ღირსი თეოფილაქტე აღმსარებელი, ნიკომიდიელი მიტროპოლიტი (+842-845 წლები) - 8 (21) მარტი
ღირსი თეოფილაქტე აღმსარებელი, ნიკომიდიელი მიტროპოლიტი (+842-845 წლები) - 8 (21) მარტი
ღვთის ეს რჩეული დაახლოებით 765 წელს ერთ უბრალო ოჯახში იშვა.

უფლის სიყვარულით, სიყრმეშივე დაუტევა მამისეული სახლი და ბრწყინვალე ქალაქ კონსტანტინოპოლს მიაშურა.

იქ ტარასის (ხსენება 25 თებერვალს) დაემოწაფა, ხოლო როდესაც ეს წმინდა კაცი საპატრიარქო პატივით შეიმოსა (784 წელი), თეოფილაქტე იმ მონასტერში შემონაზვნდა, წმინდა ტარასიმ ბოსფორის მარცხენა სანაპიროზე რომ დააარსა.

ამ სავანეშივე დაფუძნდა წმინდა მიქაელიც, სინადის მომავალი ეპისკოპოსი (ხსენება 23 მაისს) და ორივე მამა, სულიერი ერთობით შეკრულნი, მოშურნედ მიეცა საღვთო ღვაწლს.

დროთა მანძილზე ხორცი ისე მოიუძლურეს, ღვთისგან უდიდესი მადლი მოიხვეჭეს, რაც მათ იერსაც ცხა¬დად დააჩნდა.

წმინდა ტარასიმ, რომელსაც არ სურდა, მანათობელი ლამპარნი ქვეყნიერებისთვის დაემალა, თავის მოწაფეებს, მათი ნების საწინააღმდეგოდ, საეპისკოპოსო პატივის მისაღებად მოუწოდა: - წმინდა მიქაელს ფრიგიაში სინადელ მიტროპოლიტად დაასხა ხელი, წმინდა თეოფილაქტეს კი - ბითვინიის სახელგანთქმული ქალაქის, ნიკომიდიის მღვდელმთავრად.

ახალნაკურთხი ეპისკოპოსი, რომელიც ღვაწლით და საქმეებით თავის წმინდა მოძღვარსა და მასწავლებელს ემსგავსა, ოდენ მოციქულებრივ მოღვაწეობასა და ქადაგებას როდი დასჯერდა, არამედ უდიდესი სიყვარულით იქმოდა უთვალავ ქველ საქმეს და ნიკომიდიაში ნამდვილი მოწყალების ქალაქი შექმნა: - სნეულთა და უპოვართა შესაწევნად ორსართულიანი, ყოველმხრივ აღჭურვილი სამზრუნველოები გახსნა, მისივე მითითებით, იქვე აშენდა წმინდა უვერცხლოთა, კოზმასა და დამიანეს სახელობის ტაძარი, წირვის შემდგომ, ყოველ კვირას კი, მაცხოვრის დარად, სნეულთ საკუთარი ხელით ბანდა წყლულებს და უვლიდა...

ეს ობოლთა მამა და ქვრივთა მფარველი მართლა მშობელივით ზრუნავდა მათზე და წმინდა ტარასის მსგავსად, ქალაქის ყოველ უპოვარს აღნუსხავდა, რომ ყოველთვიურად გაენაწილებინა სარჩო.

წმინდა მამა მშვიდობით მანამ მართავდა თავის ეპარქიას, სანამ ხატმებრძოლი ლეონ მეხუთე სომეხი (813 - 820 წლები) არ გაიმპერატორდა. წმინდა გამოსახულებებს ყველგან ანადგურებდნენ, მონაზვნებს კი - სასტიკად დევნიდნენ და წამებით ასალმებდნენ სიცოცხლეს.

815 წელს, წმინდა პატრიარქმა, ნიკიფორემ (ხსენება 2 ივნისს) დედაქალაქს მართლმადიდებელი მონაზონნი, განდეგილნი და მღვდელმთავარნი შეკრიბა, რომელთა შორის გახლდათ წმინდა ექვთიმე სარდიელი (ხსენება 26 დეკემბერს), წმინდა ემელიანე კვიზიკელი (ხსენება 8 აგვისტოს), წმინდა ევდოკია ამორეველი, მიქაელ სინადელი და თეოფილაქტე ნიკომიდიელი, რომელნიც იმპერატორს, როგორც ერთნი, უშიშრად წარუდგნენ და წმინდა ხატთა თაყვანისცემის საფუძველნი განუმარტეს, თუმცა, მისი უწინდელზე უარესი რისხვის გარდა ვერა მიიღეს რა, მალე კი მთლად მხეცქმნილმა თითოეული იმპერიის სხვადასხვა მხარეებში გადაასახლა.

წვერდაგლეჯილ და ნაგვემ მღვლელმთავარს სტროვილის ციხეში ამოაყოფინეს თავი, სადაც თითქმის სამი წელი გაატარა და არც მიქაელ მეორის მიერ გამოცხადებული ამინისტია შეხებია, თავისი გაიმპერატორების აღსანიშნავად (820 წელს) რომ გამოაცხადა.

ეს მაღალღირსი მამა, დევნილი და ღვაწლმრავალი, აქაც მორჩილად დაითმენდა დამცირებას, ღამეებს ლოცვად დამდგარი განლევდა და თავის სამწყსოსთან კონტაქტს ხშირი მიმოწერით ინარჩუნებდა.

დევნილობისა და ტყვეობის მიუხედავად, მისი სული შეუცდომლად გრძნობდა, თუ ვის რა სჭირდებოდა, ხოლო თუ ვინმე საკანში მიაკითხავდა, უკან სრულიად გარდაქმნილი და ნუგეშცემული ბრუნდებოდა.

თავისი უსისხლო მოწამებრივი ცხოვრების ბოლოს ღირსი მამა ძლიერ დასნეულდა და დაახლოებით 840 წელს მიიცვალა.

როდესაც ღვთისმოყვარე დედოფალმა, თეოდორამ გადასახლებიდან ყველა რწმენისათვის დევნილი გამოითხოვა, წმინდა პატრიარქმა მეთოდემ ღირსი თეოფილაქტეს ნაწილნი ნიკომიდიას დაუბრუნა, სადაც წმინდა უვერცხლოთა, კოზმასა და დამიანეს პატივად აგებულ ტაძარში დაკრძალეს.

მაღალღირსო მამაო, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის!

კონდაკი:
მნათობად ბრწყინვალედ გამოუჩნდი კიდეთა სოფლისათა, წმინდაო თეოფილაქტე, და თან არსად მამისა და სულისა წმიდისა სიტყუა ჰქადაგე, საღმრთოთა ცხოვართა კრებული განამტკიცენ, და სათნოს სამებისა განსცხადენ, რომლისა წინა სდგა, ითხოვე ჩუენთვის დიდი წყალობაი.

ბეჭდვა