ნიკოლოზ სერბი, ოჰრიდისა და ჟიჩის ეპისკოპოსი (ველიმიროვიჩი, +1956) - 5 (18) მარტი
ნიკოლოზ სერბი, ოჰრიდისა და ჟიჩის ეპისკოპოსი (ველიმიროვიჩი, +1956) - 5 (18) მარტი
წმინდა ნიკოლოზ სერბი 1880 წლის 23 დეკემბერს (ძველი სტილით), წმინდა ნაუმი ოჰრიდელის ხსენების დღეს დაიბადა ქალაქ ვალევის ახლოს, პოვლენის მთის ძირში მდებარე "ღვთის სოფელ ლელიჩში", როგორც თვითონ ეძახდა. მართლაც ღვთის სოფელი იყო. ამბობენ, ოსმალო დამპყრობლების წინააღმდეგ მორიგი წარუმატებელი აჯანყების შემდეგ გაქცეულმა სერბებმა თავი აქაურობას შეაფარესო.

მაგრამ, ვაი, რომ თურქებმა ისინი იპოვეს და 16 000 ქრისტიანი უმოწყალოდ ამოჟლიტეს. "მათი კვნესა დიდხანს ისმოდა, ისე რომ მთაც კი შეძრწუნდაო", - მოგვითხრობს გარდამოცემა. სერბული სიტყვიდან "ლელეკ" (კვნესა) წარმოდგა სოფლის სახელი.

მისი მშობლები - დრაგომირი და კატარინა გლეხები იყვნენ, კეთილი და პატივცემული ადამიანები, ღვთისმოშიში ქრისტიანები, განსაკუთრებით დედამისი, შემდგომში მონაზონი ეკატერინე. რადგანაც ყრმა სუსტი იყო, მშობლებმა მალევე მონათლეს და სახელად ნიკოლა უწოდეს. მონათლა მამა ანდრიამ ჩელიის მონასტერში, სადაც მაშინ სოფელ ლელიჩის სამრევლო ეკლესია იყო.

მის გარდა მშობლებს კიდევ რვა შვილი ჰყავდათ, ერთი ყრმობაში გარდაიცვალა, შვიდნი კი ომში დაიღუპნენ და ცოცხალი მხოლოდ ნიკოლოზი გადარჩა.

იზრდებოდა ნიკოლა და ძლიერდებოდა ხორცით და სულით. თავისი ღვთისმოშიში დედისგან მან ბევრი რამ ისწავლა ღმერთზე და მართლმადიდებლურ სარწმუნოებაზე. ლოცვაზე და საზიარებლად, დედას იგი ხშირად ხელით მიჰყავდა ხოლმე სახლიდან 4-5 კილომეტრით დაცილებულ ჩელიის მონასტერში. ამ ყველაფერმა წარუშლელი კვალი დატოვა შვილის სულზე. სიყრმიდანვე გლეხის შრომას მიჩვეული ყმაწვილი ღვთის შემეცნებაშიც ძლიერდებოდა.

მამამისი დრაგომირი იმ დროისთვის საკმაოდ განათლებული კაცი იყო, ადგილობრივ თემში მწერლისა და საქმის მწარმოებლის მოვალეობასაც ასრულებდა.

ტყეში გავარდნილმა ავაზაკებმა იფიქრეს, ბევრი ფული აქვსო და დრაგომირს შეუთვალეს, ან გარკვეული თანხა მიეტანა, ანდა სიყრმის შვილს, ანუ ნიკოლას დამშვიდობებოდა.

მან კი, როგორც ჭეშმარიტმა სერბმა, ამ დამამცირებელ მოთხოვნაზე უარი განაცხადა. ერთხელაც, როცა მშობლები შვილთან ერთად მთაში თავიანთ საზაფხულო მწყემსის ქოხში იყვნენ, სადაც პროდუქტის მარაგს ინახავდნენ, დრაგომირს საქმეზე წასვლა მოუხდა.

საღამო ხანს კატარინამ შეიარაღებულ ხალხს მოჰკრა თვალი, მაშინვე მიხვდა ყველაფერს, მოჰკიდა ხელი ნიკოლას და უმოკლესი გზით მთიდან დაეშვა. ავაზაკებმა გაყოლა ვერ გაბედეს, რადგან სწორედ ამ დროს ფრონტიდან ჩამოვიდა დრაგომირის ძმა ლუბომირი, რომელიც საუკეთესო სნაიპერი იყო. ეტყობა, მისი შიშით საბოლოოდ ხელი აიღეს განზრახვაზე.

ნიკოლა როცა მოიზარდა, ჩელიის სკოლაში მიაბარეს. პატარამ სწავლაში თავი გამოიჩინა.

ჰყვებიან, რომ როცა მისი თანატოლები დასვენებების დროს ცელქობდნენ და თამაშობდნენ, მაშინ ნიკოლა მონასტრის სამრეკლოს მყუდრო ადგილს მონახავდა, სადაც ის წიგნებს კითხულობდა და ლოცულობდა.

ყმაწვილის ნიჭიერება და შრომისმოყვარეობა შენიშნა სკოლის მასწავლებელმა მიხაილო სტუპარევიჩმა და მისი დაჟინებული მოთხოვნით, 12 წლის ნიკოლამ ვალევის გიმნაზიაში განაგრძო სწავლა. მან იქაც თავი გამოიჩინა, როგორც საუკეთესო მოსწავლემ, მაგრამ სწავლის საფასურის გადასახდელად ქალაქელთა ოჯახებში მუშაობამ მოუწია.

გიმნაზიის ექვსი კლასის დამთავრების შემდეგ ნიკოლამ სამხედრო აკადემიაში ჩაბარება სცადა, მაგრამ სამხედრო კომისიამ "ტანდაბლობისა და ვიწრო მკერდის" გამო დაიწუნა. მაშინ მან შემთხვევით გაიგო, რომ ბელგრადის სემინარიაში მისაღები კონკურსი გამოცხადდა. გადაწყვიტა, ზეციური მეუფის მეომარი გამხდარიყო და საბუთები სემინარიაში შეიტანა, თუმცა, თავიდან ადგილობრივმა ეპისკოპოსმა დაიწუნა:

- რად გვინდა ასეთი სუსტი, მოგვიკვდება და ფულსაც ტყუილად დავახარჯავთო, - უთქვამს, მაგრამ მერე მისი დიდი რწმენა და სწავლის სიყვარული რომ დაინახა, შეებრალა და კურთხევა მისცა.

სასულიერო სემინარიაში ნიკოლამ სწავლით თავი გამოიჩინა, ღვთისაგან ბოძებული ტალანტი არათუ დაფლა, არამედ ცდილობდა, რაც შეიძლება გაემრავლებინა. სწავლის დროს მხოლოდ სახელმძღვანელოებით და ლექციების კონსპექტების შესწავლით არ კმაყოფილდებოდა, ზოგადსაგანმანათლებლო ხასიათის წიგნებსაც კითხულობდა, ხელოვნების, კულტურის, სოციოლოგიის სფეროდან. 24 წლის ასაკში მან უკვე წაიკითხა ნეგოში, შექსპირი, გოეთე, ვოლტერი, ჰიუგო, ნიცშე, მარქსი, პუშკინი, ტოლსტოი, დოსტოევსკი და სხვანი. ახალგაზრდა ნიკოლა ყველას აოცებდა თავისი მჭევრმეტყველებით.

მომავალი მონაზონი და ეპისკოპოსი მქადაგებლობის ღვაწლისთვის ემზადებოდა.

მაშინ, როცა მისი თანატოლები დასვენების დღეებში გარეულ იხვებზე ნადირობდნენ, ნიკოლა ტყეში სიყვარულით "დამოძღვრიდა" მუხებს, ერთ-ერთი ქადაგება მოუსმენიათ კიდეც მის ცნობისმოყვარე მეგობრებს. განსაკუთრებით დაამახსოვრდათ სიტყვა, რომელიც მან წარმოთქვა 1902 წელს, გამოსაშვებ აქტზე, რაკოვიცეს მონასტერში.

ბელგრადში სწავლის დროს ნიკოლას უჭირდა, ცუდად იკვებებოდა, მაშინ სემინარიას საერთო საცხოვრებელი არ ჰქონდა, დაქირავებული ნესტიანი ბინის გამო საყმაწვილოთი იტანჯებოდა.

სემინარიის დასრულების შემდეგ ცოტა ხნით ვალევის ახლოს, სოფლებში - დრაჩიჩში და ლესკოვიცეში მასწავლებლობდა. იქ დაუმეგობრდა მღვდელს, მამა საბა პოპოვიჩს და ღვთისმსახურებისას ეხმარებოდა. ზაფხულის არდადეგები ექიმის რჩევით, ზღვაზე გაატარა. იქ გაიცნო და სიყვარულით აღწერა კოტორის ყურის სერბების ცხოვრება.

მალე სახელმწიფო სტიპენდიატი ეკლესიამ სასწავლებლად საზღვარგარეთ გაგზავნა. მან ევროპა აირჩია, ბერნის ძველკათოლიკური და ფილოსოფიის ფაკულტეტი. რამდენიმე წლის განმავლობაში გერმანიისა და შვეიცარიის საუკეთესო უნივერსიტეტებში ისმენდა ლექციებს.

ბერნში სწავლა 28 წლის ნიკოლამ ორი სადოქტორო დისერტაციით დაამთავრა. 1909 წელი ოქსფორდში გაატარა, სადაც სადოქტორო დისერტაცია მოამზადა ბერკლის ფილოსოფიაზე და შემდეგ ჟენევაში ფრანგულ ენაზე დაიცვა.

გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე

წმინდა ნიკოლოზ სერბთან დაკავშირებით ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ სხვა სტატიები - გადადით ლინკზე



სამშობლოში დაბრუნებულს ბელგრადის სემინარიაში უმცროსი მასწავლებლის ადგილი მოუძებნეს, თუმცა მანამდე ევროპაში განსწავლულს მიღებული დიპლომების უფლებამოსილების დამტკიცება მოუხდა. აღმოჩნდა, რომ მას გიმნაზიის მეშვიდე და მერვე კლასები არ ჰქონდა გავლილი, და ამიტომ გიმნაზიის გამოსაშვები გამოცდის ჩაბარება მოუწია, რათა სემინარიაში მასწავლებლობის ნებართვა მიეღო.

საატესტაციო კომისია განცვიფრებული უსმენდა მის მოხსენებას ქრისტეზე და კითხვაც კი არ გასჩენიათ.

როგორც უკვე ვთქვით, იგი ევროპიდან 1909 წლის შემოდგომაზე დაბრუნდა და დიზენტერიით მძიმედ ავად გახდა, საავადმყოფოში თვენახევარი იწვა, მაშინ თქვა: "თუ უფალს ჩემი მსახურება უნდა, გადამარჩენსო". მან აღთქმა დადო, თუ გამოჯანმრთელდებოდა, მაშინვე ბერად შედგებოდა. ნიკოლას ამ გადაწყვეტილებას მისი სასწაულებრივი განკურნება მოჰყვა.

1909 წლის 17 დეკემბერს, მაშინ უკვე ცნობილი ღვთისმეტყველების დოქტორი და ფილოსოფოსი ნიკოლოზ ველიმიროვიჩი ბელგრადის ახლოს, რაკოვიცეს მონასტერში მონაზვნად აღიკვეცა და მთელი ცხოვრება ღმერთს მიუძღვნა.

19 დეკემბერს ბერი ნიკოლოზი დიაკვნად აკურთხეს, ხოლო 20 დეკემბერს - მღვდლად. მან პირველი ქადაგება ბელგრადის საკათედრო ტაძარში წარმოთქვა. მღვდელ-მონაზონის სიტყვები იმდენად შთამბეჭდავი იყო, თვით მოხუცი მეფე პეტრე I ყარა-გეორგევიჩი სუნთქვაშეკრული ისმენდა. მისმა ქადაგებებმა ყველა განაცვიფრა, თითქოს სერბები ლეთარგიული ძილიდან გამოაფხიზლეს. თუმცა ზოგმა მის სიტყვებში კათოლიკური უცნაურობები დაინახა, მისი ცოდნა თითქოს დასავლური, პროტესტანტული სულით იყო დაზიანებული. მათი ეჭვების და ბოროტის მზაკვრობის გასაფანტავდ, სერბეთის მიტროპოლიტის დიმიტრის მოთხოვნით, ის რუსეთში გაიგზავნა, რათა იგი იქ, მეუფის თქმით, "გამართლმადიდებულიყო".

სანქტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში მიღებისას მამა ნიკოლოზმა დამალა მიტროპოლიტ დიმიტრის სარეკომენდაციო წერილი, უცხოეთში მიღებული დიპლომები და სწავლას ისე შეუდგა.

მდუმარედ, უჩუმრად ესწრებოდა ლექციებს, ყველას ეგონა, რომ რუსული ენის სრულყოფილად ცოდნის გარდა, ამ სერბმა მეტი არაფერი იცოდა. მაგრამ, ერთხელაც მან ერთ-ერთ სალიტერატურო-სასულიერო საღამოზე აქტიური მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში. მისმა გამოსვლამ ისე იმოქმედა სანქტ-პეტერბურგის მიტროპოლიტზე, რომ მან უშუამდგომლა ხელისუფლებასთან და ამ ნიჭიერ სერბ მსმენელს რუსეთის იმპერიის მთელ ტერიტორიაზე უფასოდ მგზავრობის ნება მისცეს.

მან ერთი წლის განმავლობაში შემოიარა და მოილოცა რუსეთის წმინდა ადგილები და გაეცნო საეკლესიო ცხოვრებას.

1911 წლის მაისში ბელგრადიდან მამა ნიკოლოზმა დეპეშა მიიღო - სამშობლოში დაბრუნებას უბრძანებდნენ. მალე გაიმართა სერბეთის ეკლესიის სინოდის სხდომა და გადაწყვიტეს, რომ ნიკოლოზ ველიმიროვიჩი იმ დროისთვის ნიშის ეპარქიის ეპისკოპოსად დაედგინათ. ეს თვით მიტროპოლიტ დიმიტრის სურვილი-ინიციატივა იყო.

მაგრამ მამა ნიკოლოზი მღვდელმთავრობისთვის თავს უღირსად თვლიდა და უარი განუცხადა. მის დარწმუნებას თვით მინისტრები და სამეფო კარის წარმომადგენლები ცდილობდნენ, მაგრამ ამაოდ. მან უარი თქვა შვეიცარიიდან მიღებულ შეთავაზებაზე და ბელგრადის სემინარიაში შეუდგა მასწავლებლობას. მამა ნიკოლოზი სემინარიაში ასწავლიდა ფილოსოფიას, ლოგიკას, ფსიქოლოგიას, ისტორიას და უცხო ენებს.

თუმცა, ამით არ დაკმაყოფილდა, ახალგაზრდა, დიდად განსწავლული მღვდელ-მონაზონი ბრწყინვალე ქადაგებებს წარმოთქამდა თავიდან ბელგრადის ეკლესიებში, და მალე მთელ სერბეთში, შემდეგ ლექციების კითხვა დაიწყო სახალხო უნივერსიტეტში და სხვაგანაც. მისი ქადაგებების თემა ყოველდღიური ცხოვრება იყო, მაგრამ ამას ისე ამბობდა, მანამდე არავის რომ არ უთქვამს, რითაც დიდად განაცვიფრა სერბეთის მაშინდელი ინტელიგენცია.

ამასთან, საეკლესიო და საერო ჟურნალებში აქვეყნებდა ნარკვევებს ნეგოშზე, ნიცშეზე, დოსტოევსკიზე და სხვა ფილოსოფიურ-საღვთისმეტყველო თემებზე. სერბეთის სამეფოს ცხოვრებაში თავისი აქტიური მონაწილეობით, რომელიც გამსჭვალული იყო დემოკრატიის სულით და თავისუფალი აზროვნებით, რელიგიურ-ეკლესიურ და საერო საკითხებზე თამამი გამოსვლებით ბევრი აღაფრთოვანა, თუმცა მტრები და მოშურნენიც საკმაოდ გაიჩინა.

1912 წელს მღვდელ-მონაზონი ბოსნიაში, სარაევოში ჩადის სერბული კულტურული საზოგადოების "განათლების" ათი წლის იუბილეზე. ბოსნია ცოტა ხნით ადრე დაიპყრო ავსტრია-უნგრეთის იმპერიამ. თავისი მისასალმებელი სიტყვა მხნე მქადაგებელმა ამგვარი სიტყვებით დაიწყო:

- "მე ჩამოვედი სერბეთიდან, - თავისუფლების კუნძულიდან, რათა თქვენთვის, ჩვენი დამონებული ძმებისთვის გადმომეცა ბელგრადელთა მოკითხვა"... მისმა გამოსვლამ აღაფრთოვანა ბოსნია-ჰერცეგოვინის ახალგაზრდობა და განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერები.
თვითმხილველები ამბობდნენ, რომ მისი წიგნი, "მთის ძირას ნაქადაგები", სახარებასავით ჰქონდათ სერბ ახალგაზრდებს და მასზე იფიცებდნენ, რომ სამშობლოს თავისუფლებისთვის სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლებდნენ.

მისმა სიტყვამ აღაშფოთა ავსტრიელი ოკუპანტები, ჩამოიყვანეს მატარებლიდან, როცა ბელგრადში ბრუნდებოდა და რამდენიმე დღით დაპატიმრებული ჰყავდათ. შემდგომში საერთოდ აუკრძალეს იმპერიის ტერიტორიაზე მიმოსვლა.

სარაევოში ტყვიის გასროლით დაიწყო პირველი მსოფლიო ომი. მართლმადიდებელმა სერბეთმა ერთ-ერთმა პირველმა მოიგერია მტრის შემოტევა. ბელგრადი ფრონტისწინა ქალაქად გადაიქცა.

მოსახლეობა ფეხზე დადგა სამშობლოს დასაცავად. მღვდელ-მონაზონ საბას ომმა კალენიჩის მონასტერში მოუსწრო და თუმცა საყოველთაო მობილიზაცია არ ეხებოდა, ის მოხალისედ მიდის ფრონტის წინა ხაზზე პოლკის მღვდლად. მამა ნიკოლოზი წირავდა, აზიარებდა ჯარისკაცებს, ამხნევებდა, დაჭრილებზე ზრუნავდა.

სერბეთის არმიამ ავსტრია-უნგრეთის ჯარის რამდენიმე შემოტევას გაუძლო, მაგრამ ბულგარელების მიერ ზურგში ჩაცემული მახვილი სერბეთისთვის კატასტროფად იქცა.

სერბული არმიის დარჩენილმა ნაწილმა მოხუც მეფესთან - პეტრე I-თან ერთად თავი ალბანეთის მთებს შეაფარა.

გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე


1915 წლის აპრილში მღვდელ-მონაზონი ნიკოლოზი ნიშში გამოიძახეს, სადაც ომის დაწყებისას გადავიდა სერბეთის ხელისუფლება. მათ მამა ნიკოლოზი დიპლომატიური მისიით გაგზავნეს ამერიკასა და ინგლისში.

ბრწყინვალე ორატორმა, რომელიც სრულყოფილად ფლობდა ინგლისურ ენას, ევროპულად განათლებულმა ფილოსოფოსმა და ღვთისმეტყველმა მარტომ ჩაანაცვლა პროფესიონალ დიპლომატთა მთელი გუნდი.

დღეში 5-6-საათიანი გამოსვლა ჰქონდა, პრაქტიკულად არ ეძინა. კითხულობდა ლექციებს უმაღლეს სკოლებსა და უნივერსიტეტებში, ურთიერთობა ჰქონდა საეკლესიო მოღვაწეებთან, მეცნიერებთან, დიპლომატებთან, სტუმრობდა საერო სალონებს და დიპლომატიურ მიღებებს.

დასავლელ მოკავშირეებს უჩვენებდა სერბეთის გოლგოთას, გააქარწყლებდა მტრების მიერ გავრცელებულ ჭორებს... პირველი უცხოელი იყო, რომელმაც ლონდონში წმინდა პავლეს საკათედრო ტაძრის ამბიონიდან მიმართა ფართო საზოგადოებას და მათი სიმპათია მოი¬პოვა, ცდილობდა, თავისი პოპულარობით დასავლელი მეკავშირეები ეიძულებინა, რომ აღებული ვალდებულებები შეესრულებინათ. ცდილობდა, ნისლიანი ალბიონის მკვიდრთა გაყინული გულების გალღობას.

ერთხელ, ჰაიდ-პარკში, შუა მინდორში დადგა, უბიდან ამოაძრო სალამური, რომელზეც ის ყრმობის წლებში უკრავდა, როცა მშობლების ფარას მწყევსავდა ლელიჩში და დაკვრა დაიწყო. უამრავი ცნობისმოყვარე შეიკრიბა, უცნობი მღვდლის მოსასმენად, რომელიც მათთვის უცხო საკრავზე ასე მშვენივრად უკრავდა.

ხალხმა თავი მოიყარა თუ არა, წმინდა ნიკოლოზმა შეწყვიტა დაკვრა და დაიწყო ქადაგება. ის ლონდონელებს უამბობდა, თუ რაოდენ დიდი იყო ქრისტიანული ევროპა, მოუთხრობდა მათ მშობლიურ სერბეთზე, კოსოვოს მსხვერპლზე, კეთილმორწმუნე მეფე ლაზარეზე, რომელმაც თავი დადო ევროპის თავისუფლებისთვის.

იგივე სიტყვა წარმოთქვა მეფე გეორგ V-ის წინაშე. ერთხელ ბრიტანეთის არმიის მთავარსარდალმა შეხვედრისას სერბ ჯარისკაცებს უთხრა:

- ომის ბედზე არ უნდა ნაღვლობდეთ, რადგან სამი არმია გყავთ, თქვენი საკუთარი, თქვენი მოკავშირეები და მამა ნიკოლოზიო!

წმინდა ნიკოლოზის ლონდონში ყოფნისას, ერთმა ინგლისელმა მქადაგებელმა, გვარად კემბელმა ერთ-ერთ საგაზეთო სტატიაში დაწერა, რომ "სერბები პატარა ტომია თურქეთის სამეფოში, რომლებიც ჩარჩობას მისდევენ, გამოირჩევიან სიბინძურით და ქურდობისკენ არიან მიდრეკილნიო". იმავე გაზეთის შემდეგ ნომერში წმინდა ნიკოლოზის შენიშვნა დაიბეჭდა: - "როცა პირველად ლონდონში ჩამოვედი, თვალში მომხვდა ფირფიტა: "უფრთხილდით ჯიბის ქურდებს. ვიფიქრე, რომ ეს ფირფიტა ოპერატიულად, ჩემი ჩამოსვლისთვის დააყენეს, მე ხომ სერბი ვარ, ქურდობისკენ მიდრეკილი ტომიდან. მაგრამ როცა დავუკვირდი, შვებით ამოვისუნთქე. ეს ფირფიტა ათწლეულებია, რაც იქ კიდია. ჩვენთან, სერბეთში, ასეთი ფირფიტა საერთოდ არ არის".

ერთხელ, ლონდონის ერთ დიდ ტაძარში ერთმა ინგლისელმა მას საჯაროდ ჰკითხა:

- თქვენს მიწაზე თუ არის რაიმე ჩვენი ევროპული არქიტექტურის შედევრების მსგავსი?

მომავალმა მეუფემ მაშინვე უპასუხა:

- ჩვენთან, სერბეთში, არის აზიური არქიტექტურის უნიკალური შედევრი - ჩელე კულას (თავისქალების კოშკი) ეძახიან. ამგვარია მისი აგების ისტორია: - როცა თურქების არმიამ ჩაახშო სერბების აჯანყება, ნიშასკენ წასვლაში ხელი შეუშალა ციხესიმაგრემ, რომელსაც ხუთი ათასი აჯანყებული იცავდა. ბოლოს, თურქები შეიჭრნენ ციხესიმაგრეში, მაგრამ სერბებმა თავი აიფეთქეს და თან იმქვეყნად ათი ათასობით ჯალათი გაიყოლეს. ბასტიონის ადგილას თურქებმა კოშკი ააშენეს და მასში ჩაატანეს ათასობით სერბის თავი, რომელიც მათ სიკვდილის შემდეგ მოჰკვეთეს.

წმინდა ნიკოლოზი ამერიკაშიც აქარწყლებს ანტისერბული პროპაგანდის ცრუ თეზისებს, ჩიკაგოში მის მიერ წარმოთქმულ სიტყვას იმეორებდნენ ადგილობრივი სერბები.

მისი ძალისხმევით და ცნობილი მეცნიერის, მიხაილო პუპინის დახმარებით, სერბი ლტოლვილებისთვის მნიშვნელოვანი მატერიალური დახმარება შეგროვდა. მისი ქადაგებით გულმოცემული ათასობით სერბი ამერიკიდან სალონიკის ფრონტზე მოხალისედ წავიდა, რათა სამშობლო ოკუპანტებისგან გაეთავისუფლებინა.

ომის დასრულების შემდეგ მიხაილო პუპინი ამბობდა: - ის, რაც შუა საუკუნეებში სხვა ხალხების წინაშე სერბეთისთვის გააკეთა წმინდა საბამ, იგივე გააკეთა ჩვენს დროში მამა ნიკოლოზმა ანგლოსაქსურ სამყაროშიო.

ევროპაში არც ერთ სხვა ქვეყანას არ ჰქონია სერბეთისნაირი დანაკარგი.

ომიდან ყოველი მეორე სერბი ვერ დაბრუნდა. თუმცა ამ ომიდან სერბეთი მაინც გამარჯვებული გამოვიდა, ავსტრია-უნგრეთის იმპერიის დამხობით საშუალება მიეცა მართლმადიდებელ სერბებს ერთიანი სახელმწიფოს შექმნისა, რომელიც სამჯერ დიდი იქნებოდა ომამდელ სერბეთზე.

თუმცა პოლიტიკოსებს უფრო დიდი მიზნები ჰქონდათ, მათ "ცივილიზებული სამყაროს" გულის მოსაგებად ეროვნული სახელმწიფოს ვარიანტს იუგოსლავიის შექმნის უტოპიური იდეა არჩიეს - სერბების, ხორვატების და სლოვაკების ერთიანი სახელმწიფო.

ის, რომ ხორვატი და სლოვაკი კათოლიკეები სერბებისგან აბსოლუტურად განსხვავებული მენტალობის ხალხია, მათ ეს არად ჩააგდეს. წმინდა ნიკოლოზ სერბი იუგოსლავიას სერბების კოლექტიურ შეცდომად თვლიდა და შემდგომმა მოვლენებმა სავსებით დაადასტურა მისი სიტყვების სიმართლე.

1919 წლის 25 მარტს მღვდელ-მონაზონი ნიკოლოზი ჟიჩის ეპისკოპოსად გამოირჩიეს. ის ამ დროს ინგლისში იმყოფებოდა. ამჯერად ვეღარ შეძლო უარის თქმა, რადგანაც მისი ცოდნა და ენერგია სამშობლოს და ეკლესიას სჭირდებოდა.

თავის მღვდელმთავრობის პირველ წლებში (1920 წლიდან ის უკვე ოჰრიდის ეპარქიის მღვდელმთავარია) მუდმივად დაკავშირებული იყო სხვადასხვა დიპლომატიურ მისიებთან, ყოველთვის თან ახლდა უცხოეთში საეკლესიო დელეგაციებს. 1921 წელს ამერიკაში სამთვიანი ყოფნისას 140 ლექცია წაიკითხა უნივერსიტეტებში, ეკლესიებში და სხვადასხვა საზოგადოებაში, ამასთან, ყველა მართლმადიდებელ ტაძარში წირა, რომელსაც ესტუმრა.

ერთ-ერთი ასეთი შეხვედრისას ჩიკაგოში, როცა წმინდა ნიკოლოზი აღფრთოვანებით საუბრობდა სხვა რელიგიებზე ქრისტიანობის უპირატესობაზე, ჩიკაგოს მთავარმა რაბინმა ეშმაკურად ჰკითხა:

- ეს ასე როგორ არის ძვირფასო მეუფეო, განა მოსეს სჯული საფუძვლად არ უდევს თქვენს ქრისტიანულ მეცნიერებას?

დარბაზში სიჩუმე ჩამოვარდა. მეუფე ნიკოლოზმა რაბინს მშვიდად შეხედა და ღიმილით უთხრა:

- იცით, ჩემს სოფელში ასეთი ჩვეულება იყო: როცა მზე ამოდიოდა, ნავთის ლამპებს კარადაში ინახავდნენ.

ამის შემდეგ მასთან შეკამათებას ვინღა გაბედავდა, ბევრი ამერიკელი მას უფრო ენდობოდა, ვიდრე თავიანთ პასტორ-მქადაგებლებს.

გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე


გვსურს განსაკუთრებით გამოვყოთ წმინდა ნიკოლოზის, როგორც მღვდელმთავრის, მოღვაწეობა ოჰრიდის, ბიტოლის და შემდეგ - ჟიჩის ეპარქიებში, სადაც ის მთავარეპისკოპოსთა კრებისა და ხალხის სურვილით დააბრუნეს. განსაკუთრებული გავლენა მოახდინა მან უძველეს ოჰრიდის ეპარქიაზე. ულამაზესი ოჰრიდის ტბის პირას, იქ, სადაც დაირწა სლავური დამწერლობის აკვანი, სადაც წმინდა კირილე და მეთოდე მოღვაწეობდნენ, იგი წერს თავის ზოგიერთ თხზულებას, მათ შორისაა "საუბრები ტბის პირას", რომელსაც თანამედროვენი მეორე "ფსალმუნს" ეძახდნენ.

ცნობილია მისი ცხოვრების იმდროინდელი რამდენიმე ეპიზოდი. ერთხელ მან საზიარებლად გამზადებულებს მიმართა:

- დაე, ვინც ღირსეულად ეზიარება მარჯვნივ დადგეს, ხოლო ვინც მზად არ არის - მარცხნივ.

მალე მთელი ხალხი მარცხნივ აღმოჩნდა, მხოლოდ ოთხი კაცი დადგა მარჯვნივ.

- მაშ ასე, - თქვა მღვდელმთავარმა, - ახლა ცოდვილები მივლენ ბარძიმთან და ეზიარებიან უფლის სისხლსა და ხორცს, ხოლო მართლები კი არ მივლენ.

ისინი ხომ უცოდველნი არიან და ზიარება რად სჭირდებათ?

ხალხის ტაძარში მისაზიდად წმინდა ნიკოლოზი სალოსობასაც არ ერიდებოდა. ერთხელ ვირზე უკუღმა შემჯდარმა, თავშიშველმა და ფეხშიშველმა მთელი ოჰრიდი გაიარა, ფეხებს მიწაზე მიათრევდა, თმა-წვერს ქარი უჩეჩავდა.

მღვდელმთავრისთვის შეკითხვა ვერავინ გაბედა. აჩურჩულდნენ: "გაგიჟდა ნიკოლოზი. წერდა, კითხულობდა, ბევრს ფიქრობდა, და აი, შედეგიც - გააფრინა".

კვირა დღეს მთელი ოჰრიდი მონასტერში ლიტურგიაზე შეიკრიბა, ყველას აინტერესებდა, თუ რა დაემართა ეპისკოპოსს.

მან კი ლიტურგია ჩვეულებისამებრ ჩაატარა. ყველა ელოდა, რას იქადაგებდა. ნაწირვებს მეუფე ხალხის წინ დადგა და თქვა:

- რაო, შეშლილი ნიკოლას სანახავად მოხვედით? აბა, სხვა საშუალებებით თქვენ ეკლესიაში ვეღარ მოგიყვანეთ. დრო არასოდეს გაქვთ. თანაც არ გაინტერესებთ. სხვა საქმეა მოდაზე გესაუბროთ. ანდა პოლიტიკაზე, ან ცივილიზაციაზე, იმაზე, რომ ევროპელები ხართ. დღევანდელმა ევროპამ მემკვიდრეობით რა მიიღო?! ევროპამ, რომელმაც ბოლო ომში იმაზე მეტი ხალხი ამოხოცა, ვიდრე აზიამ ათასი წლის მანძილზე?! ეჰ, ძმებო, ნუთუ თქვენ ამ ყველაფერს ვერ ხედავთ? ნუთუ საკუთარ თავზე ვერ გრძნობთ დღევანდელი ევროპის სიბნელესა და ბოროტებას? ვის გაჰყვებით: ევროპას თუ უფალს?

ერთხელ, როცა ოჰრიდში იუგოსლავიის მეფე ალექსანდრე I ჩამოვიდა, მეუფე ნიკოლოზმა მის თვალწინ მეფის სუფრიდან შემწვარი გოჭი აიღო, სარკმლიდან გადააგდო და თქვა:

- თქვენ გინდათ, რომ მართლმადიდებელმა მეფემ მარხვის დღეს გაიხსნილოს?

ოჰრიდმა შეიყვარა თავისი ეპისკოპოსი, უბრალო ხალხი მას მეუფე-პაპას ეძახდა და როცა დაინახავდნენ, საქმეს თავს ანებებდნენ და მის შესახვედრად გარბოდნენ.

ოჰრიდის ძველმა კათედრამაც იმოქმედა წმინდა ნიკოლოზზე. მოხდა მისი სულიერი ფერისცვალება, რომელიც ყველაფერზე აისახა: - მისი საუბრის მანერაზე, მოქმედებაზე, ტანსაცმელზეც კი. ადრე ახალგაზრდა მღვდელ-მონაზონი და დოქტორი ნიკოლოზ ველიმიროვიჩი ცდილობდა, შთაბეჭდილება მოეხდინა გარშემომყოფებზე, თავისკენ მიეზიდა. ლამაზი მანტიით შემოსილი, კარგი მანერებით, მჭევრმეტყველი ორატორი, - ასეთი იყო ოჰრიდამდე პერიოდში.

ოჰრიდსა და ჟიჩში ყოფნისას ის თვითონ და თავის მრევლს აშორებს ყოველგვარ უცხოს, პროტესტანტულ, დასავლურ სულს და დაეწაფება მართლმადიდებლობის ცხოველმყოფელ წყაროს. მას უკვე არად მიაჩნია ერისკაცული დიდება, სძაგს ადამიანთა შექება, ლიტერატურულ წიაღსვლებს უქმად მეტყველებად თვლის, ერისკაცულ ბრძნობას კი - სულიერ სიგლახაკედ. მისთვის ქრისტე გახდა გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მან უარყო ყოველივე და მობრუნდა ქრისტესკენ, თავის ღმერთს მოწყურებული, მართლმადიდებელი ერისკენ. ის, როგორც წმინდა საბა, თავისი ერის დიდებად და სინდისად იქცა.

ძველმა ოჰრიდმა და ათონის მთამ, რომელსაც ყოველ ზაფხულს მოინახულებდა ხოლმე, ჩამოქნა მისი სულიერი სახე. დიდხანს ესაუბრებოდა ათონელ მამებს, ის სტუმრობდა არა მარტო მონასტრებს, არამედ ყველაზე მიუდგომელ კელიებს და მღვიმეებს. მთაწმინდელი განდეგილები, რომლებიც ადამიანებს გაურბიან, მას სიხარულით იღებდნენ და უზიარებდნენ თავიანთ სულიერ გამოცდილებას.

...ოჰრიდის მიტროპოლიტის სახლის აივნიდან ოჰრიდის ტბის მშვენიერი ხედი იშლებოდა. აივანზე გამოიტანდა ხოლმე თავის ტახტს და ვარსკვლავებით მოჭედილი ზეცის ცქერაში იძინებდა. ყოველთვის შუაღამისას წვებოდა, ხუთის ნახევარზე უკვე ფეხზე იყო. მრავალი ღამეც ლოცვაში გაუტარებია.

ძალზე უბრალოდ ცხოვრობდა, და მრევლს მაგალითს აძლევდა. ნებისმიერ დროს ხამი შალის კაბა ეცვა, თავზე კი გახუნებული კუნკული ეხურა. ერთადერთი მსახური ჰყავდა, იქაური ბერიკაცი ფილიპე. თავის პატარა ეპარქიაში ეტლით დადიოდა და მეეტლეც თვითონ იყო. ხშირად ცხენით ანდა ფეხით დადიოდა. ღამე სადაც მოუსწრებდა, იქვე, ღია ცის ქვეშ იძინებდა. ყველასთვის მისაწვდომი იყო, მასთან ადამიანები, როგორც ძველ ნაცნობთან, ისე მიდიოდნენ.

ხშირად უნახავთ, როგორ უვლიდა ღარიბ ავადმყოფ გლეხს, ანდა გზაჯვარედინზე ვინმე გლახაკთან იზიარებდა ტრაპეზს. დაჩაგრულებს ყოველთვის იცავდა, სამართლიანი იყო, ხალხის თავის მოსაქონად არაფერს აკეთებდა, განსაკუთრებით სასტიკი და მკაცრი იყო იმ მოხელეების მიმართ, რომლებიც ქვრივ-ობლებს ჩაგრავდნენ, მეუფე ყველა თავის კავშირსა და ნაცნობობას იყენებდა, რომ დამნაშავე სათანადოდ დასჯილიყო.

1930 წელს, როცა ოჰრიდისა და ბიტოლის ეპარქიები გაერთიანდა, მეუფე ნიკოლოზი ბიტოლში გადასახლდა. მან, უპირველესად, ქალაქის გლახაკებისთვის უფასო სასადილო მოაწყო, ბავშვთა სახლიც დააარსა, სადაც ობლებთან ერთად ღარიბების შვილებიც ცხოვრობდნენ. მეუფეს კაცთმოყვარეობას საზღვარი არ ჰქონდა და სასწაულებს ახდენდა. ომის წინ ამ თავშესაფარში 600- მდე ბავშვი ბინადრობდა.

1934 წელს ეპისკოპოსი ნიკოლოზ ველიმიროვიჩი დაუბრუნდა ჟიჩის ეპარქიის უძველეს კათედრას, ამაზე თვით მეფე ალექსანდრე ყარა-გეორგევიჩმა იზრუნა. ყველგან, სადაც იღვწოდა, მრავალი ძველი ეკლესია, ეკვდერი, სამლოცველო, ძეგლი, ჭა აღადგინა და გააკეთა, არა მარტო სერბთა, გერმანელების საფლავებსაც მიხედა, რისთვისაც იგი ჰიტლერმა გერმანული ორდენით დააჯილდოვა. დიდად დაეხმარა ათონზე მდებარე სერბულ ქილანდარის მონასტერს, იქ კინოვიური წესის აღდგენაში.

გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე


მალე სერბეთის თავზე შავი ღრუბლები გამოჩნდა. მეფე ალექსანდრე პირველის სიკვდილის მერე სერბეთის სამეფო მესაჭის გარეშე დარჩა. რეგენტი - თავადი პავლე, რომელიც მცირეწლოვან უფლისწულს მეურვეობდა, ლიბერალებსა და გერმანოფილებს შორის ლავირებდა.

ამ სიტუაციაში სერბი ერის ერთადერთი რეალური გამომხატველი სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესია იყო, რომლის წიაღში არსებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და მოძრაობებში უამრავი ადამიანი შემოიკრიბა. მათ შორის ყველაზე მრავალრიცხოვანი გახლდათ "ღვთისმლოცველთა მოძრაობა", რომელშიც მილიონზე მეტი მართლმადიდებელი ქრისტიანი გაწევრდა, - ისინი მზად იყვნენ, რეგულარულად ევლოთ ეკლესიაში და მართლმადიდებელი რწმენის წმინდა კანონების მიხედვით ეცხოვრათ, სხვებიც მიეზიდათ. წმინდა სინოდის კურთხევით და ეკლესიური მრევლის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, წმინდა ნიკოლოზი ამ მოძრაობის ლიდერი ხდება. ხოლო ჟიჩის მონასტერი მთავარი ცენტრი სერბი ღვთისმლოცველებისა.

ამ მონასტერში მოეწყო სტამბა მართლმადიდებლური ლიტერატურის გამოსაშვებად. ამიერიდან მეუფე ნიკოლოზის მოციქულებრივი ღვაწლი მთელ ქვეყანაზე გავრცელდა. ღვთისმლოცველებს შორის კრებსითი ერთიანობის სული მეფობდა.

მოძრაობის წევრთა უმეტესობა უბრალო ადამიანები იყვნენ. თუმცა მათში აქტიურად მოღვაწეობდა სამღვდელოება და ინტელიგენცია, მათ შორის იყვნენ დასავლური განათლების მქონენიც. ყველას აერთიანებდა ქრისტეს გულწრფელი სიყვარული და სამშობლოსა და მონარქიისადმი ერთგულება. წმინდა ნიკოლოზი მათ ამის მაგალითს აძლევდა, მან აღადგინა მონასტრების მთელი კომპლექსი ოვჩარ-კაბლარის ხეობაში, რომელსაც სერბეთში მთაწმინდას ეძახიან. მან გააგრძელა ძველი სერბული ტრადიცია "სასულთაოს" (ზადუშბინა) აგებისა. ააშენა ახალი ტაძრები, მათ შორის, - თავის სოფელ ლელიჩში, ცდილობდა მართლმადიდებლობა სერბებისთვის ყოველდღიურ ცხოვრების წესად ქცეულიყო, როგორც სამღვდელო პირისთვის, ისე - ერისკაცისთვის.

1937 წელს მართლმადიდებელ სერბეთს უდიდესი საფრთხე დაემუქრა მთავარმა პავლემ და ხელისუფლებამ პოლიტიკური მეთოდებით რომ ვერ გადაწყვიტა "ხორვატიის საკითხი", დახმარებისთვის ვატიკანს მიმართა.

ქვეშევრდომი კათოლიკეების მიმართ ლოიალობის სანაცვლოდ მმართველი რეჟიმი დათანხმდა რომთან კონკორდატი დაედო, რაც კათოლიკურ ეკლესიას სხვა კონფესიებთან შედარებით უპირატესობას აძლევდა, არსებითად ეს უნიისკენ გადადგმული რეალური ნაბიჯი იყო.

ცოტა ხნით ადრე ხელისუფლებაში შეიყვანეს ხორვატი და სლოვაკი კლერიკალები, ერთი მათგანი კათოლიკე მღვდელი კოროშეჩი შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშნეს.

ხალხის მრისხანების ეშინოდათ და თავიანთი განზრახვა ბოლომდე არ გაამხილეს. მხოლოდ მაშინ გაირკვა, როცა რატიფიკაციისთვის პარლამენტის სხდომაზე გაიტანეს.

ხალხის მრისხანებას საზღვარი არ ჰქონდა. თუმცა იყვნენ ლიბერალი ეპისკოპოსები, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ პოლიტიკაში ეკლესია არ უნდა ჩარეულიყო, მაგრამ წმინდა ნიკოლოზმა თავიდანვე შეურიგებელი პოზიცია დაიკავა, მას სხვა მღვდელმთავრებმაც მიჰბაძეს. პატრიარქ ბარნაბას კურთხევით, სამღვდელოებამ მთელი ქვეყნის მასშტაბით მორწმუნეებს მოუწოდა, ხმა აემაღლებინათ ეროვნული ინტერესების და მართლმადიდებლობის ღალატის წინააღმდეგ.

19 ივლისს, მიუხედავად ხელისუფლების აკრძალვისა, ბელგრადის ტაძრებში ზარები დაირეკა და კონკორდატის წინააღმდეგ მსვლელობა მოეწყო. შინაგან საქმეთა მინისტრმა "არასანქცირებული მსვლელობის დაშლა" ბრძანა. პოლიციამ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მორწმუნეთა შორის მღვდლები და ეპისკოპოსები იყვნენ და ხალხს კეტებით დაერივნენ.

მსვლელობის დაშლა პოლიციამ ვერ მოახერხა, სერბმა ვაჟკაცებმა სათანადო პასუხი გასცეს მათ. მთელ ქვეყანაში საპროტესტო მსვლელობები დაიწყო. თუმცა, სერბეთის პარლამენტმა 23 ივლისს კონკორდატის რატიფიცირება მაინც მოახდინა.

მეორე დღეს გარდაიცვალა პატრიარქი ბარნაბა, ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ იგი მოწამლეს. ხალხის მრისხანებას და აღშფოთებას საზღვარი არ ჰქონდა. იუდა დეპუტატები, რომლებმაც კათოლიკეებთან ერთად ხმა მისცეს კონკორდატს, შიშისგან ქუჩაში გასვლას ვერ ბედავდნენ.

მეუფე ნიკოლოზმა მოუწოდა მთავარეპისკოპოსებს, რომ ყური ეგდოთ ხალხის ხმისთვის... სასწრაფოდ შეიკრიბა მთავარეპისკოპოსთა კრება, მათ დაგმეს მართლმადიდებლობის მოღალატეები და ეკლესიიდან განკვეთეს ისინი. ამან შეაშინა ხელისუფლება და კონკორდატი სენატში დასამტკიცებლად აღარ გაიტანა.

სახელმწიფომ ვალდებულება იკისრა დაზარალებულთა მორალური და მატერიალური ზიანისთვის კომპენსაცია გადაეხადათ. ეკლესიიდანაც ელოდნენ, რომ კონკორდატის მომხრეებისთვის დაწესებულ სასჯელებს გააუქმებდა. მღვდელმთავრების უმეტესობა ამის მომხრე იყო.

წმინდა ნიკოლოზი კი თვლიდა, რომ ვიდრე დამნაშავეები საჯაროდ არ მოინანიებდნენ დანაშაულს, ეკლესიის წიაღში არ უნდა დაებრუნებინათ. და როცა მთავარეპისკოპოსებმა სასჯელი მაინც მოუხსნეს კონკორდატის მომხრეებს, წმინდა ნიკოლოზმა კრების სხდომებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ახალი პატრიარქი გაბრიელი გაგებით შეხვდა მის ამ გადაწყვეტილებას.

...მეუფე ნიკოლოზი ყოველთვის ცხადად ხედავდა სულიერი და მატერიალური სამყაროს ურთიერთკავშირს. ვიდრე საომარი მოქმედებები დაიწყებოდა, ჟიჩში მოვიდა იუგოსლავიის ახალგაზრდა მეფე პეტრე II. ამოწმებენ, რომ მან თავისი თათმანიანი ხელი საამბორებლად ქედმაღლურად გაუწოდა, ხოლო ტაძარში შესვლისას ერთხელაც არ გამოუსახავს ჯვარი და აქეთ-იქით გამომწვევად იხედებოდა. ექვსი წლის შემდეგ ლონდონში განდევნილი მეფე პეტრე ყარა-გეორგევიჩი კვლავ შეხვდა მეუფეს. როცა წმინდა ნიკოლოზი ოთახში შევიდა, მეფე წამოიჭრა, მუხლებზე დაემხო და მღვდელმთავარს ფეხებზე ეამბორა.

- ეჰ, თქვენო ბრწყინვალებავ, - აღმოთქვა აცრემლებულმა წმინდანმა, - გვიანია ფეხების დაკოცნა. უკვე გვიანია. არც არაფრად გამოდგება. ეგ ადრე უნდა გეკოცნა, არა ფეხებზე, არამედ ხელზე. თქვენ თავის დროზე რომ მთხვეოდით წმინდანთა ხატებს, ახლა ჩექმების დაკოცნა არ მოგიწევდათ...

მალე ევროპაში მეორე მსოფლიო ომი დაიწყო. ბალკანეთში იუგოსლავია ერთადერთი სახელმწიფო დარჩა, რომელიც არა მხოლოდ სიტყვით, საქმითაც ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა. დასავლეთიდან ემისრები ემისრებზე მოდიოდა. ისინი სერბებს გერმანელი წარმართებისგან ქრისტიანობის დაცვას ჰპირდებოდნენ. მათ ნათქვამში მუქარაც გამოსჭვიოდა.

1941 წლის მარტის დასაწყისში რეგენტი თავადი პავლე საიდუმლოდ ხვდება ჰიტლერს და სამთა პაქტზე (გერმანია-იაპონია-იტალია) ხელის მოწერას ჰპირდება. 25 მარტს პრემიერ-მინისტრი ცვეტკოვიჩი ვენაში ოფიციალურ პროტოკოლს ხელს აწერს.

იმავე დღის საღამოს მთელი ხალხი ქუჩაში გამოდის და მკაცრად გმობს მთავრობის მოღალატურ აქტს.

27 მარტს შუაღამისას ინგლისისა და ამერიკის სპეცსამსახურები სამხედროთა მცირე ჯგუფის ხელით ამხობენ ყველასთვის საძულველ ხელისუფლებას. ტახტზე აჰყავთ ჯერ ძალზე ახალგაზრდა პეტრე II და პრემიერ-მინისტრად ნიშნავენ შეთქმულთა მეთაურს დუშან სიმოვიჩს.

ზოგი დღემდე თვლის, რომ ამ აჯანყების იდეური სულის ჩამდგმელი წმინდა ნიკოლოზი იყო. მაგრამ ეს ასე არ არის - მეუფე ნიკოლოზს ესმოდა, რომ ეს ფარსი ძვირად დაუჯდებოდა, უპირველეს ყოვლისა, სერბეთს. ერი ისევ რამდენიმე ბანაკად გაიყო. ყველა მხარეს წმინდა ნიკოლოზის ახლობელი ადამიანები ედგნენ სათავეში. ცდილობდა მათ შერიგებას, გონზე მოყვანას.

ჰიტლერი სახელმწიფო გადატრიალების ამბავმა გააცოფა და ბრძანება გასცა, გერმანიის ჯარი თავს დასხმოდა "მზაკვარ" იუგოსლავიას.

1941 წლის 6 აპრილს გერმანიის ჯარები შევიდნენ და სერბეთის ოკუპაცია მოახდინეს.

გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე


მართლმადიდებელმა სერბებმა უთანასწორო და ტრაგიკული ბრძოლა გაუმართეს მსოფლიო ბოროტებას. წმინდა ნიკოლოზმაც მთლიანად გაინაწილა თავისი ერის უბედურება, საზღვარგარეთ არ გაქცეულა, თუმცა ამისთვის პირად თვითმფრინავს სთავაზობდნენ.

"ახალგაზრდა რომ ვყოფილიყავი, ტყეში გავიქცეოდი, ბალახის ფესვებით გამოვიკვებავდი თავს და ბუერას ფოთლებით შევსვამდი ნამსო", - უთქვამს მას. იგი მივიდა ოკუპანტებთან და უთხრა:

- თქვენ ჩემს ხალხს ხოცავთ კრალევოში. ახლა მოვედი თქვენთან, რათა ჯერ მე მომკლათ და შემდეგ ჩემი სულიერი შვილები, რომლებიც დააპატიმრეთ.

არც ფიურერს დავიწყებია წმინდა ნიკოლოზი, სერბეთზე გაცემულ დირექტივაში წერია: "გაანადგურეთ სერბეთის ინტელიგენცია, მოაცილეთ თავი სერბეთის მართლმადიდებელ ეკლესიას, მოაცილეთ ლიდერები - მიტროპოლიტი დოჟიჩი, მიტროპოლიტი ზიმონიჩი და ჟიჩის ეპისკოპოსი ნიკოლოზ ველიმიროვიჩი".

მეუფე დააპატიმრეს, მაგრამ ხალხის ჯანყის შეეშინდათ და ვერ დახვრიტეს. თავიდან ჟიჩის მონასტერში იყო შინაპატიმრობაში. შემდეგ, 12 ივლისს, წმინდა პეტრესა და პავლეს დღესასწაულზე, ლუბოსტინას მონასტერში გადაიყვანეს, სადაც ნახევარი წელი დაჰყო.

ცნობილია, რომ ამ პერიოდში მან უცილობელ სიკვდილს გადაარჩინა ებრაელი დედა-შვილი, თანაც ბავშვის გადაყვანა საჭმლის კალათით მოუხდათ. წმინდა ნიკოლოზს კავშირი ჰქონდა სერბ პარტიზანებთან, ჩეტნიკებთან (ჩეტა - რაზმს ნიშნავს სერბულად) და სულიერად განამხნევებდა მათ.

სწორედ ჩეტნიკები იცავდნენ ფარულად გერმანელების ზედამხვედელობის ქვეშ მყოფ მეუფეს, როცა მას მოკვლას უპირებდნენ სერბი კომუნისტები. რადგან იგი კარგად იცნობდა მარქსისტულ იდეოლოგიას და მკაცრად ამხილებდა მათ სატანურ ხასიათს.

ჩეტნიკების მოძრაობა მეუფეს კურთხევით ბოსნიაში შექმნა პოლკოვნიკმა დრაჟი მიხაილოვიჩმა. გაიმართა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა "პატიოსანი ჯვრისა და ბაჯაღლო თავისუფლებისთვის".

1942 წლის 3 დეკემბერს გერმანელების ავტოკოლონამ 14 მანქანითა და სატვირთოთი მეუფე ნიკოლოზი, თავის ძმისშვილ იოვანესა (შემდგომში შაბაცკის ეპისკოპოსი) და მღვდელ-მონაზონ ვასილისთან (კოსტიჩი, შემდგომში ჟიჩის ეპისკოპოსი) ერთად ბოილოვიცეს მონასტერში გადაიყვანეს.

1943 წლის მაისის ბოლოს აქვე მიიყვანეს სერბეთის პატრიარქი გაბრიელი (დოჟიჩი). პატრიარქი თავს დათრგუნვილად გრძნობდა, თანაც ადრინდელი ავადმყოფობისგან არ იყო გამოკეთებული. იოვანე ველიმიროვიჩი იგონებდა: "ყოველდღიურად ღვთისმსახურებას აღვასრულებდით მეუფე ნიკოლოზის ოთახში, კვირაობით და დღესასწაულებზე გერმანელები ტაძარს აღებდნენ და იქ წირვის ჩატარების ნებას იძლეოდნენ...

მეუფე მთელ ღამეებს სამშობლოსათვის აცრემლებული შეჰღაღადებდა ღმერთს და უფრო სულით იტანჯებოდა, ვიდრე სხეულით". მართლაც, რომ საშინელი დრო იყო, ქვეყნის დასავლეთით ოკუპანტებმა ხორვატების დამოუკიდებელი სახელმწიფო შექმნეს.

ხორვატმა უსტაშებმა ხორვატიის ტერიტორიაზე მცხოვრები მართლმადიდებლური მოსახლეობის გენოციდი მოაწყეს და 4 მილიონამდე კაცი გაანადგურეს. მარტო ერთ - იასოვენეცის საკონცენტრაციო ბანაკში სხვადასხვა მონაცემით 600 000-დან 1 200 00 კაცამდე გაანადგურეს.

გერმანელებმა ვერა და ვერ გატეხეს წმინდა ნიკოლოზი. 1944 წლის 15 დეკემბერს იგი, პატრიარქ გაბრიელთან ერთად, გერმანიის ტერიტორიაზე, დაჰაუს საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს. ეს იყო დრო, როგორც წმინდა ნიკოლოზი ამბობდა: - "როცა ცოცხლები მკვდრებს შენატროდნენ".

წმინდა ნიკოლოზი ადვილად დაითმენდა ყველა სიმძიმესა და გაჭირვებას, უვლიდა და კვებავდა პატრიარქ გაბრიელს, იცავდა ყველანაირად, თუმცა თვითონაც სუსტი იყო ფიზიკურად.

ერთხელ, როცა მათ ბანაკის ფეხისალაგის დასუფთავებისას არაწმინდების გამოტანა მოუწიათ. მეუფე ნიკოლოზმა ვეღარ გაუძლო და დაეცა, მცველმა მათრახი გადაჰკრა და ამით შეახსენა, რომ უნდა წამომდგარიყო. იქვე იმყოფებოდა ბანაკის კომენდანტი, რომელმაც დაცინვით ჰკითხა პატრიარქს:

- როგორ მოგწონთ აქ ყოფნა?

მეუფე ნიკოლოზმა გადაუთარგმნა პატრიარქს. პატრიარქმა უკმაყოფილად შეხედა კომენდანტს და უთხრა:

- უთხარი მას, ბრმაც კი ხედავს, რომ მათი აღსასრული გადაწყვეტილია და თავიანთი საქმეების შესაფერის საზღაურს მიიღებენ.

კომენდანტმა რევოლვერზე იკრა ხელი და წმინდა ნიკოლოზს ჰკითხა:

- რაო, რას ყბედობს?

მეუფემ მშვიდად შეხედა ქედმაღალ ესესელს და "გადაუთარგმნა":

- უწმინდესი პატრიარქი გაოცებულია თქვენი ორგანიზაციის სრულყოფილებით და იდეალური წესრიგით, ჩვენ აქ თავს კარგად ვგრძნობთ; მაგრამ ის გთხოვთ, რადგანაც ჩვენ მაინც ეკლესიის წარმომადგენლები ვართ და თანაც უკვე მოხუცებულები, გაგვათავისუფლეთ ამ სამუშაოსგან.

ესესელმა ვერ გაუძლო მეუფე ნიკოლოზის მზერას, ღირსეულსა და არამიწიერს და იმ დღიდან ორივე ტყვე ყოველგვარი ფიზიკური სამუშაოსგან გაათავისუფლეს.

"ზოგჯერ, - ამბობდა წმინდა ნიკოლოზი, - ბანაკის რომელიმე კუთხეში განმარტოვდები და იმეორებ: "მტვერი და ნაცარი ვარ, უფალო, ამოიღე სული ჩემი!" და უეცრად სული ზეცაში აიწევა და ღმერთს პირისპირ ხედავ. მაგრამ, ვეღარ უძლებ და ევედრები: "ჯერ მზად არ ვარ უფალო. დამაბრუნე უკან". შემდეგ ისევ ზიხარ და საათობით იმეორებ: "მტვერი და ნაცარი ვარ უფალო, ამოიღე სული ჩემი!" და კვლავ აღგიტაცებს უფალი... რომ შესაძლებელი იყვეს, მთელ ჩემს დარჩენილ ცხოვრებას მივცემდი, ოღონდ კი ერთი საათით კიდევ მეცხოვრა დაჰაუში".

დასასრული იხილეთ შემდეგ გვერდზე



წმინდა ნიკოლოზი ასევე ჰყვებოდა: "ხანდახან ჩემთან მოდიოდნენ ხოლმე ციხის თანამშრომლები და დაცინვით მეკითხებოდნენ:

- შენ გწამს, რომ იესო ქრისტე ღმერთია?

- არა, - ვპასუხობდი.

- ესე იგი უკვე აღარ გწამს?

- არა მწამს, მაგრამ ვიცი, - იყო ჩემი პასუხი და ისინი გაბრაზებულები მშორდებოდნენ, მაგრამ შემდგომში ისევ უბრუნდებონენ საუბარს:

- მართალია, რომ შენი იესო ერთი ურიის შვილი იყო?

- არა, - მივუგე.

- მაშინ აბა, ვისი შვილი იყო?

- ძე იყო კაცისა, - ვუპასუხე და მათ აღარ იცოდნენ, კიდევ რა ეთქვათ".

ერთხელ ერთმა ახალგაზრდა გერმანელმა ოფიცერმა, ხედავდა რა მეუფე ნიკოლოზის არაჩვეულებრივ გონებას და განათლებას, მასთან სერიოზულად გასაუბრება გადაწყვიტა:

- ნუთუ თქვენ მართლა გწამთ ღმერთის?

- არა, არ მწამს.

- მიხარია კულტურული ადამიანის ნახვა. ბავშვობაში მწამდა, რადგან ასე მასწავლიდნენ, მაგრამ ახლა საერთოდ არ მწამს.

- ჩემ შემთხვევაში სხვანაირადაა, - თქვა მეუფემ, - როცა ბავშვი ვიყავი, მწამდა. ახლა კი რწმენა არაფრად მჭირდება, რამეთუ ვიცი, რომ ღმერთი არსებობს. ჩემი რწმენა განსაცდელის მიერ ცოდნად იქცა. ახლა ვიცი, რომ ღმერთი არსებობს.

1945 წლის მიწურულს მღვდელმთავრები ვენაში გადაიყვანეს, რათა რომელიღაც გერმანულ გეგმაში მიეღოთ, მაგრამ მათ ამაზე უარი განუცხადეს. საბოლოოდ, ტყვე მღვდელმთავრები 1945 წლის 8 მაისს მოკავშირეებმა გაათავისუფლეს.

გარკვეული ხნის შემდეგ პატრიარქი გაბრიელი სამშობლოში დაბრუნდა, რაც ვერ შეძლო წმინდა ნიკოლოზმა. საბჭოთა ჯარების დახმარებით იუგოსლავიის სათავეში სერბთმოძულე იოზეფ ბროზ ტიტო მოვიდა.

ანტიფაშისტური ბრძოლა რომელიც ჩეტნიკებმა დაიწყეს, კომუნისტ პარტიზანებს მიეწერა. ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი დრაჟა მიხაილოვიჩი ცრუ ბრალდებებით დააპატიმრეს და საპყრობილიდან ცოცხალი ვეღარ გამოვიდა. ყველაფერ ეროვნულს, სერბულს, დევნიდნენ, სერბული კირილიცა - სერბული მართლმადიდებლური დამწერლობაც კი გააუქმეს და ყველგან ხორვატული ლატინიცა შემოიღეს.

წმინდა ნიკოლოზი კომუნისტებმა მტრად გამოაცხადეს და ამგვარ პირობებში მას უბრალოდ საზღვარზეც არ გადაუშვებდნენ. ლტოლვილი მღვდელმთავარი ბრიტანეთში გაემგზავრა, მაგრამ იქ ორ კვირაზე მეტხანს დარჩენის ნებართვა არ მისცეს.

1946 წელს სერბული დიასპორის დახმარებით წმინდა ნიკოლოზმა ამერიკაში ცხოვრების ნებართვა მიიღო. ის იქაც განაგრძობდა აქტიურ მისიონერულ მოღვაწეობას, განამტკიცებდა უძლურებს, შეარიგებდა მტრად წაკიდებულებს, ასწავლიდა სახარებისეულ რწმენას და მიჰყავდა მრევლი ქრისტესკენ. მასწავლებლობდა ლიბერტიველის წმინდა საბას სერბულ მონასტერთან არსებულ სემინარიაში, ასევე ნიუ-იორკის წმინდა ვლადიმერის აკადემიაში, ჯორდვანილის წმინდა სამების და პენსილვანიაში - წმინდა ტიხონის სახელობის სემინარიებში.

წმინდა ნიკოლოზი 1956 წლის 5 (18) მარტს წმინდა ტიხონის მონასტერში გარდაიცვალა. 27 მარტს იგი ლიბერტიველის წმინდა საბა სერბის სახელობის მონასტერში, ტაძრის საკურთხევლის გვერდით დაკრძალეს.

როდესაც სამშობლოში წმინდა ნიკოლოზის გარდაცვალების ამბავი შეიტყვეს, ბევრ ეკლესიასა და მონასტერში გლოვის ზარი ჩამოკრეს. წმინდა ნიკოლოზის ანდერძი, რომ მშობლიურ ლელიჩში დაეკრძალათ, მოგვიანებით შესრულდა. 1991 წლის 3 მაისს ნატანჯი მღვდელმთავრის ნეშტი სამშობლოს დაუბრუნდა. ბელგრადის აეროპორტში მას დახვდა სერბეთის პატიარქი პავლე, სამღვდელოებასა და უამრავ ხალხთან ერთად. 3-5 მაისამდე წმინდა ნიკოლოზი ვრაჩარში, წმინდა საბას სახელობის ეკლესიაში იყო დასვენებული, 5-12 მაისამდე კი - ჟიჩში. 12 მაისს წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილები მის მშობლიურ სოფელში, წმინდა ნიკოლოზ მირონლუკიელის სახელობის ტაძარში დაასვენეს.

წმინდა ნიკოლოზ სერბის მიერ მოხდენილ აურაცხელ სასწაულთაგან ერთ-ერთ მათგანს, ფრიად საგულისხმო ამბავს მოგითხრობთ:

ერთმა ვალეველმა ყმაწვილმა, რომელიც ნარკოტიკებს ყიდიდა, შესაწირი მოიტანა ლელიჩის მონასტერში. მან დიდხანს ილოცა წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილებთან, შემდეგ კი სოლიდური თანხა ამოიღო ჯიბიდან და წმინდანის ლუსკუმაზე დადო.

მონასტრის კარიბჭეს რომ გამოსცდა, დილერმა სიგარეტის ამოსაღებად ჯიბეში ხელი ჩაიყო და გაშეშდა: - ჯიბეში ის ფული ედო, რომელიც ტაძარში დატოვა.

გაიქცა ტაძარში. ლუსკუმაზე ფული არ დახვდა - წმინდა მეუფეს არ უნდოდა, მისი ჭუჭყიანი, ცოდვიანი, თუნდაც შთამბეჭდავი საჩუქარი. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ნარკოდილერის დაცვას წმინდანი არ აპირებდა.

ვალევოში მიმავალი ჭაბუკი მთელი გზა თრთოდა. ერთი თვის შემდეგ ლელიჩში დაბრუნდა და აღსარება თქვა. იქ მონასტერში შეიძინა სულიერი წინამძღვარი, რომელთანაც ეს მონანული ავაზაკი უთუოდ წმინდა ნიკოლოზმა გაგზავნა. მალე ყოფილი დილერი ათონზე, ქილანდარის მონასტერში შედგა მონაზვნად.

წმინდა ნიკოლოზ სერბი ავტორია თხზულებათა 15 ტომისა.

ხატის წყარო


......................

წმინდა ნიკოლოზ სერბთან დაკავშირებით ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ სხვა სტატიები - გადადით შემდეგ გვერდზე



აქვე შეგიძლიათ წაიკითხოთ:

თვალები, რომელთაც ღმერთი იხილეს.

წმინდა ნიკოლოზ სერბი - ნუ გაქურდავ სამშობლოს

წმინდა ნიკოლოზ სერბი - დიდება დიდმოთმინებასა შენსა, უფალო!












იხილეთ დასაწყისი




ბეჭდვა
1კ1