ღირსი იობი, სქემაში - ისუ, ანზერელი (+1720) - 6 (19) მარტი
ღირსი იობი, სქემაში - ისუ, ანზერელი (+1720) - 6 (19) მარტი
ეს წმინდა მამა 1635 წელს, მოსკოვში დაიბადა, იგი რუსთა იმპერატორის, პეტრე დიდის სულიერი მოძღვარი გახლდათ, ცილისწამების მსხვერპლი შეიქნა და ჩრდილოეთით, სოლოვეცის მონასტერში გადაასახლეს.

იმ უმკაცრესსა და ადამიანთა საცხოვრისად სრულიად შეუსაბამო ადგილას წმინდა მამა ასკეტურ ღვაწლს მიეცა.

გარკვეული ხნის შემდგომ ხელმწიფე მის უდანაშაულობაში დარწმუნდა და უკან, მოსკოვს დაუპირა დაბრუნება, თუმცა, მაღალღირსმა მამამ უარი უთხრა და სთხოვა, ნება დაერთო, სამოღვაწეოდ ანზერის ტბის ნაპირას მდებარე ყოვლადწმინდა სამების სახელობის სკიტის ახლოს გადასულიყო.

მალე წმინდა იობი იმ სკიტის იღუმენად დაადგინეს და მის გარშემო ოცდაათმა მონაზონმა მოიყარა თავი.

1710 წელს წმინდა მამა დიდი სქემით შეიმოსა და თავის ისეც მძიმე ღვაწლს უფრო მოშურნედ შეუდგა. როგორც მისი თანამედროვენი ამოწმებენ, ღირს იობს საკვირველად მოწყალე გული ჰქონდა და განსაკუთრებული სიყვარულით სნეულთ ეპყრობოდა.

გავიდა რამდენიმე წელიწადი (1715 წელს) და იობს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ამ სკიტის დამაარსებლის, ღირს ელეაზარის (ხსენება 13 იანვარს) თანხლებით გამოეცხადა, ერთი გორაკისაკენ მიუთითა, იქ ჯვრის აღმართვა, შემდეგ კი - მონასტრის აგება უბრძანა, თან ამ საქმეში შეწევნასაც დაჰპირდა.

ღირსმა მამამ დიდი სიხარულით და კრძალვით მიიღო ყოველი და იმ ადგილისკენ გაემართა. თან ახლდა ერთი სულიერი თანამოძმე, სახელად პაისი, იქ დაფუძნდა და ტაძრის ასაგებად არც სახსარი დაუზოგავს და არც - ძალა.

როდესაც ღირსი მამის ამქვეყნიდან განსვლის ჟამმა მოაწია, იმ ადგილას ოცი მონაზონი მოსაგრეობდა.

ღირსი იობი 1720 წლის 6 მარტს, 85 წლისა გავიდა ამქვეყნიდან

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1