წმინდა ვირგილიუსი, არლელი არქიეპისკოპოსი (+618) - 5 (18) მარტი
წმინდა ვირგილიუსი, არლელი არქიეპისკოპოსი (+618) - 5 (18) მარტი
ეს წმინდა კაცი აქვიტანიაში VI საუკუნის დასაწყისში დაიბადა და ლერინის სახელგანთქმული სავანის მონაზონი გახდა.

წმინდა ვირგილიუსი მონასტერში უმკაცრეს ღვაწლს მიეცა, ყოველგვარ მიწიერს განეშორა და ზეცის გარდა არავის ეზრახებოდა.

მოვიდა დრო და, ღვთის ნებით, წმინდა მამას ოტანაში, წმინდა სიმფორიანის მონასტრის წინამძღვრად უხმეს.

ეს სიკეთით და სიქველით აღვსილი მამა უფალმა მალე იმდროინდელი გალიის უპირველესი საეპისკოპოსოს მღვდელმთავრად გამოირჩია, თუმცა, ძველი, ბერული შინაგანი ცხოვრება არ დაუგდია და ყოველ ტვირთმძიმეს მოსიყვარულე მამად ექცა.

სწორედ წმინდა ვირგილიუსის ძალისხმევით აიგო ღვთის სადიდებლად მის მშობლიურ ქალაქში ორი ტაძარი და ერთი მონასტერი. მისი ლოცვით მშენებლებმა იოლად შეძლეს უმძიმეს სვეტთა აღმართვა, სხვა დროს კი წმინდა მამამ თვალის ჩინი დაუბრუნა ბრმადქმნილს, რომელიც მას რწმენით მიეახლა.

იმასაც ამბობენ, რომ ქრისტეს ამ რჩეულის ლოცვით მრავალი გარდაცვლილი აღდგა მკვდრეთით.

ღირსი მამა წმინდა პაპის, გრიგოლის (ხსენება 12 მარტს) დიდი ნდობით და სიყვარულით სარგებლობდა. სწორედ მისი კურთხევით დაასხა ხელი 597 წელს მეუფე ვირგილიუსმა კენტერბერიის მღვდელმთავრად წმინდა ავგუსტინეს (ხსენება 16 მაისს).

წმინდა მამამ 618 წელს განისვენა. მისი სხეული ისე კეთილსურნელებდა, თითქოს ყველა გაზაფხულის ყვავილი ერთდროულად გაიფურჩქნა. მის საფლავთან შემდგომაც მრავალი სასწაული აღესრულა.

მეოხ გვექმნეს მისი წმინდა ლოცვანი ღვთის წინაშე!

ხატის წყარო

* * *

ამავე დღეს არის ხსენება მოწამისა ირაიდასი (+დაახლ. 308-310)

ამ მოწამის მოღვაწეობის დრო და ადგილი უცნობია.

ბეჭდვა
1კ1