+626) - 10 (23) მარტი
ღირსი ატალე ბობიელი (+626) - 10 (23) მარტი
ეს ღირსი მამა ბურგუნდიაში, წარჩინებულ ოჯახში იშვა, დაწყებითი განათლება წმინდა არიგიოსთან (+604 წელი) მიიღო, შემდგომ კი, სულიერი სრულყოფისთვის, სახელგანთქმულ ლერინის მონასტერს განუმარტოვდა, მაგრამ რადგან იმხანად იქ წმინდა ჰონორეს (ხსენება 16 იანვარს) ჟამინდელი სიმკაცრე აღარ სუფევდა, წმინდა კოლუმბანის (ხსენება 23 ნოემბერს) კურთხევით, ლუქსეის მონასტერში გადაინაცვლა.

ღირსი ატალე, სრული თვითუარყოფის გამო, თავისი წმინდა წინამძღვრის სრული ნდობით სარგებლობდა, ხოლო როდესაც მეფე თეოდორიხემ წმინდა კოლუმბანი სავანიდან გააძევა, ღირსმა მამამ სავანე სწორედ ატალეს მიანდო.

თუმცა, ამ უკანასკნელმა არჩია, წინამძღვარს გაჰყოლოდა ლომბარდიაში (დღევანდელ შვეიცარიაში), სადაც წმინდა კოლუმბანმა ბობიის მონასტერი დააარსა.

ღირსი კოლომბანის ამქვეყნიდან გასვლის შემდგომ სავანის წინამძღვარი წმინდა ატალე გახდა. თუმცა, ბოროტის მანქანებით, მის წინააღმდეგ, თითქოსდა ზედმეტად მკაცრად ეპყრობოდა ძმებს - წმინდა მამას მონაზონთა ნაწილი აღუდგა და სავანე დატოვეს, თუმცა, ღვთის სამართალმა მოკლე ხანში იზეიმა: - ამ ცი-ლისწამების მოტივე საშინელი სიკვდილით აღესრულა, რაც მისმა "წამბაძველებმაც" გაიმეორეს.

ღირსი მამა კი, ღვთის შეწევნით, მეტი მოშურნეობით შეუდგა თავის ჯვარს, რისთვისაც ღვთისგან სასწაულმოქმედების მადლით იცხო.

ადამიანთადმი ძალზე გულმოწყალე და მოსიყვარულე, არიანელთა თუ ნებისმიერი სხვა ერესის მიმართ ფრიად შეურიგებელი გახლდათ.

წმინდა ატალეს ღვთისგან წინასწარ ეუწყა თავისი ამქვეყნიური გზის დასასრულის დრო, მონასტრის საქმეები მოაწესრიგა, შემდეგ კი, უკვე ცხელებით შეპყრობილმა, იმ ჯვართან მიყვანა ითხოვა სამთხვევად, მისი სენაკის კარზე რომ ბრძანდებოდა და იქ ყოველი შესვლისას ემთხვეოდა ხოლმე, ცრემლით დაალტო იგი, მოწაფეებს უკანასკნელად უქადაგა და 626 წლის 10 მარტს ღვთივ განისვენა.

ღირსო მამაო, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის!

სურათზე: წმინდა ატალეს საფლავი-წყარო
ბეჭდვა
1კ1