ღირსი ლაზარე და ათანასე მურმანსკელები (XV) - 8 (21) მარტი
ღირსი ლაზარე და ათანასე მურმანსკელები (XV) - 8 (21) მარტი
წმინდა ლაზარე ტომით ბერძენი გახლდათ, ნოვგოროდს მთავარეპისკოპოსმა ბასილიმ მიიწვია და მისივე წინამძღვრობით იქ რამდენიმე წელი იცხოვრა.

მეუფე ბასილის მიცვალების შემდგომ ლაზარეს გამოცხადებით ღვთისგან ეუწყა, რომ მცირე კუნძულ მურმანზე, რომელიც ონეგის ტბაზე მდებარეობს, იმ დროს წარმართი ტომები რომ ბინადრობდნენ, მონასტერი უნდა დაეარსებინა. იმ ადგილის მფლობელ ნოვგოროდელ წარჩინებულს იქაურობა გამოსთხოვა და კუნძულზე დაფუძნდა, თუმცა, მალევე იგრძნო იქაურთა მტრული დამოკიდებულება, სენაკი რომ დაუბუგეს.

მაშინ ლაზარემ თავი ქვაბულს შეაფარა, მაგრამ იმ ღვთისმშობლის ხატის, აღკვეცისას რომ გადაეცა, იქ წაბრძანება ვერ მოასწრო.

ერთ დღეს ხატი ხის ტოტებზე დაკიდული იხილა, ზეციურმა ხმამ კი იმ ადგილას, ღვთისმშობლის მიძინების სახელზე მონასტრის დაფუძნება უბრძანა.

ლაზარე მაშინვე შეუდგა საქმეს. მისმა მადლმოსილმა ცხოვრებამ და სიქველემ კი მოკლე ხანში მრავალი იქაური მოიზიდა და მოაქცია.

იმხანად ნოვგოროდის ეპარქიას წმინდა მოსე (ხსენება 25 იანვარს) წინამძღვრობდა, ღირსმა მამამ სწორედ მისგან გამოითხოვა კურთხევა და ნებართვა თავისი საქმის აღსასრულებლად. მალე კი ყოფილ მტერთა შორის მოწაფეებიც გამოუჩნდნენ, ზოგი - ძალზე შორეული მხარეებიდანაც კი უერთდებოდა. სწორედ მათი დახმარებით აშენდა მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების სახელობის ტაძარი, მოგვიანებით - ორი კიეველი მოწაფის, იონასა და ეფროსინეს თანამონაწილეობით დაასრულა ღვ-თისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი, ათონიდან გადმოსული კიდევ ერთი მოწაფის, თეოდოსის შეწევნით კი - წმინდა იოანეს სახელობის ტაძარიც აღაშენა.

სწორედ თეოდოსი გახდა წმინდა მამის მიცვალების შემდგომ, 1391 წელს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სავანის წინამძღვარი.

ღირსი ლაზარეს წმინდა სხეული მის მიერვე დაარსებული მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების სახელობის მონასტრის წიაღში განისვენებს.

მეოხ გვეყავნ ღვთის წინაშე, წმინდა მამაო!

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1