"გულით ამოწმებდა სიმართლეს, ხოლო ბაგეებით აღიარებდა ცხონებას"
"გულით ამოწმებდა სიმართლეს, ხოლო ბაგეებით აღიარებდა ცხონებას"
პირველი წმინდანი
კაცის ცხოვრების მიზანი უფალთან მისვლა ანუ ცხონებაა. ღმერთს მცირე ნაკლითაც კი ვერ მიეახლები ანუ ვერ შეხვალ ცათა სასუფეველში. სამოთხეში დამკვიდრებული სრულიად განწმენდილი და განღმრთობილია - წმინდანია. პირველი, ვინც კი სამოთხეში შევიდა ანუ წმინდანი გახდა, იყო უფლის მარჯვნივ ჯვარცმული ავაზაკი. რატომ მოხდა ისე, რომ უდიდესი პატივის ღირსი არა წინასწარმეტყველები, არა ადამი და ევა, არა იოანე ნათლისმცემელი, არა უფლის უახლოესი მოციქულები, არამედ ავაზაკი შეიქმნა? ამას თავისი ობიექტური და სამართლიანი მიზეზები ჰქონდა. მოციქულები მაცხოვრის მიწაზე მოღვაწეობის დიდებულების ჟამის მომსწრენი იყვნენ, მიუხედავად ამისა, ერთმა მოწაფემ გაყიდა მოძღვარი, მეორემ სამგზის უარყო, დანარჩენები კი შიშისაგან გაიფანტნენ, როცა მაცხოვარი ჯვარზე გააკრეს. ავაზაკი იესო ქრისტეს თავისნაირვე მდგომარეობაში ხედავს. ანუ მაცხოვარს ხედავს უკიდურესად დამდაბლებულს და მიუხედავად ამისა, ღმერთად შეიცნობს. ეს შეცნობა კი დიდი სინანულისა და აღიარების გზაზე გადიოდა და ამიტომაც ჭეშმარიტად დაიმსახურა მან ის ჯილდო, რასაც დაჰპირდა კაცობრიობის გამომხსნელი. ამით ავაზაკი პირველი წმინდანი შეიქმნა და პირველი მეოხი გახდა ჩვენი უფლის წინაშე. ხოლო ეს ამგვარად აღესრულა:

იესოს ჯვარზე გაკვრის შემდეგ "ჯვარს-აცუნეს მისთანა ორნი ავაზაკნი, ერთი მარჯუენით მისა, და ერთი მარცხენით", რათა წმინდათა შორის წმინდა, ჯვარზე გაკრული, გამოჩენილიყო უდიდეს ბოროტმოქმედად, ავაზაკთა მთავრად. ეშმაკს, - წმინდა ოქროპირის შენიშვნით, - ამით უფლის დამდაბლება სურდა, მაგრამ წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, ისე განადიდა იგი იმიტომ, რომ ამით შესრულდა ერთი წინასწარმეტყველებათაგანი - იესო ქრისტე შეირაცხა უსჯულოებთან. ძველი გადმოცემა უფლის მარჯვნივ ჯვარცმულ ავაზაკს უწოდებს დისმასოს, ხოლო მარცხნივ მყოფს - გესტასოს. ისინი იყვნენ ბარაბას თანამზრახველნი ყაჩაღობასა და მკვლელობებში. იესოს ჯვართან ისმოდა ლანძღვა და დაცინვა. "ხოლო თანა წარმავალნი იგი ჰგმობდეს მას", სიძულვილის ნიშნად, "ჰყრიდეს თავთა მათთა და იტყოდეს: რომელი დაჰხსნიდ ტაძარსა მას და მესამესა დღესა აღაშენებდ!", თუ შენ მართლა ასეთი დიდი სასწაულმოქმედი ხარ, მაშინ "იხსენ თავი თვისი, უკუეთუ ძე ხარ ღმრთისა, გარდამოჰხუედ მაგიერ ჯუარით". როგორი ღვთის ძე ხარ შენ, თუ არ შეგიძლია შენი თავის ხსნაც კი ჯვრის სირცხვილისა და სიკვდილისაგან?.. ძნელი მისახვედრი არ არის, ვინ გაჰყვიროდა ამას - დაქირავებული მსახურები სინედრიონისა, იგივე ცრუ მოწმენი, რომელთაც უკვე დასწამეს ცილი უფალს წინა ღამეს, სინედრიონის პირველ სხდომაზე. ახლაც მათ ჩააგონეს, რა უნდა ეყვირათ. როგორი სიზუსტით შესრულდა ის, რასაც თავის თავზე ამბობდა მესია დავითის პირით: "ყოველი, რომელი მხედვიდეს მე, მეკიცხვიდეს მე, იტყოდეს ბაგითა, და ხრიდეს თავთა" (ფს. 21,8). ხოლო ეს - "გარდამოჰხედ მაგიერ ჯუარით" - როგორ გვახსენებს ჯერ კიდევ იესოს ქვეყნიური მოღვაწეობის დასაწყისში, მისი ორმოცდღიანი მარხვისას, სატანისგან შეთავაზებულს: "თუ შენ ხარ ძე ღვთისა, გადაიგდე თავი". ცხადია, რომ ახლაც სადუკეველთა მსახურების პირით მეტყველებდა იგივე მაცდური ჯოჯოხეთისა, ახვევდა უფალს აზრს, გამოეყენებინა თავისი ყოვლისშემძლე ძალა ჯვარზე აუტანელი ტკივილისაგან თავის დასახსნელად... ჯოჯოხეთის სულის მოწმობა განსაკუთრებული ძალით იგრძნობოდა ტანჯული იესოს მიმართ ბოროტ სიხარულსა და დაცინვაში. სატანა თავისი საგმობი აზრებით ცდილობდა მის წმინდა სულში შეღწევას. მღვდელმთავართაც კი ვერ შეიკავეს თავი, არ შერცხვათ თავიანთი ჭაღარისა, არ მოერიდათ თავიანთი დიდი წოდებისა, დადგნენ თავიანთი მსახურების გვერდით, უმაღლესი სამსჯავროს წევრებთან, "ემღერდეს მწიგნობართა თანა და მოხუცებულთა, და ფარისეველთა", დასცინოდნენ ქრისტეს მიერ მოხდენილ სასწაულებს, და ერთმანეთში იტყოდნენ: შეხედეთ, სხვანი აცხოვნა, სხვები გადაარჩინა უბედურებებს, სატანჯველს, საშიშროებას, ხოლო თავი თვისი "ვერ ძალ-უძს ცხოვნებად". დაე, იხნას თავი, თუ იგი მართლა ქრისტეა, ღვთისაგან გამორჩეულია!

KARIBCHE KARIBCHE

წიგნიერი ხალხი მსჯელობდა წიგნიერად. ქრისტე ღვთის რჩეულად იწოდება ისაია წინასწარმეტყველისგან (ის. 42,1). ჩანს, სურთ ხალხს დაანახონ, რომ მათ იციან წერილი, გამოიკვლიეს იგი და, მაშასადამე, იციან, რასაც ამბობენ, ამიტომ უნდა ერწმუნოს მათ ნათქვამს ხალხი! მართლაც, თუკი იგი იყო მესია, განა ბევრი სჭირდებოდა იმას, რომ დაემტკიცებინა ეს? უკეთუ მეუფე ისრაელისა არს, როგორც მიაწერა მას პილატემ, დაე, ახლავე გარდამოჰხედინ აწ მაგიერ ჯუარით და ჩვენ გურწმენეს იგი, მივიღებთ მას მესიად, - ამბობდნენ ისინი.

"ეგრეთვე ავაზაკნი იგი, მისთანა ჯუარ-ცმულნი, აყუედრებდეს მას". წმინდა მათე მოკლედ ამბობს: მას სურს მიუთითოს, რომ არ მარტო ანა და კაიაფა, მწიგნობრები და ფარისევლები, ჰეროდე და პილატე, არამედ ბოროტმოქმედნიც კი, რომლებსაც თავად ჰქონდათ მისჯილი მეტად სასირცხვო და საშინელი სასჯელი, არ ინდობდნენ ჩვენს უფალს. წმინდა ლუკა უფრო დაწვრილებით მოგვითხრობს: მხოლოდ ერთი ჯვარზე გაკრულ ავაზაკთაგან აყვედრებდა მას: "შენ თუ ხარ ქრისტე, იხსენ თავი შენი და ჩვენც". ასე არ მოიქცა მისი მეგობარი, იესო ქრისტეს მარჯვნივ გაკრული. იგი საყვედურობდა მგმობელს: "არცაღა გეშინის შენ ღმრთისა, რამეთუ მასვე საჰსჯელსა შინა ხარ? და ჩუენ სამართლად ღირსი, რომელი ვჰქმენით, მოგვეგების, ხოლო ამან არა უჯერო ჰქმნა!" და კეთილგონიერმა ავაზაკმა ნაღვლიანი მზერა გადაიტანა იესო ქრისტეზე და უდიდესი, გულითადი და ღრმა რწმენით წარმოთქვა სამუდამოდ დასამახსოვრებელი, სულის შემძვრელი ლოცვის სიტყვები: "მომიხსენე მე, უფალო, ოდეს მოჰხვიდე სუფევითა შენითა!" - და უფალმა მიუგო: "დღეს ჩემთანა იყო სამოთხესა". ასე იქნა დაჯილდოებული რწმენა, სინანული, თავმდაბლობა და საკუთარი თავის დადანაშაულება კეთილგონიერი ავაზაკისა! "მას თავისუფალი დარჩენილი ჰქონდა მხოლოდ გული და ბაგენი და იმანაც ყოველივე ეს მიუძღვნა ღმერთს. გულით ამოწმებდა სიმართლეს, ხოლო ბაგეებით აღიარებდა ცხონებას"...

მოამზადა
ლევან დავითაშვილმა
ბეჭდვა
1კ1