წმინდა კესარიოს მკურნალი, წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის ძმა (+369) - 9 (22) მარტი
წმინდა კესარიოს მკურნალი, წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის ძმა (+369) - 9 (22) მარტი
წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის (ხსენება 25 იანვარს) ძმა, წმინდა კესარიოსი დაახლოებით 330 წელს დაიბადა, ღვთის სიყვარულით გაზრდილმა, როგორც კი დაწყებითი განათლება მიიღო, სწავლა ჯერ კესარია-კაპადოკიაში განაგრძო, შემდეგ - პალესტინის კესარიაში, ბოლოს კი დიდებულ ქალაქ ალექსანდრიაში.

ამ ჭეშმარიტად საკვირველმა ჭაბუკმა ბრწყინვალედ შეისწავლა მათემატიკა, ასტრონომია, ფილოსოფია თუ რიტორიკა, თუმცა, ყველაზე მეტად, სულიერ მიდრეკილებათა კარნახით, მედიცინას ჩაუღრმავდა, იმ დროს ნებისმიერი სნეულების ძირად ხორციელთან ერთად სულიერ მიზეზებსაც რომ მოიაზრებდა.

შემდეგ კონსტანტინოპოლს გაემგზავრა, სადაც იმპერატორმა კონსტანციმ (337-361 წლები) პატივით მიიღო და საიმპერატორო კარის მკურნალად განაწესა.

წმინდა კესარიოსს, ამ დახელოვნებულ, უებრო მკურნალს, თვით იულიანე განდგომილიც კი (361-363 წლები) ანგარიშს უწევდა და პატივს მიაგებდა და ერთადერთი ქრისტიანი იყო, რომელიც არ გადაუსახლებია.

მეტიც: კარის მთავარი მკურნალის და საზოგადო ფინანსთა მართვის მისიაც კი მიანდო.

ამან დიდად შეაშფოთა წმინდა გრიგოლი და მისი ოჯახი - შიშობდა, არაკეთილსაიმედო გარემოცვას კესარიოსის რწმენის სიმტკიცე არ შეერყია და წერილობით უხმო სამშობლოში, თუმცა, იმ მიზეზით - ეგებ, დევნილ ქრისტიანთ ჩემი აქ ყოფნით რამით შევეწიოო, სამეფო კარზე გარკვეული ხნის მანძილზე კიდევ დარჩა.

მოგვიანებით აღიარა, რომ ამაოდ ცდილობდა უსჯულო იულიანეს მოქცევას, დღითი დღე რომ იცვლებოდა უარესისკენ და მალე კესარიოსს იქით მოსთხოვა რწმენის ღალატი.

მაშინ კესარიოსმა მთელი სამეფო კარის წინაშე დაამოწმა, რომ რაც უნდა შემთხვეოდა, როგორი ტანჯვაც უნდა მიეგოთ, არასოდეს უარყოფდა ქრისტეს, პატივსა და სიმდიდრეზე უარი თქვა და სამშობლოში დაბრუნდა.

იულიანეს გარდაცვალების შემდგომ, ვალენტის (364-378 წლები) ზეობისას, კესარიოსი კვლავ დაუბრუნდა კონსტანტინოპოლს და საზოგადო ფინანსთა განმგებლად დაინიშნა, რასაც გარდაცვალებამდე აღასრულებდა და ყველას, ვისაც ეს სჭირდებოდა, გულუხვად შეეწეოდა.

მაგრამ ნიკეის დიდი მიწისძვრის შემდგომ, რომელსაც კესარიოსი მართლაც სასწაულებრივად გადაურჩა, ყოველგვარ ოფიციალურ თანამდებობებზე უარი თქვა და ძმის, გრიგოლ ღვთისმეტყველის დარად, თავი ღმერთს მიუძღვნა - მოინათლა (იმ დროს ქრისტიანები გვიან ინათლებოდნენ) და მკაცრ მოსაგრეობას მიეცა.

თუმცა, სამწუხაროდ, მალე მძიმე სენმა მოწყლა და ნიკეაში, 369 წლის 10 მარტს მიიცვალა, მთელი საბადებელი კი უპოვართ უანდერძა.

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1